Thumbnail

უცნაური ბიჭი უცნაური გუნდიდან - იოკიჩის დაუჯერებელი ამბავი

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • ნიკოლა იოკიჩს უნიკალური და არასტანდარტული სათამაშო უნარები აქვს
  • იგი ძირითადად მისი საკალათბურთო ინტელექტის ხარჯზე თამაშობს
  • დენვერი ლიგის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად ვარსკლავური გუნდია

„სიმართლე რომ გითხრათ, აღარც მახსოვს, როგორ იყო“ - ასე უპასუხა ნიკოლა იოკიჩმა რამდენიმე კვირის წინ ჟურნალისტის შეკითხვას, როცა ამ უკანასკნელმა ‘ბაბლში’ ორიოდე წლის წინანდელი, ლეიკერსთან გამართული კონფერენციის ფინალი გაახსენა კვლავ ლეიკერსთან გასამართი წლევანდელი კონფერენციის ფინალის წინ.

ჟურნალისტის შეკითხვა სტანდარტული იყო, იოკიჩის პასუხი კი - არა. არასტანდარტული იყო, რადგან NBA-ს და კალათბურთის მორალი, ის პრინციპები, რომლებიც ჯორდანმა, ლარიმ, კობიმ და სხვა დიადებმა დაამკვიდრეს, სხვა რამეს გულისხმობს. გულისხმობს შურისძიებას, მარცხის შემდეგ უკეთესად გახდომის სურვილს და მოტივაციას, ამ მარცხით და შურისძიების წყურვილით ცხოვრებას, სულ მცირე მარცხისგან სწავლას და გაუმჯობესებას მაინც.

ანუ, რა გამოვიდა: ნიკოლა იოკიჩი, ახალგაზრდა სერბი პროვინციული გუნდიდან, თავის ცხოვრებაში პირველ კონფერენციის ფინალში თვით ლეგენდარულ ლებრონ ჯეიმსს და ლოს ანჯელეს ლეიკერსს ხვდება და აღარც კი ახსოვს, ეს ამბავი როგორ იყო. თან, თავს კი არ იკატუნებს, დიპლომატიას კი არ იმარჯვებს, გულწრფელი, ბავშვური, ალალი ღიმილით გეუბნება, რომ დაავიწყდა. არანაირი რევანში, არანაირი "ლებრონს შევხვდით და ბევრი რამ ვისწავლეთ", არანაირი „ახლა სხვანაირად იქნება“ - არანაირი NBA-სთვის ასე სახასიათო კონკურენციის, შეჯიბრობითობის და გაუმჯობესების სული და პრინციპები. იოკიჩი ამ ამბავში მართალი და ალალია - ის ყველა სხვა ვარსკვლავისგან განსხვავდება, როგორც პარკეტზე, ისე მის მიღმა.

იოკიჩი უკვე ორგზის MVP-ია

ადამიანურად ნიკოლა სპორსტმენს საერთოდ არ ჰგავს, მით უმეტეს, სუპერვარსკვლავს - თავი დავანებოთ მის არცთუ ისე სპორტულ თუ ათლეტურ აღნაგობას, სირბილის უცნაურ, უფრო სწორად მოუხეშავ სტილს, ისედაც, ხასიათითაც კეთილი, უბრალო ბიჭია ბალკანეთიდან - სიმაღლე და გაბარიტები რომ არა, ქუჩაში თვალშიც არ მოგხვდებოდა. ასეც ლაპარაკობს და იქცევა - ვარჯიშით ღამის თენების ისტორიებს და სამოტივაციო ფრაზებს მისგან არ უნდა ელოდოთ.

კიდევ უფრო არასტანდარტულია მისი თამაში. 211-სანტიმეტრიანი და 130-კილოინი კაცი ბურთს გამთამაშებელივით ფლობს, პარკეტს ისე ხედავს, როგორც სულ მცირე კრის პოლი, კარგ შემთხვევაში კი მეჯიქ ჯონსონი გეგონებათ. წლევანდელ პლეი ოფში საშუალოდ 30.4 ქულა, 13.8 მოხსნა და 10.2 შედეგიანი გადაცემა აქვს. 13 თამაშში 8 სამმაგი დუბლი ჰქონდა. ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

შენიშვნა: სტატისტიკაში არ არის გათვალისწინებული მაიამისთან სუპერფინალის მონაცემები.

ამ გაბარიტების მქონე მოთამაშისთვის იოკიჩს არანორმალურად რბილი ხელი აქვს - ძალიან კარგად ისვრის, როგორც სამიანებს, ისე საშუალოდან, გრძელ ორიანებს. ესეც ანომალიაა - ცენტრის მოქმედების სფერო უფრო სამწამიანი უნდა იყოს. იოკიჩი პერიმეტრიდან წლევანდელ პლეიოფში 47 პროცენტით ისვრის. სტეფ კარის პროცენტია.

სამწამიანში შეუჩერებელია - თავისი დიდი წონით, სიმძიმის დაბალი ცენტრით და ჯანით, მუდამ ახერხებს სამწამიანში ფართან ახლოს მოხვდეს, საიდანაც პრაქტიკულად არ აცილებს.

ერთი-ერთზე ვერ აჩერებ, როგორც კი ორმაგ დაცვაზე გადადიხარ, აღმოაჩენ, რომ პარკეტს იდეალურად ხედავს და წამის მეასედში პოულობს თავისუფალ პარტნიორს. არადა, მთელი დენვერი ისვრის - როგორ გინდა პერიმეტრიდან 41-პროცენტიანი მსროლელი მაიკლ პორტერ ჯუნიორის მარტო დატოვება?!

პლეი ოფების წინ საინტერესო სტატია ჰქონდა ‘ატლეტიკს’ - მწვრთნელებს, სკაუტებს და მენეჯრებს ანონიმურად სხვადასხვა მოთამაშის სახასიათო თვისებებზე ეკითხებოდა. იოკიჩზე საინტერესო რამ თქვეს: მის წინააღმდეგ, როცა თამაშობ, ყველაზე კარგი ვარიანტია, რომ მარტო ითამაშოს, ჩაყაროს, თუნდაც 40-ქულიანი თამაში ჰქონდეს. იმიტომ, რომ როგორც კი იოკიჩი იწყებს ბურთის მოძრაობას და პასების გაკეთებას, მთელი დენვერი ირთვება და მერე უკვე ამის შეჩერება შეუძლებელია. მარი პოულობს სუსტ წერტილებს მეტოქის დაცვაში, გორდონი სამწამიანში ტენის, მაიკლ პორტერი სამიანებს აგდებს - იოკიჩი თითქოს მოტორია, მთელ გუნდს რთავს. სწორედ ეს არის მისი ყველაზე ძლიერი მხარე, მისი არასტანდარტულობა - გუნდი კი არ თამაშობს მასზე, პირიქით ის ათამაშებს გუნდს, მასთან ერთად ყველა მოთამაშე უკეთესი ხდება. ის ცენტრი-გამთამაშებელია. სწორედ ამიტომაა, რომ პლეი ოფებში იოკიჩს ყველა თამაში აქვს წაგებული, როცა 40-50 ქულას აგდებს. ეს იმას ნიშნავს, რომ დენვერს თამაში არ მისდის და „ჯოკერი“ იძულებულია, თამაში თავის თავზე აიღოს.

პირიქით, როცა იოკიჩს 25 ქულა და 15 პასი აქვს, ის თამაში მოგებულია. ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი დენვერი დაფრინავს. სტატისტიკის ენაზე რომ გითხრათ: ამ გუნდს წლევანდელ პლეი ოფში იოკიჩთან ერთად 100 პოზიციაზე 125 ქულა აქვს. ისტორიულ დონეზე შედეგიანი შეტევაა (100 ქულაზე 115 ქულა NBA-ში საშუალო შედეგად ითვლება, 120 ქულა კი ისტორიულად მაგარი შედეგია).

