Thumbnail

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა რამაზ ზოიძემ (72 კგ.) ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონ მოჰამადრეზა აბდულჰამიდ გერაეისთან შთამბეჭდავი რევანში აიღო და ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში მიმდინარე სარეიტინგო ტურნირის ჩემპიონი გახდა.

შეგახსენებთ, რომ გერაეიმ ოქროს მედლები 2020 წლის ოლიმპიადასა და 2021 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მოიპოვა და ორივე შემთხვევაში, ნახევარფინალში სწორედ ზოიძეს სძლია. ამჯერად, რამაზის უპირატესობა აშკარა იყო. მან ირანელს შანსი არ დაუტოვა და ფინალში ვადაზე ადრე - 11:1 მოუგო.

რამაზ ზოიძის დამაჯერებელი გამარჯვება ბიშკეკის საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირის ფინალში ირანელი მოქმედი ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონის მოჰამედრეზა გერაის წინააღმდეგ

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on Friday, June 2, 2023


ცნობისთვის, ზოიძე ბიშკეკის ტურნირში კვალიფიკაციიდან ჩაერთო, სადაც მასპინძელი ხაბიბულო ტინჩტიკ უულო 10:0 დაამარცხა, მეოთხედფინალში ყაზახ იერასილ ნურბოსინოვს 9:0 სძლია და არც ნახევარფინალში ჰქონია პრობლემა უზბეკ აბდულო ალიევთან - 4:0.

ამავე წონაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა ოთარ აბულაძე, რომელმაც კვალიფიკაციაში სწორედ ხსენებულ გერაეისთან 3:9 წააგო, რეპეშაჟში კი ყაზახ ადილხან სატაიევსა (8:0) და ინდოელ ვიკას ვიკასს (2:0) აჯობა.

ოთარ აბულაძემ ინდოელი მეტოქე დაამარცხა და ბიშკეკის საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on Friday, June 2, 2023


ყირგიზეთში ვერცხლის მედალს დაეუფლა იური ლომაძე (77 კგ.), რომელიც ფინალში ირანელ მოჰამადალი აბდულჰამიდ გერაეისთან 3:8 დამარცხდა. მანამდე, ქართველმა ფალავანმა გზიდან ყაზახი მახატ იერეჟეპოვი (4:3), უზბეკი სამანდარ ბობონაზაროვი (9:0) და თურქი იუკსელ სარიჩიჩეკი (7:1) ჩამოიცილა.

ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა გელა ბოლქვაძემ (82 კგ.), რომელმაც ყირგიზების - ტემირლან ბელტურდიევისა (9:0) და რუსლან ცარევის (9:0) დამარცხების შემდეგ, ნახევარფინალში ირანელ ალირეზა აზიზხონ მოჰმადიპიანისთან 1:4 წააგო, რეპეშაჟში კი ყაზახ შამილ ბატიროვს 9:0 სძლია.

გელა ბოლქვაძემ ბიშკეკის საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on Friday, June 2, 2023


შეგახსენებთ, რომ გუშინ ბიშკეკის ტურნირზე კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლა მოახერხა ლერი აბულაძემ (63 კგ.), ხოლო გურამ ხეცურიანი (87 კგ.) ვერცხლის მედალს დაეუფლა.

კომენტარები

ბოლო ამბები