Thumbnail

ნაპოლის ქართველი ლეგიონერი ხვიჩა კვარაცხელია უკმაყოფილო დარჩა ბოლონიასთან მატჩში თავისი თამაშით და შეცვლისას ამის დამალვა არ უცდია. მომხდარის შესახებ დეტალებზე Calcio Napoli 1926 წერს.

"გუშინ, როდესაც ბოლონიასთან მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელიას სათადარიგოთა სკამისკენ უხმეს, ის აღტაცებული ნამდვილად არ ყოფილა. ქართველმა ტალანტმა მე-2 ტაიმის შუაწელს მინდორი აშკარად გაბრაზებულმა დატოვა. ნათელი იყო, რომ ის თავისი თამაშით კმაყოფილი არ იყო, სკამისკენ თავჩაღუნული გაეშურა, რასპადორის, რომელიც მის მაგივრად უნდა შესულიყო, მხოლოდ ფორმალურად მიესალმა და იგივენაირად მოიქცა მწვრთნელის მისამართითაც.

კვარაცხელია შეეცადა მაქსიმალურად მალევე მისულიყო სათადარიგოთა სკამზე თავის ადგილამდე, მისი დამშვიდება კი ჯოვანი დო ლორენცომ სცადა. ნაპოლის კაპიტანმა ხვიჩას თავზე ხელი გადაუსვა და ეს მისგან ნამდვილად მაგარი ჟესტი იყო. ცხადია, რომ კვარაცხელიას ბრაზს თავისი საფუძველი გააჩნდა. მატჩის უმეტესი ნაწილი სპალეტი მისგან მეტ ჩართულობას ითხოვდა მაშინ, როდესაც ბურთი მეტოქეს გააჩნდა.

“ასეთ მომენტებში ყველას დახმარება არის საჭირო. ამასთან, შუალედური რგოლი გვჭირდებოდა, რათა ბურთი კარგად ამოგვეტანა და ის ოსიმენამდე ხშირად მისულიყო. კვარაცხელიას სწორედ ამას ვთხოვდი, რადგანაც ბურთის კონტროლი კარგად შეუძლია და გარკვეულ სიტუაციებში ეს თავის თავზე უნდა აეღო”, - განაცხადა ნაპოლის მწვრთნელმა.

ხვიჩა კვარაცხელია ბოლონიასთან მატჩში

შეგახსენებთ, რომ ბოლონიასთან მატჩი 2:2 დასრულდა. დუბლის შესრულება სწორედ ვიქტორ ოსიმენმა მოახერა და ის და ხვიჩა 66-ე წუთზე ერთდროულად შეცვალეს. ნაპოლიმ იტალიის ჩემპიონობა ისტორიაში მესამედ, 33-წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა და ამაში კვარაცხელიამ დიდი როლი ითამაშა: მას სერია A-ში 12 გოლი და 13 საგოლე პასი მოუგროვდა.

სხვა საქმეა, რომ მარტის შემდეგ, ზედიზედ 13 ოფიციალური შეხვედრაა, ხვიჩას არც გოლი გაუტანია და არც საგოლე პასი გაუკეთებია, რაც მისი კარიერის ყველაზე ცუდი სერიაა. ამ პერიოდში 22 წლის ქართველმა ნახევარმცველმა მხოლოდ 1 პენალტის გამომუშავება მოახერხა.

კომენტარები

ბოლო ამბები