- ლუჩანო სპალეტიმ საყვარელი მანქანა ვერა, მაგრამ მისი საჭე დაიბრუნა
- ნაპოლის ფანებმა დაპირება ბოლომდე არ შეასრულეს, მაგრამ ესეც საქმეა
ეს სუფთა ნეაპოლური ამბავია, ასეთი რამ სხვა ქალაქში ალბათ არ მოხდება…
როგორც იცით, ნაპოლის მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი იტალიის ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ თანამდებობას ტოვებს. და ახლა, როცა მისი წასვლა დადასტურდა და გაოფიციალურდა, ნაპოლის ულტრასმა გულშემატკივრებმა მას ავტომობილის საჭე და აუდიო-დისკები მიუტანეს. უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ დაუბრუნეს.
აი, რა მოხდა მანამდე: 2021 წლის ოქტომბერში ნაპოლის ფანებმა სპალეტის სასტუმროს ფარეხიდან თავისი საყვარელი ავტომობილი Fiat Panda მოჰპარეს. რამდენიმე თვის შემდეგ, როცა ნაპოლიმ სეზონის ბოლოს ჩემპიონობის შანსი დაკარგა, ულტრასები სპალეტის გადადგომას ითხოვდნენ.
“ოღონდ წადი და შენს პანდას დაგიბრუნებთ” - ასეთი შინაარსის ბანერი გააკრეს ნაპოლის ულტრასებმა სტადიონთან. მას მერე წელიწადზე მეტი გავიდა, სპალეტი ნაპოლიში დარჩა და ახლა გმირია, რადგან სამხრეთიტალიურ კლუბს დიდი ხნის ოცნება აუსრულა და 33-წლიანი პაუზის შემდეგ გააჩემპიონა, რაც ისტორიული წარმატებაა.

მიუხედავად ტიტულის მოგებისა, სპალეტი ნაპოლის ტოვებს. შესაბამისად, ნაპოლის ფანების დაპირების შესრულების დროც მოვიდა, მაგრამ როგორც ჩანს, ის “ფიატ პანდა” მაშინდელი სახით აღარ არსებობს. ამიტომ, ულტრასებმა 64 წლის მწვრთნელს იმ მანქანის საჭე და ის აუდიო-დისკები მიუტანეს, რაც მაშინ მანქანაში ჰქონდა. ვიდეოში ნახავთ, როგორ ხსნის სპალეტი ამანათს და როგორი რეაქცია აქვს ამაზე. საჭე და დისკები სპალეტის თვითონ ულტრასებმა გადასცეს, რომლებიც ვიდეოში ნიღბებით არიან, რათა არავინ იცნოს. გამომშვიდობებისას მათ სპალეტის ბანერიც გაუშალეს.
კომენტარები