- ირკვევა, რომ მისი საკუთარ რიგებში ხილვა ბერძნულ პანათინაიკოსსაც სურდა
- სანდრო მამუკელაშვილი ზაფხულში შეზღუდული თავისუფალი აგენტი ხდება
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი არ აპირებს კარიერის ევროპულ კლუბში გაგრძელებას, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე საინტერესო წინადადება მიიღო. ამის შესახებ ბერძნული SDNA-ს პოდკასტში ტოლის კოციასმა ისაუბრა.
"უკვე ერთი თვეა ცნობილია, რომ მომავალ სეზონში პანათინაიკოსს ერგინ ატამანი გაწვრთნის და მის ხელში გუნდში ბევრი ცვლილება იგეგმება. მოსალოდნელია, რომ კლუბი საინტერესო კალათბურთელებს NBA-შიც დააკვირდება. ერთ-ერთი მათგანი სანდრო მამუკელაშვილია. მისით ევროლიგის რამდენიმე კლუბია დაინტერესებული და შემიძლია ვთქვა, რომ მათ შორის პანათინაიკოსიც გახლავთ, თუმცა, ისიც ცნობილია, რომ ეს ტრანსფერი ძნელად მოსაგვარებელი იქნება, რადგანაც ქართველი კალათბურთელი NBA-ში დარჩენას გეგმავს".
შეგახსენებთ, რომ მამუკელაშვილმა სეზონი სან ანტონიო სპურსში დაასრულა და 19 მატჩში (7 სასტარტოში, 2 ორმაგი დუბლი) კარგი საშუალო სტატისტიკა ჰქონდა: 23.3 წუთი, 10.8 ქულა, 6.8 მოხსნა და 2.4 პასი.
საინტერესოა, რომ მილუოკი ბაქსთან შედარებით, სანდროს შედეგიანობა ზუსტად 4.5-ჯერ გაიზარდა (დრო – 2.5-ჯერ). ზაფხულში მამუკელაშვილი შეზღუდული თავისუფალი აგენტი ხდება. თუ სპურსს მისი დატოვება სურს, სულ მცირე 2.2-მილიონიანი კონტრაქტი უნდა შესთავაზოს.
კომენტარები