Thumbnail
  • ბოსტონ სელტიკსი 84:103 მაიამი ჰიტი
  • ფლორიდელებმა მეტოქეს ისტორიული ქამბექი არ შეასრულებინეს
  • აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალების MVP ჯიმი ბატლერი გახდა 

გუნდი, რომელიც პლეი ოფში პლეი ინიდან გავიდა და იქაც პირველი მატჩი ატლანტა ჰოუკსთან წააგო, აღმოსავლეთ კონფერენციის გამარჯვებული გახდა. მაიამი ჰიტმა ბოსტონ სელტიკსს ისტორიული ქამბექი არ შეასრულებინა, მე-7 მატჩი TD Garden-ში 103:84 მოუგო და სუპერფინალში გავიდა, სადაც დენვერ ნაგეტსი ელოდება.

"კელტებს" ზედიზედ 3 მატჩი ჰქონდათ მოგებული და მე-6 თამაშშიც ბოლო წამზე ჩაგდებული ბურთით გაიმარჯვეს, შესაბამისად, ფსიქოლოგიური უპირატესობა მათკენ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ფლორიდელები შემდეგ ეტაპზე გასვლის იმედს მაინც არ კარგავდნენ, ამის დასტურად კი, შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, მათ დენვერში მიმავალი თვითმფრინავის ბილეთები დაჯავშნეს.

მატჩის დაწყებიდან რამდენიმე წამში ჯეისტონ ტეიტუმმა შეტევის დროს ფეხი ცუდად დადგა და კოჭი გადაუტრიალდა, სელტიკსის ლიდერმა თამაშის გაგრძელება შეძლო, მაგრამ ეტყობოდა, რომ ტკივილი აწუხებდა - მან შეხვედრა 14 ქულითა და 11 მოხსნით დაასრულა. გუნდებმა პირველი პერიოდი ცუდად დაიწყეს და შეტევაში ბევრ ბურთს ვერ აგდებნენ, თუმცა, პირველი მაიამი ჰიტმა გამოიღვიძა და მეტოქეს 7 ქულით გაექცა. ბოსტონი აქტიურად ცდილობდა პერიმეტრიდან ჩაგდებას, მაგრამ საშინელი პროცენტი ჰქონდა - ჯო მაცულას გუნდმა საბოლოო ჯამში 42-დან 9 სამქულიანი ჩააგდო (21.4%). მეორე პერიოდშიც ჰიტი უკეთ გამოიყურებოდა, კალებ მარტინს კი კარიერის საუკეთესო მატჩი ჰქონდა, 27 წლის კალათბურთელმა თავის გუნდს ულიდერა და მნიშვნელოვან მომენტებში გარდამტეხი ქულებიც მოიპოვა - მან 6-დან 4 სამქულიანი და 10-დან 7 ორქულიანი ჩააგდო.

მარტინს კარიერის საუკეთესო მატჩი ჰქონდა

მესამე პერიოდში სელტიკსმა სხვაობა 7 ქულამდეც შეამცირა და თითქოს, გუნდს მატჩის შეტრიალების შანსიც გაუჩნდა, მაგრამ ბოლო მეოთხედის დასაწყისში მაიამიმ მეტოქე გატეხა და დიდი უპირატესობით წინ გავიდა. ბოლოს garbage time-იც იყო და ბოსტონმა სათადარიგო კალათბურთელებიც გამოიყვანა. აღსანიშნავია, რომ მაიამი ჰიტი სროლის მაღალი პროცენტით გამოირჩეოდა - ფლორიდელებმა 28-დან 14 სამქულიანი ჩააგდეს (50%).

ძალიან ცუდი თამაში ჰქონდა ჯეილენ ბრაუნს, რომელსაც 8 დაკარგვა დაუგროვდა. მან შეხვედრა 19 ქულით, 8 მოხსნითა და 5 პასით დაასრულა. ბოსტონის ერთადერთი ნათელი წერტილი დერიკ უაითი იყო, რომელიც მე-6 თამაშში ჩაგდებული ბაზერის შემდეგ, ამჯერადაც თავის გუნდს შანსს უტოვებდა, მას 18 ქულა ჰქონდა. ჰიტიდან ყველაზე შედეგიანი ჯიმი ბატლერი იყო, რომელიც აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალების MVP გახდა - მან 28 ქულა, 7 მოხსნა და 6 პასი დააგროვა. მატჩის მთავარი გმირის, კალებ მარტინის ანგარიშზე კი, 26 ქულა, 10 მოხსნა და 3 პასია.

მოკლედ, მაიამი ჰიტმა, რომელმაც რეგულარული სეზონი მე-7 ადგილზე დაასრულა და პლეი ოფში მე-8 ნომრად გავიდა, ჯერ პირველადგილოსანი მილუოკი ბაქსი გამოაგდო, შემდეგ ნიუ იორკ ნიქსი, ბოლოს კი, მეორეადგილსოან ბოსტონ სელტიკსს სძლია. ერიკ სპოელსტრას გუნდი დენვერ ნაგეტსთან პირველ შეხვედრას 2 ივნისს გამართავს და მიუხედავად იმისა, რომ ფავორიტი არაა, ამ მაიამისგან ყველაფერს უნდა ველოდოთ.

კომენტარები

ბოლო ამბები