Thumbnail
  • ჩვენს YouTube-ზე "გასვლითი შეხვედრის" ახალი ეპიზოდის პრემიერა შედგა
  • ევროპოპის გადამღები ჯგუფი ამჯერად შოთა არველაძესთან ერთად გლაზგოში იმყოფებოდა
  • როგორ ცხოვრობენ და როგორი საზოგადოების წევრები არიან - სერიები ქართველ სპორტსმენებზე

ევროპოპი სტუმრად ქართველ სპორტსმენებთან - ჩვენს YouTube არხზე განსაკუთრებული პროექტის, "გასვლითი შეხვედრის" ახალი ეპიზოდი გამოქვეყნდა.

ჩვენი გადამღები ჯგუფი ამჯერად შოტლანდიაში იმყოფებოდა შოთა არველაძესთან ერთად და "გასვლითი შეხვედრის" ახალი სერია სწორედ ქართული ფეხბურთის ლეგენდას ეძღვნება.

საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის შესახებ გასვლითი შეხვედრების ტრილოგია გელოდებათ - პირველ ეპიზოდში ჩვენ შოთისთან ერთად გლაზგოში ვიყავით, სადაც, როგორც იცით, რეინჯერსის ღირსებას იცავდა. შოტლანდიასთან არველაძეს ერთ-ერთი საუკეთესო მოგონებები აკავშირებს და მათგან საუკეთესო მოგონებებზე ძალიან გულახდილად გვესაუბრა. აქვე გეტყვით, რომ მომდევნო ეპიზოდი არველაძესთან ერთად ამსტერდამში მოგზაურობას დაეთმობა, ხოლო მესამე კი მასთან ალბათ ყველაზე გულახდილ ინტერვიუს. ნახეთ შოთისთან ერთად "გასვლითი შეხვედრის" პირველი ეპიზოდი და დაელოდეთ მეორე და მესამე სერიებს.

როგორც მოსალოდნელი იყო, შოთისთან ერთად მოგზაურობა ძალიან საინტერესო გამოვიდა და გვჯერა, რომ ამაში პირველივე ეპიზოდი თქვენც დაგარწმუნებთ. ნახეთ და გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები.

"გასვლითი შეხვედრა" - ასე ჰქვია სერიებს, რომლის ფარგლებშიც ქართველ სპორტსმენებს იმ ქალაქებში ვსტუმრობთ, სადაც ცხოვრობენ და მუშაობენ, ან უცხოვრიათ და უმუშავიათ. გადაცემის წამყვანი, მარკეტერი და პრომოუტერი ლევან ღვინიანიძეა, რომელსაც ქართულ სპორტში მნიშვნელოვან პროექტებსა თუ პოზიციებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

პირველი სერიის სტუმარი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი დათი ხოჭოლავა იყო. მეორე ეპიზოდის გადასაღებად ლიონში ჩავედით, სადაც საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრებს, დავით ნინიაშვილს და ბექა საღინაძეს შევხვდით. ამის შემდეგ იყო შეხვედრა გრაცში, ოთარ კიტეიშვილთან, რომელიც ავსტრიული შტურმის და საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია. მეოთხე სერიაში კი ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი გაგაცანით ახლოს, რომლებსაც პოლონეთის ქალაქ პოზნანში ვესტუმრეთ. პირველი სეზონი 2022 წლის ბოლოს, გურამ კაშიასთან სტუმრობით დაიხურა. ახალი სეზონი თებერვლის ბოლოს, გიორგი შერმადინთან ტენერიფეში სტუმრობით გავხსენით, მეორე სერია ძიუდოისტ ნიკოლოზ შერაზადიშვილს მიეძღვნა, ხოლო მესამე კი - საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელ ლევან ყენიას.

კომენტარები

ბოლო ამბები