Thumbnail
  • 28 წლის ნაიჯელ ვილიამს-გოსმა, შესაძლოა, მალე ქართული პასპორტი მიიღოს
  • მან წლევანდელი ევროლიგა მოიგო და ახლა, ლიგა ენდესას ჩემპიონობისთვის იბრძვის

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებში, უახლოეს პერიოდში, შესაძლოა, ახალი ნატურალიზებული ამერიკელი უკანახაზელი ვიხილოთ, რომელიც შესაბამისად, მოახლოებულ მსოფლიოს ჩემპიონატზეც ითამაშებს.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საუბარია მადრიდის რეალის 28 წლის ლეგიონერი ნაიჯელ ვილიამს-გოსზე, რომელსაც თანაბარი წარმატებით შეუძლია პირველ და მეორე ნომრებზე თამაში და ეს, სწორედ ისაა, რაც ილიას ზუროსის გუნდს სჭირდება.

როგორც შევიტყვეთ, საქართველოს კალათბურთის ფედერაციას ვილიამს-გოსთან კონტაქტი უკვე ჰქონდა და მოლაპარაკება აქტიურ ფაზაშია, ამდენად, არაა გამორიცხული, შეთანხმების შესახებ უკვე უახლოეს დღეებში შევიტყოთ.

ცნობისთვის, ნაიჯელს "სამეფო კლუბთან" კონტრაქტის ვადა სწორედ ამ სეზონის ბოლოს გასდის და თავისუფალი აგენტი ხდება. თუკი ის ევროპული ქვეყნის, ამ შემთხვევაში კი, ქართული პასპორტის მფლობელი გახდება, ეს, ახალი კლუბის მოძიებას უფრო გაუადვილებს.

ნაიჯელ ვილიამს-გოსი ევროლიგის ბოლო სეზონის გამარჯვებულია

ორიოდ სიტყვით ვილიამს-გოსის წარსულის შესახებაც. ის კოლეჯების დონეზე ვაშინგტონსა და გონზაგაში თამაშობდა, NBA-ს 2017 წლის დრაფტზე იუტა ჯაზმა 55-ე ნომრად აირჩია (მხოლოდ 11 მატჩი ჩაატარა მინიმალური სათამაშო დროით), რეალში გადასვლამდე კი, ევროპაში სერბული პარტიზანის, ბერძნული ოლიმპიაკოსისა და რუსული ლოკომოტივ-ყუბანის რიგებში უთამაშია.

საინტერესოა, რომ ვილიამს-გოსს აშშ-ს ნაკრების მაისურით 19-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი აქვს მოგებული. ეს 2013 წელს ჩეხეთში მოხდა, სადაც ნაიჯელის საშუალო მონაგარი 7.9 ქულა, 2.8 მოხსნა და 2.7 პასი იყო.

მიმდინარე სეზონში მას ევროლიგაში საშუალოდ 7.4 ქულა, 1.3 მოხსნა და 1.3 პასი ჰქონდა (15.47 წუთში), ესპანურ ლიგა ენდესაში კი - 6.6 ქულა, 2.0 მოხსნა და 3.0 პასი (17.54 წუთში). შეგახსენებთ, რომ რეალმა ევროლიგის ოთხთა ფინალში ჯერ ბარსელონას აჯობა (78:66), ფინალში კი ოლიმპიაკოსი 79:78 დაამარცხა. ნაიჯელმა ნახევარფინალში 25:32 წუთში 10 ქულა, 1 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა, გადამწყვეტ მატჩში კი 18.29 წუთში 9 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა ჰქონდა.

ამჟამად, რეალი ლიგა ენდესას პლეი ოფში თამაშობს, მეოთხედფინალური სერია 2:0 მოუგო გრან კანარიას და ნახევარფინალში ბადალონას ხუვენტუტს შეხვდება, ამდენად, ფინალში გასვლა არ უნდა გაუჭირდეს. ვილიამს გოსმა პირველ მატჩში (95:68) 20:26 წუთში 5 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასი მიითვალა, მეორეში (89:81) კი, 20:54 წუთში 10 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი.

ვილიამს-გოსი და ქართველების მომავალი მეტოქე ვალტერ ტავარესი რეალში თანაგუნდელები არიან

ცხადია, რომ საქართველოს ნაკრებში ნაიჯელ-ვილიამს გოსის გამოჩენა გუნდიდან თად მაკფადენის გაშვების მომასწავებელი იქნება. ამ უკანასკნელს ილიას ზუროსის ხელმძღვანელობით არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი აქვს ჩატარებული და ამისთვის მადლობაც ეკუთვნის, თუმცა, ფაქტია, რომ მისი ასაკიდან გამომდინარე (უკვე 36 წლისაა), ეს ცვლილება აუცილებელია.

მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, ახალ ლეგიონერზე ზრუნვა ისედაც აუცილებელი გახდებოდა. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ნაკრებმა შესაძლოა, ოლიმპიადის საგზური მოიპოვოს და ევრობასკეტი 2025-ის საკვალიფიკაციო ციკლიც არაა შორს, ახალი ნატურალიზებული კალათბურთელის შემადგენლობაში ახლავე ჩართვა პრიორიტეტულ საკითხად მოსჩანს.

შეგახსენებთ, რომ რომ მსოფლიოს 2023 წლის ჩეპიონატი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება, მასპინძლები კი ფილიპინები, იაპონია და ინდონეზია იქნებიან. ტურნირში მონაწილეობას 32 ნაკრები მიიღებს, რომლებიც 8 ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდნენ.

F ჯგუფში ქართველი კალათბურთელების მეტოქეები სლოვენია, ვენესუელა და კაბო-ვერდე იქნებიან. მატჩები იაპონიის ქალაქ ოკინავაში Okinawa Arena-ზე (ტევადობა 10 ათასი) ჩატარდება და ქართველი კალათბურთელები მე-2 ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელად ორ საუკეთესო ნაკრებს შორის უნდა მოხვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, თამაშს მეჩვიდმეტე-ოცდამეთორეტე ადგილებისთვის გააგრძელებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები