Thumbnail
  • დენვერ ნაგეტსი 104:93 მაიამი ჰიტი
  • ნიკოლა იოკიჩმა თამაში 27 ქულით, 10 მოხსნითა და 14 პასით დაასრულა
  • ჯიმი ბატლერის შედეგიანობა ამ პლეი ოფში ასეთი დაბალი ჯერ არ ყოფილა 

დენვერში NBA-ს სუპერფინალის სერიის პირველი მატჩი გაიმართა - პირველად ისტორიაში. ნაგეტსს 47 მცდელობა დასჭირდა საიმისოდ, რათა დასავლეთ კონფერენციაში ყველა მეტოქისთვის ეჯობნა და ფინალში გასულიყო. 

ნაგეტსი ფინალის პირველ თამაშს უფრო დასვენებული შეხვდა, ვიდრე მაიამი და ეს პარკეტზე თავიდანვე კარგად გამოჩნდა. პლეი ოფის მთავარმა სენსაციამ, ჰიტმა, აღმოსავლეთის ფინალის შემდეგ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად აღდგენა აშკარად ვერ მოასწრო. მასპინძელთა უპირატესობა პირველ მეოთხედშივე გამოიკვეთა და თამაშის ბოლომდე შენარჩუნდა.  

"პეპსი ცენტში" შეუჩერებელი ნიკოლა იოკიჩი იყო, რომელმაც პლეი ოფში უკვე მეცხრე სამმაგი დუბლი შეასრულა. სერბმა ცენტრმა მოედანზე გატარებულ 40 წუთში 27 ქულა (12-იდან 8 თამაშიდან), 10 მოხსნა და 14 პასი მიითვალა. 

იოკიჩმა, რომელსაც სულ 2 დაკარგვა ჰქონდა, მეხუთე ნომრებს შორის შედეგიანი გადაცემებით NBA-ს გადამწვეტი სერიების რეკორდი დაამყარა. უწინდელი მიღწევა სელტიკსის ცენტრ ბილ რასელს ეკუთვნოდა, რომელმაც 1969 წლის წლის ფინალში ლეიკერსთან 13 პასი მიითვალა.

კარგი მატჩი გამოუვიდა დენვერის კანადელ გამთამაშებელ ჯამალ მარეისაც, რომელმაც თამაში 26 ქულით, 10 პასითა და 6 მოხსნით დაასრულა. მარეის თამაშიდან 22-იდან 11 ზუსტი ტყორცნა ჰქონდა, 7 სამქულიანიდან - 2 ზუსტი. 

"ამაშია ჩვენი გუნდის ხიბლი. გვაქვს ბევრი ოპცია, გვყავს ბევრი მოთამაშე, რომლებსაც ყურადღების დათმობა სჭირდებათ. თავდაცვა თითოული მათგანის წინააღმდეგ არის საჭირო. ჩვენ ვთამაშობთ სიტუაციიდან გამომდინარე, გვეხერხება იმპროვიზაცია. ეს ძალიან მაგარია", - თქვა მარეიმ თამაშის შემდეგ.

სტუმართა რიგებში დუბლით ბემ ადებაიო გამოირჩა (26 ქულა, 13 მოხსნა, 5 პასი). შედეგიანი იყო მაიამელთა ნიგერიელი გამთამაშებელი გეიბ ვინსენტიც, რომელმაც 19 ქულა ჩააგდო. ჰიტის ლიდერმა ჯიმი ბატლერმა 13 ქულა, 7-7- მოხსნა და პასი მიითვალა, რომელმაც თამაშიდან 14-იდან 6 სროლა გამოიყენა. აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალების MVP-ისთვის 13 ქულა ყველაზე დაბალი შედეგია NBA-ს ამ სეზონის პლეი ოფის მატჩებში. 

ფაქტია, ნაგეტსი 2023 წლის პლეი ოფში საშინაო თამაშებს არ აგებს. მანამდე გუნდმა დენვერში სერიების ყველა მატჩი მოიგო მინესოტასთან, ფინიქსსა და ლეიკერსთან. 

 

თამაშის შემდეგ ნაგეტსის მთავარმა მწვრთნელმა მაიკლ მელოუნმა ყურადღება იმ ფაქტზე გაამახვილა, რომ ჰიტს პლეი ოფის წინა სერიების (მილუოკისთან, ნიუ იორკსა და ბოსტონთან) პირველ მატჩებში, სტუმრად მოპოვებული წარმატების ხარჯზე, უპირატესობა 3-0 ჰქონდა. დენვერმა მაიამის ამის უფლება აღარ მისცა.

"შევახსენე ჩემს გუნდს, რომ მაიამიმ წინა სამი სერია გასვლითი მოგებებით დაიწყო. სწორედ ეს იყო თამაშის წინ ერთ-ერთი მთავარი თემა. გასათვალისწინებელი იყო ის, რომ მაიამიმ სტარტზე მოიგო მილუოკიში, ნიუ იორკსა და ბოსტონში. არ გვსურდა, რომ ეს გამეორებულიყო და საკუთარ მოედანზე სერიაზე კონტროლი დავამყარეთ". 

დენვერ ნაგეტსისა და მაიამი ჰიტის სერიის მეორე დაპირისპირება 5 ივნისს გაიმართება. 

კომენტარები

ბოლო ამბები