- OneMan-ის ავტორმა ხვიჩასთან ერთად ნეაპოლი-სტამბოლის რეისით იმგზავრა
- აკის კაცუდასს ქართველმა ვარსკვლავმა სელფისა და ავტოგრაფზე უარი არ უთხრა
- ბერძენი ჟურნალისტი ამ ამბავზე აღფრთოვანებული წერს
ხვიჩა კვარაცხელია არამხოლოდ ქართველი და ნეაპოლელი გულშემატკივრების კუმირია. საქართველოს ნაკრებისა და ნაპოლის 22 წლის ვარსკვლავს ყველგან აღიარებენ, სადაც კი ფეხბურთი უყვართ. აი, მაგალითად, ბერძნული OneMan-ის ჟურნალისტი აკის კაცუდასი აქვეყნებს პუბლიკაციას, სადაც აღფრთოვანებული წერს ამბავს იმაზე, თუ როგორ გაუმართლა და თვითმფრინავში ხვიჩასთან ერთად ნაპოლი-სტამბოლის რეისზე იმგზავრა.
როგორც ირკვევა, ნეაპოლში მყოფ ბერძენ ჟურნალისტს ათენის პირდაპირ რეისზე აეროპორტში მისვლა დააგვიანდა და იძულებული გახდა, სამშობლოში იმავე დღეს დასაბრუნებლად, სტამბოლის გავლით გამგზავრებულიყო.

"ყველა შემოწმების გავლის შემდეგ, სტამბოლის რეისის გასასვლელთან ვიმყოფები და მობილურ ტელეფონს "ვფურცლავ", როდესაც რამდენიმე მეტრში ვხედავ მამაკაცს კაპიუშონითა და მზის სათვალით. ის ძალიან ჰგავს ხვიჩა კვარაცხელიას. მალევე ვხვდები, რომ ის კი არ ჰგავს, მართლაც ქართველი ფეხბურთელია. გამბედაობას ვიკრებ და მივდივარ მასთან სელფის გადასაღებად. არ მაღელვებს, უარს მეტყვის თუ არა. ის ძალიან თავაზიანია…
ჩასხდომის დრო ახლოვდება. ის და მისი ოჯახის წევრები ადგილებს იკავებენ. არ შეიძლება, რომ ინტერვიუ არ ვთხოვო. "ერთი წუთით", - მივმართავ მამამისს, რომელიც მას შემდეგ, რაც იგებს, რომ ჟურნალისტი ვარ, იცინის. ის ხვიჩას რაღაცას ქართულად ესაუბრება, შემდეგ კი ზრდილობიანად უარს მეუბნება: "სამწუხაროდ, მას არ შეუძლია თქვენთან დალაპარაკება. თუკი ის ამას გააკეთებს, ნაპოლისგან პრობლემები შეექმნება". კარგად მესმის მისი…
თვითმფრინავში ჩასხდომის წინ ბოლო მცდელობას მივმართავ. "იცით, ეს ინტერვიუ არ არის, მაგრამ ნება მომეცით, გკითხოთ: თუ გახსოვთ ის მატჩი, რომელიც მუნდიალის შესარჩევ ციკლში საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარეთ?" (საბერძნეთი 1:1 საქართველო) მას ეცინება და მპასუხობს: "დიახ". "შენ არაჩვეულებრივი იყავი", - ვამატებ მე. "დიდი მადლობა"...

თვითმფრინავში ადგილებს ვიკავებთ. ის თავს უფრო თავისუფლად გრძნობს. იშორებს კაპიუშონს, იხსნის სათვალეს და მსურველებს მასთან ფოტოს გადაღების საშუალებას აძლევს. მათ შორის არიან მისი თანამემამულე ქართველები, რომლებიც ნეაპოლში სწორედ მის გამო ჩავიდნენ. მამამისს თვალები უცრემლიანდება.
თვითმფრინავი აფრინდა. ვიცი, რომ ვიმყოფები ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საჰაერო რეისზე, რომელიც კი პლანეტაზე ამ დროისთვის სრულდება. ხუმრობა ხომ არ არის, ჩემთან ერთად მსოფლიო ფეხბურთის ყველაზე კაშკაშა მოთამაშე მგზავრობს.
სტამბოლში ორი საათის შემდეგ ჩავფრინდით. მის სიახლოვეს კიდევ ერთხელ აღმოვჩნდი. ჩანთიდან ამოვიღე ნეაპოლში ნაყიდი მისი გამოსახულებიანი დროშა და ვთხოვე ზედ ავტოგრაფის გაკეთება. თხოვნას მაშინვე მისრულებს. შემდეგ ვიმარჯვებ კამერას, რათა სურათი გადავუღო. ამასაც თანხმდება. ალბათ, არც ვახსოვარ, რამდენიმე საათის წინ რომ ველაპარაკე.
სადღაც ჩვენი გზები გაიყო. ის ოჯახთან ერთად საქართველოსკენ გაეშურა, მე კი - ათენისკენ. ემოცია კარგა ხანს გამყვა. ბოლოს და ბოლოს, პატარა ამბავი ხომ არ არის, დააგვიანო შენს რეისზე, მომდევნოზე კი შეხვდე პლანეტის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს", - წერს აკის კაცუდასი.

ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის 33-წლიანი პაუზის შემდეგ "სკუდეტოს" მოგებაში დაეხმარა. 22 წლის შემტევმა სერია A-ს 34 მატჩში 12 გოლი და 10 საგოლე პასი მიითვალა და ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ახლა კვარა საქართველოს ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებშია გამოძახებული. ვილი სანიოლის გუნდი ევროშესარჩევში სტუმრად კვიპროსსა (17 ივნისს) და შოტლანდიაში (20 ივნისს) ითამაშებს, რამაზ სვანაძის შეგირდებს კი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ელით.
კომენტარები