- ამერიკული გამოცემა წერს, რომ სანდრო სან ანტონიოს ნათელი წერტილი იყო
- ავტორის აზრით, ვემბანიამასა და მამუკელაშვილის დუეტი საინტერესო იქნება
- მამუკელაშვილის უარი ევროლიგის კლუბებს - ის NBA-ში დარჩენას აპირებს
NBA-ს სეზონი დასასრულს უახლოვდება. წინ საინტერესო ფინალური სერია გველოდება, რომელშიც დენვერ ნაგეტსი და მაიამი ჰიტი ერთმანეთში გამარჯვებულის ვინაობას გაარკვევენ. არანაკლებ საინტერესოა იქნება მომავალი სეზონის დაწყებამდე პერიოდი, რა დროსაც გუნდები არაერთ ტრეიდს განახორციელებენ და სხვადასხვა კალათბურთელებს დაიმატებენ.
ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, ქართველების მომავალი გვაინტერესებს, რომელთა შორის სანდრო მამუკელაშვილიცაა. სან ანტონიო სპურსში გატარებული შესანიშნავი სეზონის შემდეგ, ტექსასურმა გუნდმა უნდა გადაწყვიტოს, გაუფორმებს თუ არა მას კონტრაქტს. ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით NBA-ს დრაფტის ლატარეის მერე გართულდა, რომელშიც სპურსს გაუმართლა და პირველი არჩევანის უფლება მიიღო. დიდი ალბათობით, გრეგ პოპოვიჩის გუნდი ვიქტორ ვემბანიამას აირჩევს და ორგანიზაციაც მაქსიმალურად ეცდება, რომ შემადგენლობა სწორედ ახალგაზრდა ტალანტს მოარგოს.

ამერიკული გამოცემა SpursTalk სან ანტონიოს კალათბურთელებზე წერს და დეტალურად განიხილავს როგორ მოერგება თითოეული მათგანი ვიქტორ ვემბანიამას. ავტორი აღნიშნავს, რომ მამუკელაშვილი გასული სეზონის ნათელი წერტილი იყო და მისი აზრით, ფრანგისა და ქართველის დუეტი საინტერესო სანახავი იქნება.
"როცა სპურსის სეზონი, რომელშიც გუნდმა 22 გამარჯვება მოიპოვა, დასასრულს უახლოვდებოდა, მამუკელაშვილის თამაში ერთ-ერთი ნათელი წერტილი იყო. 208 სანტიმეტრი სიმაღლის კალათბურთელს უნიკალური უნარები აქვს. მას შეუძლია სროლა, მოხსნა და სწრაფად ფიქრი. ის არ არის ძალიან ათლეტური, მაგრამ პარკეტზე კარგად გადაადგილდება.
ვემბანიამა-მამუკელაშვილის დუეტი საინტერესო სანახავი იქნება. დიდია შანსი, რომ ის ფრანგი ახალგაზრდა კალათბურთელის საუკეთესო დამხმარე გახდეს. სწორედ ამ მიზეზით, სპურსმა მამუკელაშვილი, რომელიც შეზღუდული თავისუფალი აგენტი ხდება, გუნდში უნდა დააბრუნოს", - წერს SpursTalk.
შეგახსენებთ, რომ სანდრო სან ანტონიო სპურსში 19 მატჩში საშუალოდ 10.8 ქულას, 6.8 მოხსნას და 2.4 პასს აგროვებდა, თამაშიდან კი 45.3% სიზუსტით ისროდა (34% სამქულიანები).
კომენტარები