Thumbnail

ნოვაკ ჯოკოვიჩმა დაიცვა თავისი გამონათქვამი კოსოვოს შესახებ, რასაც ამ დღეებში უდიდესი გამოხმაურება და მისი მისამართით კრიტიკა მოჰყვა. 

“ბევრი არ დამეთანხმება, მაგრამ ისეა, როგორც არის. ეს არის ის, რასაც ვფიქრობ,” - განაცხადა 36 წლის სერბმა ჩოგბურთელმა საფრანგეთის ღია პირველობის მეორე წრეში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ.

“შემიძლია, გავიმეორო კიდეც, მაგრამ ამას არ გავაკეთებ. როგორც ჩანს, დიდი სლემის ტურნირი ჩემთვის დრამის გარეშე აღარ არსებობს.” - დასძინა ჯოკოვიჩმა და დაამატა, რომ ამ თემაზე სხვა კომენტარის გაკეთება აღარ სურს.

მანამდე, ჯოკოვიჩის გამონათქვამს კოსოვოს შესახებ საფრანგეთის სპორტის მინისტრი ამელი უდეა-კასტერა გამოეხმაურა, სერბის სიტყვებს მიუღებელი უწოდა და მოუწოდა, რომ ეს აღარ გაიმეოროს. მისი თქმით, ნოლეს განცხადება “ძალიან პოლიტიკური იყო”.

შეგახსენებთ, რომ დიდი სლემის ტურნირების რეკორდსმენმა როლან გაროსის პირველ წრეში გამარჯვების შემდეგ კამერას შემდეგი სიტყვები დააწერა: “კოსოვო სერბეთის გულია.” ნოვაკი ბოლო დროს კოსოვოს სერბულ ანკლავში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა, სადაც სერბებს შეტაკებები ალბანელ ხელისუფლებთან და ნატოს ჯარისკაცებთან მოუვიდათ.

ჯოკოვიჩმა პრესკონფერენციაზე ისიც აღნიშნა, რომ როგორც ცნობილი ადამიანი და კოსოვოში დაბადებული მამის შვილი, სერბი ხალხის მიმართ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გრძნობს, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ პოლიტიკოსი არ არის და დებატებში შესვლა არ სურს. წლებია, ნოვაკ ჯოკოვიჩი კოსოვოს შესახებ მოსაზრებებს ღიად აფიქსირებს. ის ჯერ კიდევ 2008 წელს ამბობდა, რომ “კოსოვო სერბეთია”.

კომენტარები

ბოლო ამბები