Thumbnail

ნაიჯელ უილიამს-გოსი, რომლის შესახებაც EUROPOP უკვე წერდა, რომ შესაძლოა, მან საქართველოს ნაკრებში ითამაშოს, მადრიდის რეალში აღარ ითამაშებს. "სოლო ბასკეტის" ინფორმაციით, მომავალი სეზონის წინ ევროლიგის გამარჯვებულს არგენტინელი ფაკუნდო კამპაცოს დამატების იმედი აქვს, ასევე სერხიო როდრიგესს კონტრაქტს გაუგრძელებენ. 32 წლის გამოცდილი არგენტინელის მისვლით, რეალში უილიამს-გოსის ადგილი აღარ რჩება. ამერიკელს კონტრაქტი რეალთან თვის ბოლოს ეწურება. 

წასვლამდე უილიამს-გოსს ლიგა ენდესას მოგებაც სურს

უილიამს-გოსი შესაძლოა, ოლიმპიაკოსში დაბრუნდეს, წერს "სოლო ბასკეტი". შეგახსენებთ, რომ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ნაიჯელ უილიამს-გოსთან ინტენსიური მოლაპარაკება მიმდინარეობს, მისი ნატურალიზაციის შესახებ. მან შესაძლოა, მსოფლიოს ჩემპიონატზე თად მაკფადენი შეცვალოს. 

ნაიჯელ უილიამს-გოსი კოლეჯების დონეზე ვაშინგტონსა და გონზაგაში თამაშობდა, NBA-ს 2017 წლის დრაფტზე იუტა ჯაზმა 55-ე ნომრად აირჩია (მხოლოდ 11 მატჩი ჩაატარა მინიმალური სათამაშო დროით), რეალში გადასვლამდე კი, ევროპაში სერბული პარტიზანის, ბერძნული ოლიმპიაკოსისა და რუსული ლოკომოტივ-ყუბანის რიგებში უთამაშია.

საინტერესოა, რომ უილიამს-გოსს აშშ-ს ნაკრების მაისურით 19-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი აქვს მოგებული. ეს 2013 წელს ჩეხეთში მოხდა, სადაც ნაიჯელის საშუალო მონაგარი 7.9 ქულა, 2.8 მოხსნა და 2.7 პასი იყო.

მიმდინარე სეზონში მას ევროლიგაში საშუალოდ 7.4 ქულა, 1.3 მოხსნა და 1.3 პასი ჰქონდა (15.47 წუთში), ესპანურ ლიგა ენდესაში კი - 6.6 ქულა, 2.0 მოხსნა და 3.0 პასი (17.54 წუთში). შეგახსენებთ, რომ რეალმა ევროლიგის ოთხთა ფინალში ჯერ ბარსელონას აჯობა (78:66), ფინალში კი ოლიმპიაკოსი 79:78 დაამარცხა. ნაიჯელმა ნახევარფინალში 25:32 წუთში 10 ქულა, 1 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა, გადამწყვეტ მატჩში კი 18.29 წუთში 9 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა ჰქონდა.

ამჟამად, რეალი ლიგა ენდესას პლეი ოფში თამაშობს, მეოთხედფინალური სერია 2:0 მოუგო გრან კანარიას და ნახევარფინალში ბადალონის ჟუვენტუტს ხვდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები