- რევოლუცია ნაკლებად, ამას უფრო ძველი რეალობის განახლება ჰქვია
- კარლ-ჰაინც რუმენიგე კლუბის სამეთვალყურეო საბჭოში დაბრუნდა
- ბაიერნი დიდი გადაწყვეტილებების ფრთხილად მიღებას დაუბრუნდა
თავისი გრანდიოზული ეპოქა კარლ-ჰაინც რუმენიგეს მიუნხენის ბაიერნში წესით 2021 წლის 30 ივნისს უნდა დაესრულებინა. მას უნდოდა, რომ მეტი დრო დაეთმო ოჯახისთვის, რადგან ფიქრობდა, რომ “თავისი საფეხბურთო ოჯახი” სწორ ადამიანებს გადააბარა. მაგრამ თურმე ცდებოდა.
მისმა შემცვლელმა ოლივერ კანმა იმედები ვერ გაამართლა, რაც, თუ მანამდე ბევრს არ სჯეროდა, გასული შაბათის მერე უკვე ცხადია. და აი, რუმენიგე ბაიერნში დაბრუნდა. არა როგორც დირექტორთა საბჭოს ბოსი, არამედ როგორც “მხოლოდ” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, მაგრამ ყველამ იცის, რომ ბაიერნში თანამდებობაზე მეტად, ძალაუფლებას სახელები და გვარები გამოხატავენ. ამის საუკეთესო მაგალითი ული ჰიონესია, რომელმაც საპატიო პრეზიდენტის რანგში შეცვალა ყველაფერი.
მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ საპატიო პრეზიდენტია, ბაიერნში მთავარ სიტყვას ისევ ჰიონესი ამბობს. ული ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გამოთქვამდა ეჭვს, რომ ოლივერ კანი ბაიერნის იდეალური ბოსი არ იყო, მაგრამ ლეგენდარულ მეკარეს ამ სეზონის სახით კიდევ ერთი შანსი მისცა. ოლიმ ეს შანსიც ვერ გამოიყენა და ახლახან გაუშვეს. ჰიონესმა გაუშვა.

და ულის ისევ სჭირდებოდა თავისი ძველი მეგობარი და პარტნიორი ბაიერნის ფეხზე დასაყენებლად. რუმენიგეზეა ლაპარაკი. იმედები ვერც თავად ჰიონესის “მოსწავლემ”, ჰასან სალიჰამიჯიჩმა გაამართლა და გერმანიის ჩემპიონობის მიუხედავად, ისიც მოხსნეს. ჰიონესმა სალიჰამიჯიჩი პირველად მაშინ გააკრიტიკა, როცა ამ უკანასკნელს ჰანსი ფლიკთან ჰქონდა კონფლიქტი. ახლა კი, როცა იულიან ნაგელსმანის მოულოდნელად გაშვებამ ქაოსი გამოიწვია, აღარც სალიჰამიჯიჩმა მიიღო მეორე შანსი.
გერმანული მედია წერს, რომ ჰიონესი მთავარ მწვრთნელად ახალხან დანიშნულ თომას ტუხელს კარგი თვალით უყურებს და ის კარგ მწვრთნელად მიაჩნია. ოღონდ, ულიმ ისიც იცის, რომ ტუხელს, როგორც მწვრთნელს, გვერდით რუმენიგეს მსგავსი აურის მქონე ფუნქციონერი სჭირდება. თავისი საერთაშორისო კონტაქტებით და უდიდესი გამოცდილებით რუმენიგეა ის კაცი, ვინც ტუხელს სწრაფადვე დაეხმარება - სასურველი ფეხბურთელების მოყვანაში, გასაშვები მოთამაშეების სარფიანად გასხვისებაში, დასარჩენი ფეხბურთელების კონტრაქტების გახანგრძლივებაში და ა.შ.

თუ შეიძლება, რომ ასე ითქვას: ის, რაც ბოლო დღეებში ბაიერნში მოხდა, არა ახალი ეპოქის დასაწყისი, არამედ ძველის დაბრუნება უფროა. ეს არის ახალი ძველი წესრიგი რეკორდმაისტერში, რაც გარანტირებულად დადებს მინიმუმ რაღაც შედეგს. რუმენიგესთან ერთად დიდი ძალაა იან-კრისტიან დრეეზენი, რომელიც უშუალოდ კანის შემცვლელად დაინიშნა. ჰიონესი და რუმენიგე მას კარგად იცნობენ და ენდობიან.
დრეეზენი ისეთ მენეჯერად მიიჩნევა, რომელიც საკუთარ თავს ზედმეტად მნიშვნელოვან პერსონად არ მიიჩნევს, მაგრამ ბევრ საქმეს აკეთებს, მუდმივად კომუნიკაციაშია და მუდმივად ხელმისაწვდომია.
ამიტომაცაა, რომ ბაიერნის გულშემატკივრები ახლა გერმანიის ზედიზედ მე-11 ჩემპიონობასთან ერთად, რუმენიგეს დაბრუნებას და დრეეზენის დანიშვნასაც არანაკლებ ზეიმობენ.
მარტში, ბაიერნის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს ასეთი რამ უთხრა: “რუმენიგე ისეთი კაცია, რომელიც სტრესის და კრიზისის დროსაც კი მოგესალმება, სულ რომ გზის მეორე მხარეს იყოს და გკითხავს, როგორ ხარო. აი, ოლივერ კანს კი ყველაზე მშვიდ და კარგ დროსაც კი უჭირს, გითხრას დილა მშვიდობისა…”
ამიტომაც დააბრუნეს ბაიერნში ძველი წესრიგი.

კომენტარები