Thumbnail
  • ბექა ღვინიაშვილი ძალებს 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოსინჯავს
  • ყაზახეთის დედაქალაქი IJF-ის ტურნირს 16-18 ივნისს უმასპინძლებს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა წინასწარი შემადგენლობა დაასახელა ასტანის გრანდ სლემისთვის, რომელსაც ყაზახეთის დედაქალაქი 16-18 ივნისს უმასპინძლებს.

შემადგენლობაში არ არიან ქალთა ნაკრების წარმომადგენლები, კაცთაგან კი ტატამიზე 10 ძიუდოისტს ვიხილავთ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ერთბაშად 5 წონითი კატეგორია ექნება გაორებული, 60 და 90 კგ-ებში კი ძიდოისტები არ გვეყოლება.

და ყველაზე საინტერესო. განაცხადის თანახმად, ამჯერად 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში იასპარეზებს 27 წლის ბექა ღვინიაშვილი, რომელსაც 90 კგ-ში არსებული უდიდესი კონკურენციის პირობებში, მნიშვნელოვან ტურნირებზე ნაკრებში მოხვედრა უკვე ძალიან უჭირდა.

2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ბექა ღვინიაშვილი სწორედ 100 კგ-მდე წონაში გამოვიდა

შეგახსენებთ, რომ 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში საქართველოს ღირსებას ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე იცავენ. პირველი მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონია, მეორე კი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი. ამ ფონზე ღვინიაშვილის გადაწყვეტილება ზედა წონაში აინაცვლოს, ლოგიკურად მოსჩანს, მითუმეტეს, რომ მას 100 კგ-ში ასპარეზობის გამოცდილება გააჩნია.

შეგახსენებთ, რომ ბექა სწორედ 100 კგ-ში გამოვიდა 2016 წლის რიოს ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც მეოთხედფინალამდე მისვლა მოახერხა, შემდეგ კი, ფრანგ სირილ მარესთანა და რეპეშაჟში იაპონელ რიუნოსუკესთან დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა. ამ წონაში ღვინიაშვილის მთავარი კონკურენტები რეიტინგის ლიდერი ილია სულამანიძე, საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი და ონისე სანებლიძე იქნებიან.

საქართველოს ნაკრები ასტანის გრანდ სლემზე

გიორგი თუთაშვილი, ლაშა ნადირაძე (ორივე - 66 კგ.), კოტე კაპანაძე, გიორგი ტერაშვილი (ორივე - 73 კგ.), ზაურ დვალაშვილი, დიმიტრი გოჩილაიძე (ორივე - 81 კგ.), ბექა ღვინიაშვილი, გიორგი ბერიაშვილი (ორივე - 100 კგ.), გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი (ორივე - 100 კგ.).

კომენტარები

ბოლო ამბები