- 34 წლის ქართველ ცენტრს გასტროენტერიტთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს
- ლენოვო ტენერიფე მალაგაში უნიკახასთან სათამაშოდ სეზონის MVP-ს გარეშე გაემგზავრა
ლენოვო ტენერიფეს ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი მონაწილოებას ვერ მიიღებს ლიგა ენდესას მეოთხედფინალური სერიის უმნიშვნელოვანეს მატჩში, რომელიც მის გუნდს დღეს საღამოს მალაგაში უნიკახას წინააღმდეგ ელის.
ინფორმაცია, რომ ტენერიფეში ვირუსი მძვინვარებდა, გუშინ გავრცელდა და დაზარალებულთა შორის შერმადინის გვარიც გამოჩნდა. საუბარი იყო ნაწლავურ ინფექციაზე, რომელმაც მწყობრიდან ლამის ნახევარი გუნდი გამოიყვანა. ამის თაობაზე კომენტარი ლენოვო ტენერიფეს მთავარმა მწვრთნელმა ჩუს ვიდორეტამ გააკეთა:
"გასტროენტერიტთან დაკავშირებული პრობლემები ძალიან გვაწუხებს. პირველებმა შეუძლოდ თავი აარონ დორნეკამპმა და ფრან გერამ იგრძნეს და ეს სიმპტომები უკვე პირველ თამაშამდე გაჩნდა. შემდეგ ელჯინ კუკი, ხოან სასტრე და მუსა დიანე დაავადდნენ, ბოლოს კი ტკივილები გიორგი შერმადინმაც იგრძნო. მას ვარჯიშის გამოტოვება მოუხდა და ახლა, დაკვირვების რეჟიმში ვართ. იმედი გვაქვს, რომ მომჯობინდება და თამაშს შესძლებს".

ვიდორეტამ ამის თაობაზე გუშინ საღამოს ისაუბრა, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ქართველ ცენტრთან დაკავშირებით პროგრესი მიღწეულ ვერ იქნა და ის უნიკახასთან პრინციპულ შეხვედრაში ლენოვო ტენერიფეს ვერ დაეხმარება. ამის თაობაზე Diario Sur წერს.
"როგორც ცნობილი გახდა, ქართველი ცენტრი გუნდთან ერთად მალაგაში ვერ გაემგზავრა. ტენერიფეში იმედს ბოლო წუთამდე არ კარგავდნენ, თუმცა, შერმადინი თავს სუსტად გრძნობდა. ამდენად, მისი კუნძულზე დატოვება გადაწყდა, რათა ის სავარაუდო მე-3 თამაშისთვის მაინც მოემზადოს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში კვირას ჩატარდება. ამგვარად, ლენოვო ტენერიფეს თამაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშისა და ლიგის MVP-ს გარეშე მოუწევს, ცენტრის პოზიციაზე კი წუთებს გერა და დიანე გაიყოფენ".
შეგახსენებთ, რომ ტენერიფელებმა უნიკახასთან საშინაო მატჩი 59:72 წააგეს (შერმადინმა 20 წუთში 10 ქულა ჩააგდო) და თუკი მალაგაშიც დამარცხდებიან, ასპარეზობას ლიგა ენდესას პლეი ოფს მეოთხედფინალში დაასრულებენ. დღევანდელი თამაში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
კომენტარები