ყველაფრის ამოსავალი მისი არაადეკვატურად მაღალი საკალათბურთო ინტელექტია. სწორედ ამიტომ შევადარე ის კრის პოლს და მეჯიქ ჯონსონს - თამაში ამ დონეზე ესმის. პარკეტზე მოსიარულე მწვრთნელივითაა - მომენტალურად კითხულობს მეტოქეს და სიტუაციას. სწორედ ამიტომ მისი აუჩქარებელი, მომენტებში ნელი თამაშის სტილის მიუხედავად, მაინც ვერაფერს უშვები. იმ ლიგაში, რომელშიც დაფრინავენ, ის არის სუპერვარსკვლავი, რომელიც დადის და ამ სიარულით მაინც იგებს.

მაგალითად, ლეიკერსი წლევანდელი სერიის პირველ თამაშში სამი გარდით გამოვიდა. იოკიჩმა მაშინვე დაიწყო სიმაღლის უპირატესობის გამოყენება, თამაში სამწამიანში გადაიტანა და პირველ 9 წუთში 11 მოხსნა ჰქონდა - უმეტესობა (6 მოხსნა) მეტოქის ფარზე. ლეიკერსის დაბალი ხუთეული პირველივე მეოთხედში მოსპო. მას შემდეგ, რაც მიხვდა, რომ ენტონი დევისი, ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი ინდივიდუალურად მას ტოლს ბევრ არაფერში უდებს, სამწამიანზე ამოიწია, დევისი ამოიტყუა და მეტოქის ცარიელ, დევისის გარეშე დარჩენილ ფართან ათლეტური აარონ გორდონის პასებით მომარაგება დაიწყო. გორდონი ხან ტენიდა, ხან იოლ „ლეი აპებს“ აგდებდა. დევისს ისევ სამწამიანში დაბრუნება მოუწია. როგორც კი პარკეტზე დ'ანჯელო რასელი, ინდივიდუალურად სუსტი მცველი აღმოაჩინა, ყოველ ჯერზე პასით ჯამალ მარის პოულობდა, რომელიც გაცვლის შემდეგ დ'ანჯელოს სისხლს უშრობდა. რასელი პრაქტიკულად უთამაშებელი გახადა.

‘ჯოკერი“ ყველაზე ნაკლებად ეგოისტია. ლეიკერსთან იყო მომენტები, როცა მარის მისდიოდა და სერბს ერთ ნახევარში მხოლოდ 5-7 სროლა ჰქონდა. თუმცა, მაგალითად, მეოთხე თამაშში, მას შემდეგ, რაც მისი გუნდი ანგარიშში ჩამორჩა, თამაში და სროლები თავის თავზე აიღო და მეოთხე მეოთხედი მარტომ მოიგო. ისევ სიტუაციის შეფასების უნართან მივდივართ.

სწორედ ამიტომ, წლევანდელი სუპერფინალების წინ ყველა ამბობდა, რომ მაიამისთვის ტიპური ზონის თამაშს დაცვაში იოკიჩის წინააღმდეგ აზრი არ აქვს. ‘ჯოკერი’ თავისი ინტელექტით ნებისმიერ ზონას შლის. ამ სეზონში დენვერს ზონალური დაცვის წინააღმდეგ მთელს ლიგაში საუკეთესო შედეგი ჰქონდა - ისევ 100 პოზიციაზე 125 ქულასთან მივდივართ.

ამ უნარების მქონე მოთამაშე უბრალოდ არ იკეტება - იმდენად ჭკვიანია, იმდენად ბევრი რამ იცის, რომ ვერაფერს უზამ. ვერაფერი უქნა თვით ლეიკერსის ნაქებმა დაცვამ და ენტონი დევისმა, ლიგაში ალბათ საუკეთესო მცველმა.

