Thumbnail

‘შედეგით კმაყოფილი ვარ’ - ბასილაშვილმა ხელზე ოპერაცია გაიკეთა

ვასილ ჩავლეშვილი პროფილის ფოტო
ვასილ ჩავლეშვილი
  • ქართველმა ჩოგბურთელმა მარჯვენა ხელზე მეორე ოპერაცია გაიკეთა
  • 31 წლის სპორტსმენს ტრავმა დიდი ხნის განმავლობაში აწუხებდა

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მარჯვენა ხელზე ოპერაცია გაიკეთა. "მეორე ოპერაცია ჩავიტარე და შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ", - ინფორმაცია ჩოგბურთელმა Instagram-ზე გაავრცელა.

შეგახსენებთ, 31 წლის ბასილაშვილს ხელის ტრავმა ქრონიკულად აწუხებს და დიდი ხანია სასურველ ჩოგბურთს ვეღარ თამაშობს. მსოფლიო რეიტინგის ყოფილი მე-16 ნომერი ამჟამად, 218-ე ადგილს იკავებს და სამწუხაროა ის ფაქტი, რომ შეხვედრა 18 თებერვლის შემდეგ აღარ მოუგია. "ბასილას" ბოლო ტურნირი როლან გაროსის საკვალიფიკაციო ეტაპი იყო, სადაც იტალიელ ჯულიო ძეპპიერისთან ორ სეტში დამარცხდა - 4:6, 1:6. 

რამდენიმე დღის წინ ბასილაშვილმა სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს მიმართა. მან ფანებს რთული პერიოდის შესახებ მოუყვა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა: 

"დიდი ხანია, არაფერი დამიწერია. ამიტომაც მსურს ქომაგებს და იმ ხალხს, ვინც ჩემზე ზრუნავს, მცირე სიახლე მივაწოდო. ჩემთვის ბოლო 3-4 წელიწადი ძალიან რთული პერიოდი იყო, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე პროფესიულ კარიერაში...

ბოლო სამი წელია, რაც ვებრძვი იდაყვის ტრავმას, რომელიც სრული ენერგიით თამაშის საშუალებას არ მაძლევს. მხოლოდ ჩემი შესაძლებლობების ნახევარს ვიყენებ, ყოველდღე ვსვამ ტკივილგამაყუჩებლებს და ახალ-ახალი გამოსავალის ძიებაში ვარ. კორტზე ყოველი გასვლა ენით აუწერელ ტკივილს მაყენებდა, რომელიც თავდაჯერებულობას მიკარგავს და ენერგიას მართმევს. არადა, ადრე ჩოგბურთის თამაშით სიამოვნებას ვიღებდი. მე მაინც არ ვნებდები, მჯერა, გამოსავალს ვიპოვი, რისთვისაც ყველაფერს გავაკეთებ. გმადლობთ მხარდაჭერისთვის".

ჯერჯერობით უცნობია, როდის დაუბრუნდება კორტს ქართველი ჩოგბურთელი, სავარაუდოა, რომ ის ATP-ს რეიტინგში უფრო მეტად დაქვეითდება.  

კომენტარები

ბოლო ამბები