Thumbnail

რუსეთში არ წყდება გამოხმაურება ყინულზე ცეკვაში მათი ოლიმპიური წყვილის საქართველოში გადმოსვლაზე, რამაც ბევრში უკმაყოფილება გამოიწვია. დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის მიერ საქართველოს ეროვნულ გუნდში ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა, რასაც აღნიშნული სპორტსმენების სოციალურ ქსელში გააქტიურებაც მოჰყვა.

დიანამ და გლებმა საქართველოს ნაკრების ფორმებში გადაღებული ფოტო გაავრცელეს, რასაც სამ ენაზე (ქართული, ინგლისური და რუსული) განცხადებაც მოჰყვა:

"მადლიერებას გამოვხატავთ ყველა იმ გულშემატკივრის მიმართ, რომლებიც მუდმივად მხარს გვიჭერდნენ და კვლავაც აგრძელებენ ჩვენ ამ თანადგომას. იწყება სრულიად ახალი ეტაპი ჩვენ სპორტულ ცხოვრებაში. მოუთმენლად ველით შესაძლებლობას ვიასპარეზოთ ყინულის მოედანზე".

დიანა დევისი და გლებ სმოლკინი რუსეთის ნაკრების ფორმებით

აღნიშნულს წინ უძღოდა საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის რელიზი, სადაც ვკითხულობთ:

"2023-2024 წლების სეზონიდან ჩვენ გუნდს შეემატება დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის მოცეკვავე წყვილი. დიანა დევისი ცნობილი მწვრთნელის ეთერ თუთბერიძის ქალიშვილია. ამერიკაში დაბადებული ახალგაზრდა სპორტსმენი, რომელიც საქართველოს მოქალაქეც არის, თავის მეწყვილე და მეუღლე გლებ სმოლკინთან ერთად, რომელიც ისრაელის მოქალაქეა, 2019 წლის მაისიდან დღემდე ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოცდილ სპეციალისტებთან გადის წვრთნებს. დევისი-სმოლკინის წყვილს საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდა 2021-2022 წლებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე და 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობით".

საინტერესოა, რომ რუსეთში აღნიშნულ ფაქტს არცთუ კარგი გამოხმაურება მოჰყვა. მაგალითად, Sports.ru-მ დაწერა, რომ "ესაა, ყველაზე დიდი ფარისევლობა, რაც კი უკანასკნელი წლების განმავლობაში რუსულ ფიგურულ ციგურაობაში მომხდარა".

აპრილში ეთერ თუთბერიძე ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე აღარ მისულა

სტატიაში სხვაც ბევრია საინტერესო: "დევისი და სმოლკინი ამ ტრანსფერით ბედნიერები არიან, არადა, სულ რაღაც ერთი წლის წინ თითქოს მოუთმენლად ელოდნენ რუსულ ტურნირებს, თუმცა, არცერთ მათგანზე არ ჩამოვიდნენ. პროფესიული საზოგადოება, რომელიც დიანასა და გლების ოსტატობით აღტაცებას გამოთქვამდა, ახლა იმაზე "შეთანხმდა", რომ მათ კარგი წყვილი აქვთ, თუმცა, არაფერი განსაკუთრებული. შეიცვალა ეთერ თუთბერიძის განწყობებიც, რომელიც თითქოს რუსეთს ყველაზე წინ აყენებდა და იმასაც კი ამბობდა, რომ არ სურდა უცხოელი სპორტსმენები ევარჯიშებინა…

დიდი ირონიაა იმაშიც, რომ რუსეთის ფიგურული ციგურაობის ფედერაციამ, რომელიც სწრაფი ქმედებებით არასდროს გამოირჩეოდა, დევისისა და სმოლკინის თაობაზე გადაწყვეტილება 3 დღეში მიიღო. სწორედ ეს დრო გავიდა მას მერე, რაც ქართული ფედერაციისგან თხოვნა იქნა მიღებული. სასაცილოა, რომ აღმასკომს გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა, როდესაც რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ელენა ჩაიკოვსკაია სპორტსმენების საქართველოში გადასვლას სისულელეს უწოდებდა. გამოვიდა, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენმა ფედერაციამ ყველაზე ცინიკური ვარიანტი აირჩია".

რუსებმა თუთბერიძეს ისიც გაუხსენეს, რომ აპრილში ის არ გამოცხადდა ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და რუსი ოლიმპიელების შეხვედრაზე, შემდეგ კი, სოციალური ქსელიდან რუსეთის სახელმწიფო დროშისა და იმავე პუტინთან გადაღებული ფოტოები წაშალა. რუსების აზრით, თუთბერიძემ ეს დასავლეთის მხრიდან პერსონალური სანქციებისგან თავის ასარიდებლად გააკეთა და იმისთვისაც, რომ მის ქალიშვილს ნაკლები პრობელემები შექმნოდა.

კომენტარები

ბოლო ამბები