იოკიჩის და დევისის დაპირისპირება კონფერენციის ფინალების მთავარი ინტრიგა იყო

სიმბოლურია, რომ ეს უბრალო და არასტანდარტული კაცი დენვერში თამაშობს, რომელიც NBA-ს გუნდებს შორის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად ვარსკვლავური ორგანიზაციაა. მთელ დენვერს მთიან კოლორადოში ყველა სოციალურ ქსელში ერთად სულ 7 მილიონი მიმდევარი ჰყავს. ვგულისხმობს ყველას ერთად - ანუ მთელი ამ ინსტაგრამ-ტვიტერ-ფეისბუქების ჯამს.

დენვერში რელიგიის დონეზეა ამერიკული ფეხბურთი და ადგილობრივი დენვერ ბრონკოსი. ერთხელ ვარ, ერთი დღით ნამყოფი და სულ სხვა ამერიკა იყო, სხვა ეპოქის და სხვა განზომილების. თუკი ნიუ იორკში ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეიძლება ნახო კალათბურთის ბურთით მოსიარულე ბავშვები, რომლებიც მაგალითად სკოლაში მიდიან, თან ქუჩაში ბურთის ტარებით მისეირნობენ და მაშინვე ხვდები, თუ კალათბურთის რამხელა ტრადიცია აქვს ამ ქალაქს, დენვერში ნახავთ ვესტერნის პერსონაჟივით ჩაცმულ არაერთ ადამიანს, ხშირად დიდი ჩექმებით, ტიპური ქუდით და ყოველ ნაბიჯზე ამ ჩექმების გაწმენდის სერვისი მუშაობს. ფილმებში რომ გვინახავს ისე - ჩექმებს აპრიალებინებენ ქუჩებში. კალათბურთის ბურთი იქ არ მინახავს, სამაგიეროდ კოიოტი ვნახე ცოცხალი. ხომ გითხარით მთაშია ქალაქი, NBA-ს გუნდები იმაზეც წუწუნებენ ზღვის დონიდან ამ სიმაღლეზე თამაში ჭირსო.

დენვერი აქამდე არათუ არასოდეს ყოფილა ჩემპიონი, არამედ იმ 5 გუნდს შორის შედის, რომელიც ფინალებშიც კი არ მოხვედრილა არასოდეს. ამ გუნდის ყველაზე დიდი ვარსკვლავი კარმელო ენტონია - სხვა ძალიან დიდი არც მახსენდება.

ახლა მივიდა ნიკოლა იოკიჩი, სერბი გიგანტი, ბავშვური სახით და დენვერი ყველაზე მრისხანე ძალად აქცია. აქამდე ლეიკერსთან დენვერს შვიდი პლეიოფური დაპირისპირებიდან ყველა წაგებული ჰქონდა. ლეიკერსი კოლორადოელების წყევლა იყო. ‘ჯოკერმა“ ეს ისტორიაც შეცვალა.

ჩემი საყვარელი ამბავი ნიკოლა იოკიჩზე ის არის, რომ დრაფტზე მეორე რაუნდში 41-ე პიკად აირჩიეს. ანუ, მისი დედამიწაზე არავის სჯეროდა და ამ დროს ეკრანზე საერთოდაც რეკლამა გადიოდა. ყველასთვის, მაყურებლისთვის, ტელევიზიისთვის, გულშემატკივრისთვის უინტერესო ამბავი იყო. დრაფტის ბოლოს ვიღაცა მოუქნელი გიგანტი მოდის სერბეთის ღრმა პროვინციიდან NBA-ს ყველაზე უინტერესო გუნდში, სადღაც მთებში. რა თქმა უნდა, ამის ყურებას რეკლამა სჯობია. არადა, სხვა ისტორია გამოვიდა. ეს დენვერი მართლა დაფრინავს, ნიკოლა იოკიჩი კი ისტორიულად მაგარია - ორგზის MVP-ს ჯორდანის და ჩემბერლენის კალიბრის პლეი ოფი აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები