- ლაშა შავდათუაშვილი 73 კგ-ში პირველიდან მესამე ადგილამდე დაქვეითდა
- ქართველი ძიუდოისტები შვიდიდან სამ წონით კატეგორიაში ლიდერობენ
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში გამართული გრან პრის შემდეგ რეიტინგი განაახლა. ცვლილებები ქართველ ძიუდოისტებსაც შეეხოთ, რომელთაც გასულ ტურნირში მონაწილეობა არ მიუღიათ. ქართველი ქომაგისთვის ყველაზე საინტერესო სიახლე ისაა, რომ საკუთარ წონაში ლიდერობა დაკარგა და პირველიდან მესამე ადგილამდე ჩამოქვეითდა ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ).
60 კგ.
ამ წონაში მე-5 ადგილი შეინარჩუნა გიორგი სარდალაშვილმა (4 906 ქულა), რომელმაც გასულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 19 წლის ქართველი ძიუდოისტი მხოლოდ ახალ ლიდერ იუნგ ვეი იანგს (ტაივანი, 5 575), ფრანსისკო გარიგოსს (ესპანეთი, 5 234), ჰარიმ ლისა (სამხრეთ კორეა, 5 150) და ბალაბაი აღაიევს (აზერბაიჯანი, 5 081) ჩამორჩება. ლუხუმ ჩხვიმიანი (2 262) მეოცეა, თემურ ნოზაძე (1 625) – 27-ე, ხოლო ჯაბა პაპინაშვილი (933) – 42-ე.
66 კგ.
ერთი ადგილით დაწინაურდა და მე-4 ადგილზე იმყოფება ვაჟა მარგველაშვილი (4 591). მას დენის ვიერუ (მოლდოვა, 6 455), ჰიფუმი აბე (იაპონია, 6 100) და ბასხუუ იონდონპერენლეი (4 894) უსწრებენ, ხუთეულში კი ბარუხ შმაილოვიც (ისრაელი, 4 482) იმყოფება. ამავე წონაში ერთბაშად 15 პოზიცია დაკარგა და 914 ქულით 49-ეა გიორგი თუთაშვილი.
73 კგ.
როგორც აღვნიშნეთ, წონაში მე-3 ადგილამდე დაქვეითდა ლაშა შავდათუაშვილი, რომელსაც 5 496 ქულა შერჩა. მის წინ ჰიდაიატ ჰეიდაროვი (აზერბაიჯანი, 6 000) და ცოგტბაატარ ცენდ-ოჩირი (მონღოლეთი, 5 638) აღმოჩნდნენ, უახლოესი მდევრები კი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ნილს სტამპი (შვეიცარია, 4 940) და მანუელ ლომბარდო (იტალია, 4 810) არიან. გიორგი ტერაშვილს 1 582 ქულით 27-ე პოზიცია უკავია.
81 კგ.
წონის ლიდერად ტატო გრიგალაშვილი რჩება. ქართველ ძიუდოისტს ქულები კი დააკლდა, თუმცა, მისი შედეგი (9 296) კაცთა და ქალთა ყველა წონითი კატეგორიისთვის მაინც სარეკორდო მაჩვენებელია. გრიგალაშვილის გარდა, მოწინავე ხუთეულში არიან მატიას კასე (ბელგია, 7 885), საეიდ მოლაეი (აზერბაიჯანი, 5 645), ტაკანორი ნაგასე (იაპონია, 4 300) და ავსტრიის სახელით მოასპარეზე შამილ ბორჩაშვილი (4 091). ამავე წონაში ზაურ დვალაშვილი (915) 51-ეა, გიორგი შერაზადიშვილი (818) - 54-ე, ხოლო დიმიტრი გოჩილაიძე (725) - 56-ე.

90 კგ.
ამ წონის მოწინავეთა ხუთეულში ერთბაშად 3 ქართველი ძიუდოისტი რჩება. ლიდერი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ლუკა მაისურაძეა 7 50 ქულით, ლაშა ბექაურმა (5 100) და ბექა ღვინიაშვილმა (4 783) კი ადგილები გაცვალეს და შესაბამისად, მეოთხე-მეხუთე პოზიციებზე იმყოფებიან. ქართველ ძიუდოისტებს შორის იაპონელ სანშირო მურაოსა (6 030) და უზბეკ დავლატ ბობონოვს (5 398) ვხედავთ.
100 კგ.
6 283 ქულით პირველ ადგილზე დარჩა ილია სულამანიძე, რომელსაც კვალში ზელიმ კოცოიევი (5 911), მიხაელ კორელი (ნიდერლანდები, 5 503), კაილ რეიესი (კანადა, 4 568) და პეტერ პალჩიკი (ისრაელი, 4 397) უდგანან. საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი (3 275) მეცხრეა, ონისე სანებლიძე (1 800) – 30-ე, ხოლო გიორგი ბერიაშვილი (1 005) – 41-ე.
+100 კგ.
მძიმე წონაში ქართველთაგან საუკეთესო შედეგი გურამ თუშიშვილს (3 285) აქვს, რომელიც მე-11 ადგილამდე აღზევდა. გელა ზაალიშვილი (2 612) მე-18-ეა, საბა ინანეიშვილი (1 110) - 38-ე, ირაკლი დემეტრაშვილი (636) - 54, ხოლო ლევან მატიაშვილი (616) - 58-ე. წონის ლიდერები ტემურ რახიმოვი (ტაჯიკეთი, 6 211), ალიშერ იუსუპოვი (უზბეკეთი, 5 320), ტაცურუ საიტო (იაპონია, 4 920), ცეცენცენგელ ოდხუუ (მონღოლეთი, 4 689) და ტედი რინერი (საფრანგეთი, 4 550) არიან.
ქალები
57 კგ-მდე წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანი (4 231) 1 ადგილით დაწინაურდა და მე-6 ადგილზეა, ეთერ ასკილაშვილი (310) 63 კგ-ში 81-ეა, ხოლო მძიმეწონოსანი (+78 კგ.) სოფიო სომხიშვილი (2 623) - მეჩვიდმეტე.
IJF-ის რეიტინგში მორიგ ცვლილებებს ასტანის გრანდ სლემის შემდეგ უნდა ველოდეთ, რომელსაც ყაზახეთის დედაქალაქი 16-18 ივნისს უმასპინძლებს. შეგახსენებთ, რომ წინასწარი ინფორმაციით, მომავალ ტურნირზე 10 ქართველ ძიუდოისტს ვიხილავთ.
ესენი არიან: გიორგი თუთაშვილი, ლაშა ნადირაძე (ორივე - 66 კგ.), კოტე კაპანაძე, გიორგი ტერაშვილი (ორივე - 73 კგ.), ზაურ დვალაშვილი, დიმიტრი გოჩილაიძე (ორივე - 81 კგ.), ბექა ღვინიაშვილი, გიორგი ბერიაშვილი (ორივე - 100 კგ.), გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი (ორივე - 100 კგ.).
კომენტარები