Thumbnail

ჯერაც გაურკვეველია სად გააგრძელებს კარიერას საქართველოს ნაკრების ფორვარდი სანდრო მამუკელაშვილი, თუმცა, თუკი ამერიკულ მედიაში მისდამი დამოკიდებულებას გავითვალისწინებთ, დიდი ალბათობით, კვლავაც სან ანტონიო სპურსში უნდა ველოდეთ.

აღნიშნულ თემას ამჯერად FanSided გამოეხმაურა და დაწერა, რომ თუკი ტექსასელებმა შეზღუდული თუ შეუზღუდავი თავისუფალი აგენტებიდან ვინმეს შენარჩუნებაზე უნდა იზრუნონ, ერთ-ერთი პირველი სწორედ მამუკელაშვილია.

"საინტერესო, მრავალმხრივი ფორვარდია, რომელმაც იმ არცთუ დიდ დროში, რაც მან გასულ სეზონში სან ანტონიოს მაისურით მოედანზე გაატარა, თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა. მისი პოტენციალი მაშინაც კი იგრძნობოდა, როდესაც თამაშისას ფლეიმეიქერის როლში გვევლინებოდა. ეს ყველაფერი საკმარისი უნდა იყოს იმისთვის, რომ მასზე აქცენტი მომავალ სეზონშიც გაკეთდეს".

შეგახსენებთ, რომ 24 წლის მამუკელაშვილმა გასული სეზონი მილუოკი ბაქსში დაიწყო, საიდანაც სან ანტონიო სპურსს მიაშურა და 19 მატჩში (7 სასტარტოში, 2 ორმაგი დუბლი) კარგი საშუალო სტატისტიკა ჰქონდა: 23.3 წუთი, 10.8 ქულა, 6.8 მოხსნა და 2.4 პასი.

საინტერესოა, რომ მილუოკისთან შედარებით, სანდროს შედეგიანობა ზუსტად 4.5-ჯერ გაიზარდა (დრო – 2.5-ჯერ). ზაფხულში მამუკელაშვილი შეზღუდული თავისუფალი აგენტი ხდება. თუ სპურსს მისი დატოვება სურს, სულ მცირე 2.2-მილიონიანი კონტრაქტი უნდა შესთავაზოს.

კომენტარები

ბოლო ამბები