Thumbnail

წინსვლა საქართველოსთვის პრობლემატურ წონაში - IJF-ის ახალი რეიტინგი

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ლინცის გრან პრის მედალოსნები დვალაშვილი და გოჩილაიძე რეიტინგში დაწინაურდნენ
  • შვიდიდან ოთხ წონით კატეგორიას ისევ ქართველი ძიუდოისტები ლიდერობენ

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) ავსტრიის გრან პრის შემდეგ რეიტინგი განაახლა და ცვლილებები იმ ქართველ ძიუოდოისტებსაც შეეხოთ, რომელთაც თავი ლინცში გამოიჩინეს. შეგახსენებთ, რომ ზაურ დვალაშვილმა და დიმიტრი გოჩილაიძემ ავსტრიაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს და კლასიფიკაციაში შესამჩნევი წინსვლაც განიცადეს.

საგულისხმოა, რომ ორივე ხსენებული ძიუდოისტი 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში ასპარეზობს, რომელიც საქართველოს ნაკრებისთვის პრობლემატურია. მართალია, წონის ლიდერი ტატო გრიგალაშვილია, თუმცა, მის შემდეგ, ქართველი ძიუდოისტები დიდი წარმატებით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდნენ.

ლინცის გრან პრის შედეგებით, დვალაშვილი 15 ადგილით დაწინაურდა და 50-ე პოზიციამდე აღზევდა, 52-ეა გიორგი შერაზადიშვილი, ხოლო გოჩილაიძემ ერთბაშად 28 საფეხურით წაიწია და მე-60 ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ 7 წონითი კატეგორიიდან ოთხს ისევ ქართველი ძიუდოისტები ლიდერობენ და ეს, ისტორიული მაჩვენებელია. ახლა, თითოეულ წონაში შექმნილ ვითარებასაც გადავავლოთ თვალი.

60 კგ.

ამ წონაში მე-5 ადგილი შეინარჩუნა გიორგი სარდალაშვილმა (4 906 ქულა), რომელმაც გასულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 19 წლის ქართველი ძიუდოისტი მხოლოდ ფრანსისკო გარიგოსს (ესპანეთი, 5 734), იუნგ ვეი იანგს (ტაივანი, 5 575), ჰარიმ ლისა (სამხრეთ კორეა, 5 270) და ბალაბაი აღაიევს (აზერბაიჯანი, 5 081) ჩამორჩება. ლუხუმ ჩხვიმიანი (2 262) ოცდამეერთეა, თემურ ნოზაძე (2 125) – 23-ე, ხოლო ჯაბა პაპინაშვილი (933) – 42-ე.

66 კგ.

ვაჟა მარგველაშვილი 4 591 ქულით მეხუთეა და დენის ვიერუს (მოლდოვა, 6 985), ჰიფუმი აბეს (იაპონია, 6 100), ბასხუუ იონდონპერენლეისა (5 394), და იოშირო მარუიამას (იაპონია, 4 800) ჩამორჩება. ამავე წონაში 1 254 ქულით 34-ე ადგილი უკავია გიორგი თუთაშვილს.

73 კგ.

წონის ლიდერად დარჩა ლაშა შავდათუაშვილი (6 496). მისი უახლოესი მდევრები ჰიდაიატ ჰეიდაროვი (აზერბაიჯანი, 6 280), ცოგტბაატარ ცენდ-ოჩირი (მონღოლეთი, 5 793), მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ნილს სტამპი (შვეიცარია, 5 100) და დანიელ კარნინი (ბრაზილია 4 739) არიან. გიორგი ტერაშვილს 1 832 ქულით 22-ე პოზიცია უკავია.

ავსტრიაში კვარცხლბეკზე ორი ქართველი ძიუდოისტი ავიდა

81 კგ.

როგორც აღვნიშნეთ, ისევ ლიდერია ტატო გრიგალაშვილი. მის აქტივში 10 346 ქულაა, რაც კაცთა და ქალთა ყველა წონითი კატეგორიისთვის სარეკორდო მაჩვენებელია. გრიგალაშვილის გარდა, მოწინავე ხუთეულში არიან მატიას კასე (ბელგია, 8 705), საეიდ მოლაეი (აზერბაიჯანი, 5 905), ტაკანორი ნაგასე (იაპონია, 4 300) და ავსტრიის სახელით მოასპარეზე შამილ ბორჩაშვილი (4 251).

90 კგ.

ამ წონის სათავეში ლუკა მაისურაძე იმყოფება, რომელმაც მსოფლიოს პირველობის ფინალში ლაშა ბექაურს სძლია და ახლა, 7 050 ქულა გააჩნია. ბექაური (5 100) მე-5 ადგილზეა, მე-4 პოზიცია ბექა ღვინიაშვილს (5 293) უკავია, ლიდერთა ხუთეულში კი იაპონელი სანშირო მურაო (6 150) და უზბეკი დავლატ ბობონოვიც (6 098) იმყოფებიან.

100 კგ.

6 783 ქულით პირველ ადგილზე დარჩა ილია სულამანიძე, რომელსაც კვალში ზელიმ კოცოიევი (5 911), მიხაელ კორელი (ნიდერლანდები, 5 863), კაილ რეიესი (კანადა, 4 728) და შადი ელნაჰასი (4 586) უდგანან. საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი (3 775) მეცხრეა, ონისე სანებლიძე (2 300) – 22-ე, ხოლო გიორგი ბერიაშვილი (1 355) – 34-ე.

+100 კგ.

მძიმე წონაში გელა ზაალიშვილი (3 472) მე-12 ადგილზეა, გურამ თუშიშვილს (3 285) მე-13 პოზიცია უკავია, საბა ინანეიშვილი (1 110) 38-ეა, ხოლო ლევან მატიაშვილი (866) – 46-ე. წონის ლიდერები ტემურ რახიმოვი (ტაჯიკეთი, 6 165), ალიშერ იუსუპოვი (უზბეკეთი, 5 290), ტაცურუ საიტო (იაპონია, 4 920), ცეცენცენგელ ოდხუუ (მონღოლეთი, 4 689) და ტედი რინერი (საფრანგეთი, 4 550) არიან.

ქალები

ეთერ ლიპარტელიანი (4 321) 57 კგ-მდე წონით კატეგორიაში მე-7 ადგილზე დარჩა, ეთერ ასკილაშვილი (310) 63 კგ-ში 82-ეა, მარიამ ჭანტურიას (278) 78 კგ-ში 72-ე პოზიცია უკავია, ხოლო მძიმეწონოსანი (+78 კგ.) სოფიო სომხიშვილი (2 723) მეჩვიდმეტეა.

IJF-ის რეიტინგში მორიგ ცვლილებებს ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში 2-4 ივნისს დაგეგმილი გრან პრის შემდეგ უნდა ველოდეთ. თუ რა შემადგენლობით გამოვა იქ საქართველოს ნაკრები, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები

ბოლო ამბები