Thumbnail

საფრანგეთის ლიგა 2-ის 2022/23 წლების სეზონის დასრულებამდე 1 ტურია დარჩენილი. გიორგი მიქაუტაძის მეცი 69 ქულით მეორე ადგილზეა და თუ ბოლო შეხვედრასაც მოიგებს, ლიგა 1-ის საგზურს მოიპოვებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ზურიკო დავითაშვილის ბორდოს მატჩზე იქნება დამოკიდებული.

მიუხადავად ყველანაირი შედეგისა, დიდი ალბათობით, ქართველი ფორვარდი ფრანგულ კლუბს ზაფხულში დატოვებს და სხვა გუნდში გადავა. მსურველი საკმაოდ ბევრია, ყველაზე აქტიურად კი, პრემიერლიგაში გადასულ ბარნლიზე და მილანზე იწერება. ფრანგი ჟურნალისტი, მოჰამედ ტუბაშ-ტერი ჯერ კიდევ თვის დასაწყისში წერდა, რომ მეცმა მიქაუტაძეს ფასი დაადო, მან ასევე საფრანგეთისა და ინგლისის გუნდების ინტერესიც დაადასტურა.

ტუბაშ-ტერმა ცოტა ხნის წინ ახალი ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ მიქაუტაძის შეძენას ბუნდესლიგის გუნდიც განიხილავს: "ლიგა 1-ის მხარეს სიწყნარეა, მაგრამ ბუნდესლიგაა გააქტიურებული", - აღნიშნულია მის ტვიტში.

გიორგი მიქაუტაძე რამდენიმე დღის წინ ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 23 გოლის და 8 საგოლე გადაცემის დაგროვება მოახერხა. ბოლო ტურში, 2 ივნისს მისი მეცი სახლში ბასტიას დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები