- როგორც ირკვევა, ჰარი კეინი მართლა განიხილავს ტოტენჰემიდან წასვლას
- სანის ინფორმაციით, ის მხოლოდ ერთ კლუბზე ფიქრობს
შესაძლოა, ჰარი კეინისთვის ტოტენჰემში ეს მართლა ბოლო სეზონი აღმოჩნდეს.
ახალი ინფორმაციით, 29 წლის ფორვარდს ამ ზაფხულს მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლა სურს. უფრო მეტიც: “სანი” წერს, რომ იუნაიტედი ერთადერთი კლუბია, სადაც გადასვლას კეინი განიხილავს.
ინგლისის ნაკრების გოლეადორს და კაპიტანს ტოტენჰემთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. თუკი მხარეები წელს ვერ შეთანხმდებიან, გაისად ჰარის “ოლდ ტრაფორდზე” გადაბარგება უფასოდ შეეძლება.
“სანი” წერს, რომ ლონდონელებს კატეგორიულად არ უნდათ თავიანთი ლიდერის კონკურენტში გაშვება. თუ მისი გასხვისება გარდაუვალია, ტოტენჰემს ურჩევნია, რომ კეინი უცხოეთში გაყიდოს. ცნობილია, რომ ის მიუნხენის ბაიერნსაც აინტერესებს.

ჩვენი ინგლისელი კოლეგები წერენ, რომ კეინი სხვა ლონდონურ კლუბში გადასვლა კატეგორიულად გამორიცხავს, რადგან ტოტენჰემის გულშემატკივრების განაწყენება არ სურს. არადა, ლონდონის ჩელსი მზადაა მის შესაძენად.
ამ დროისთვის ჰარი კეინს 47 გოლი აკლია პრემიერლიგის რეკორდამდე, რომელიც ალან შირერს ეკუთვნის (260 გოლი). “ახლა, როცა ამ რეკორდთან ასე ახლოს ვარ, არ მინდა, რომ მის გარეშე დავრჩე.” - თქვა კეინმა ცოტა ხნის წინ.
კომენტარები