- მაიამის ფინალში გასვლა ისტორიული და მოულოდნელი შედეგია
- სპოელსტრას გუნდში 7 მოთამაშე დრაფტზეც კი არ ყოფილა
- კალაბურთის ისტორიაში ეს ყველაზე დიდი მოულოდნელობაა
- MVP ბატლერი და მარტინის შოუ! მაიამი ჰიტი სუპერფინალშია
სულ რამდენიმე კვირის წინ ვწერდით, რომ პატ რაილის მაიამი გამორჩეული და განსხვავებული გუნდია - გამორჩეული თავისი შინაგანი ძალით და ორგანიზაციული კულტურით, განსხვავებული თავისი ფასეულობებით და პრინციპებით.
ეს მაშინ იყო, როდესაც მაიამიმ კონფერენციის პირველი ნომერი მილუოკი ბაქსი დაამარცხა და ისტორია დაწერა. ახლა კი ვნახეთ, რომ ეს დაუჯერებელი ამბავი კიდევ გრძელდება! მილუოკის შემდეგ სპოელსტრას გუნდმა ჯერ ნიუ იორკ ნიქსი დაამარცხა, თავისი პრინციპული და ისტორიული მეტოქე და შემდეგ კი, ყველასთვის გასაკვირად, თვით ბოსტონ სელტიკსს მოუგო.
ბოსტონს ძალიან ღრმა და ვარსკლავური გუნდი ჰყავდა და უპირობო ფავორიტი იყო. ზოგადად, ბოსტონი და მაიამის ომები უკვე NBA-ს ბოლო 10-15 წლის ისტორიაა. ჯერ იყო და ლებრონის და უეიდის გუნდი ეომებოდა ბოსტონის 'დიდ სამეულს', შემდეგ კი, ბოლო 4 წელიწადში ეს გუნდები მესამედ შეხვდნენ კონფერენციის ფინალში.
მაიამის ემოციურ, შინაგან ძალაზე ზემოთ გითხარით. ბოსტონი 3:0-დან დაბრუნდა, დერიკ უაითის წყალობით წამის ბოლო მეათედებზე წაგებული თამაში მოატრიალა, ემოციური, ფსიქოლოგიური უპირატესობა ხომ ჰქონდა, მომენტუმიც ჰქონდა, საშინაო პარკეტიც უპირატესობაც მისი იყო, ისეც ჩანდა, რომ თითქოს ბოსტონმა თავისი თავი და თამაში იპოვა, მაიამი კი პირიქით გამოიფიტა და პროგნოზირებადი გახდა. ჯიმი ბატლერიც კი ცოტა დაღლილად და ჩვეულებრივზე ნაკლებად პროდუქტიულად გამოიყურებოდა. ამ ვითარებაში, როცა ყველა გარემოება, ყველა არგუმენტი მის წინააღმდეგ იყო სპოელსტრას და რაილის გუნდმა იპოვა შინაგანი ძალა და ბოსტონს უშანსოდ მოუგო მისსავე პარკეტზე. წლევანდელი მაიამი ისტორიაში პირველი გუნდია კონფერენციის მერვე ნომრიდან რომ დაიწყო და სუპერფინალში გავიდა.

ბოსტონის როტაციაში 7-8 კალათბურთელია, ლიგაში ყველანაირი ომი რომ უნახავთ - გრანდების და დიდი თამაშების გამოცდილებით. პლუს ორი სუპერვარსკვლავი - ჯეისონ ტეიტუმი და ჯეილენ ბრაუნი. მაიამის შვიდი მოთამაშე ჰყავს, რომელიც დრაფტზეც კი ვერ მოხვდა. ზოგადად, დრაფტის მეორე რაუნდში რომ გირჩევენ, ლიგაში დარჩენა მაშინაც კი რთულია და ისევ გავიმეორებ: სპოელსტრამ კონფერენციის ფინალის გუნდი ისე გააკეთა, მილუოკის და ბოსტონს ისე მოუგო, რომ შვიდი მოთამაშე დრაფტის მიღმა ჰყავს ნაპოვნი, ანუ საკალათბურთო ენაზე "საიდანღაც მოყვანილი."
გუშინდელ თამაშს ჰყავდა გმირი სახელად კალებ მარტინი - დრაფტზე არ ყოფილა, მაიამიმდე G ლიგის სიუ ფოლს სკაიფოქსში და გრინსბოროში თამაშობდა, გუშინ ბოსტონს 26 ქულა ჩაუგდო, თან ისე, რომ 16-დან 11 ზუსტი სროლა ჰქონდა. ამ ბიჭმა ორიოდე დღის წინაც 21 ქულა ჩააგდო - ასე რომ, გუშინდელი გამონაკლისი არ ყოფილა.
ტრადიციულად კარგი იყო ჯიმი ბატლერი, თავისი ნაწვალები და ნაშრომი 28 ქულით. სხვათა შორის, ბატლერიც დრაფტის ბოლოს, პირველი რაუნდის ბოლო არჩევანი იყო და მისგან სუპერვარსკვლავსაც არავინ ელოდა. სადამდეც მივიდა, მხოლოდ თავისი შრომით და ნებისყოფით, ანუ მაიამისთვის დამახასიათებელი ღირებულებებით.

მაიამის ჰყავს გეიბ ვინსენტი - იქამდე სტოქტონ კინგსში და სიუ ფოლს სკაიფოლში თამაშობდა, ახლა კი ფინალისტის ძირითადი გამთამაშებელია. არაფერს ვიტყვი ბემ ადებაიოზე, რომელიც მაიამის დაცვის ბურჯია. მაიამის დაცვა გუშინ მთავარი ფაქტორი იყო - ბოსტონის შეტევას მხოლოდ 84 ქულა ჩააგდებინა ზუსტი სროლების 39 პროცენტით, თანაც ისე, რომ ბოსტონი ორ მეოთხედში 20 ქულამდეც კი ვერ ავიდა.
სპოელსტრას სისტემა კადრების და ტალანტის დეფიციტის მიუხედავად მუდამ ქმნის სწორ კომბინაციებს და კარგ სროლებს, მუდამ პოულობს სწორ როტაციას და მეტოქის დაცვაში სუსტ წერტილებს, მუდამ ცვალებადი და განახლებადია. ამ კუთხით მაიამი ყველაზე უფრო "მწვრთნელის გუნდია." არადა, კალათბურთი ფეხბურთი არ არის, რომ მხოლოდ ორგანიზაციის და გუნდურობის ხარჯზე ითამაშო. საბერძნეთი 2004-ის თავგადასავალი NBA-ში არ ხდება. სულ რომ დაცვაში მოიკლა თავი და სწორად იდგე, შეტევაში ტალანტი გჭირდება. მაიამი კი ისე უტევს, რომ მთავარი ვარსკვლავი მაინც მათი მწვრთნელია - სულ შექმნილი, დახაზული და მოფიქრებული შეტევაა.
ყველაზე მთავარი კაცი კი, როგორც გითხარით პატ რაილია - თავის მე-19 ფინალშია, თუ გავაერთიანებთ მის კარიერას, როგორც მოთამაშედ, ისე მწვრთნელად და მენეჯერად. ანუ, ისტორიაში ყოველი ოთხი ფინალიდან ერთში რაილის აქვს მონაწილეობა მიღებული.
რაილიმ და სპოელსტრამ მოახერხეს ის, რომ მაიამი NBA-ს ისტორიაში ყველაზე დიდ მოულოდნელობად იქცა. მთავარი ის არის, რომ ეს ისტორია მხოლოდ გრძელდება - წინ სუპერფინალებია.
კომენტარები