Thumbnail

მას შემდეგ, რაც მიუნხენის ბაიერნის მენეჯმენტი ოლივერ კანმა და ჰასან სალიჰამიჯიჩმა დატოვეს, ახალი თავდამსხმელის გადაბირებაზე მუშაობის პროცესი რადიკალურად შეიცვალა.

გერმანული SPORT1-ის ინფორმაციით, ახლა ბაიერნში გადასვლის მთავარი კანდიდატი ტურინის იუვენტუსის სერბი ცენტრფორვარდი დუშან ვლაჰოვიჩია. მიუნხენური გრანდის ყოფილ სპორტულ დირექტორ ჰასან სალიჰამიჯიჩს მისი ბაიერნში გადაყვანა არ სურდა და მას შემდეგ, რაც ის გაუშვეს, სერბი ტოპ-კანდიდატი გახდა. ვლაჰოვიჩთან ერთად სასურველ კანდიდატთა სიაში რჩება ფრანკფურტის აინტრახტის თავდამსხმელი რანდალ კოლო მუანი და არც ჰარი კეინის (ტოტენჰემი) საკითხი მოხსნილა დღის წესრიგიდან.

ვლაჰოვიჩთან მიმართებაში ბაიერნის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ რეკორდმაისტერის სამეთვალყურეო საბჭოში დაბრუნებულ კარლ-ჰაინც რუმენიგეს იუვენტუსთან კარგი ურთიერთობა აქვს.

დუშან ვლაჰოვიჩი იუვეში 2022 წლის ზამთარში, ფლორენციის ფიორენტინადან გადავიდა და ტურინელებმა მის სანაცვლოდ საკმაოდ დიდი თანხა, დაახლოებით 81 მილიონი ევრო გადაიხადეს. ამ სეზონში ვლაჰოვიჩმა იუვეს ფორმით 42 ოფიციალურ მატჩში 14 გოლი გაიტანა, რაც ბევრი არ არის, მაგრამ აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ზოგადად იუვენტუსს ჰქონდა ძალიან ცუდი სეზონი.

ამ სეზონში ვლაჰოვიჩმა იუვეს ფორმით 42 ოფიციალურ მატჩში 14 გოლი გაიტანა

ცნობილია, რომ ბაიერნს ვლაჰოვიჩის ყიდვა შარშანაც უნდოდა, მაგრამ ეძვირებოდა, ახლა კი, 23 წლის სერბის ფასი დაწეულია. მას შემდეგ, რაც იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვა, იტალიური მედიაც წერს, რომ ვლაჰოვიჩს წასვლა უნდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში იუვენტუსმა და ბაიერნმა ბევრი ტრანსფერი განახორციელეს: კინგსლი კომანი, მედჰი ბენატია, არტურო ვიდალი, დუგლას კოშტა. ბოლო ტრანსფერი კი მატეის დე ლიხტის იუვედან ბაიერნში გადასვლა იყო. 2022 წლის ზაფხულში მიუნხენელებმა ნიდერლანდელი მცველი ტურინიდან 67 მილიონ ევროდ შეიძინეს.

კომენტარები

ბოლო ამბები