- U20 საქართველო 40:38 ინგლისი
- საქართველოს 20-წლამდე სარაგბო ნაკრებმა სახელოვან მეტოქეს მოუგო
საქართველოს 20-წლამდელთა სარაგბო ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრებამდე ბოლო საკონტროლო მატჩი ჩაატარა და ავჭალის სტადიონზე ინგლისელ თანატოლებთან ისტორიული გამარჯვება იზეიმა - 40:38.
აქამდე, ინგლისელები არასდროს გვყავდა დამარცხებული, ნავსი კი იმ თამაშში გატყდა, რომელიც ლადო კილასონიას შეგირდებმა უმაღლეს დონეზე ჩაატარეს. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა სახელოვან მეტოქესთან 6 ლელო და 5 გარდასახვა მიითვალეს, სტუმრების მონაგარი კი ერთით ნაკლები გარდასახვა იყო და გადამწყვეტიც ეს აღმოჩნდა.

📷 | საქართველოს რაგბის კავშირი
ამ თამაშის წინ, უმცროს ბორჯღალოსნებს კიდევ რამდენიმე ლეგიონერი შეუერთდა და ისე გამოვიდა, რომ მატჩის განაცხადში საფრანგეთში მოთამაშე 8 მორაგბე იყო. ცხადია, წარმატებაში თავისი როლი ამანაც ითამაშა, რადგანაც ინგლისი ფიზიკურად ძალიან მაგრად იყო მომზადებული და მათი ბოლომდე გაძლება ურთულესი საქმე გახლდათ.
საინტერესოა, რომ სტუმრები უკვე მე-7 წუთისთვის 14:0-ს იგებდნენ, საქართველომ ანგარიში გაათანაბრა, მეტოქე ისევ 2 ლელოთი დაწინაურდა (14:24), რასაც უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 14 უპასუხო ქულით უპასუხეს. ბოლო წუთებზე ქართველი მორაგბეები მორიგი შთამბეჭდავი ლელოს შემდეგ 40:31 დაწინაურდნენ და მართალია, ინგლისმა კიდევ ერთი ლელო მიითვალა, თამაშის გადარჩენისთვის დრო აღარ ჰქონია.
შეგახსენებთ, რომ ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრებთან პირველი მატჩი 27 მაისს შედგა და მართალია, 75-ე წუთამდე საქართველო იგებდა, საბოლოოდ, გამარჯვება მაინც სტუმრებს დარჩათ - 36:41. ახლა, უმცროსი ბორჯღალოსნები რამდენიმე დღე დაისვენებენ, 5-იდან 9 ივნისის ჩათვლით დასკვნითი შეკრება გაიმართება, მის შემდეგ კი ის შემადგენლობა გამოცხადდება, რომელიც 13 ივნისს სამხრეთ აფრიკაში დაგეგმილ ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე გაემგზავრება.
შეგახსენებთ, რომ კოვიდ-პანდემიით გამოწვეული 3-წლიანი პაუზის შემდეგ, 20-წლამდელთა მსოფლიოს პირველობა (რიგით მეცამეტე) 24 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. ქართველი მორაგბეები C ჯგუფში მოხვდნენ და მეტოქეებად მასპინძელი სამხრეთ აფრიკა, არგენტინა და იტალია ეყოლებათ. A ჯგუფში საფრანგეთი, უელსი, ახალი ზელანდია და იაპონია ითამაშებენ, B-ში კი – ავსტრალია, ინგლისი, ირლანდია და ფიჯი.
U20 საქართველო 40:38 ინგლისი
საქართველო: 15. ვაჟა მიქაძე, 14. ლუკა კობაური, 13. თორნიკე კახოიძე, 12. გიორგი შველიძე, 11. ლუკა ცირეკიძე, 10. პეტრე ხუციშვილი, 9. დავით ხუროშვილი; 1. გიორგი მამაიაშვილი, 2. თამაზ ჭამიაშვილი, 3. ლაშა ფხაკაძე, 4. გურამ ღანიაშვილი, 5. გიორგი ნიკოლაძე, 6. რატი ზაზაძე, 7. ნიკოლოზ საყვარელიძე, 8. ნიკა ლომიძე.
შემცვლელები: 16. გიგი ჭუმბურიძე, 17. ლუკა კოტორაშვილი, 18. დავით მჭედლიშვილი, 19. მურთაზ ცხადაძე, 20. ლუკა სულუაშვილი; 21. ალექსანდრე ჯიღაური, 22. გელა ხელაძე, 23. დიტო ბერაია, 24. საბა არჩვაძე, 25. ლუკა სახელაშვილი, 26. დავით ბერიძე, 27. თორნიკე ღანიაშვილი, 28. ანდრო დვალი, 29. დავით ვარდანიძე, 30. დავით მჭედლიძე.
6 ლელო: ხუროშვილი, ხუციშვილი, ლომიძე, კოტორაშვილი, დვალი 2;
5 გარდასახვა: ხუციშვილი 4, ხელაძე;
კომენტარები