Thumbnail
  • 25 წლის ქართველი კრემონეზეს მცველებში საუკეთესოდ დაასახელეს
  • იტალიური მედია ლუკა ლოჩოშვილის მებრძოლ ხასიათს გამოარჩევს 

საქართველოს ნაკრებისა და კრემონეზეს მცველ ლუკა ლოჩოშვილს, მიუხედავად იმისა, რომ მისმა გუნდმა სერია A-ში ადგილი ვერ შეინარჩუნა და დაქვეითდა, ერთმნიშვნელოვნად, კარიერაში ყველაზე წარმატებული სეზონი ჰქონდა.

25 წლის ქართველმა ფეხბურთელმა, რომელიც იტალიაში ავსტრიული ვოლფსბერგერიდან შარშან ზაფხულში გადაბარგდა, ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს ლიგაში 25 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა. რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ლუკას სერია A-სთან არათუ ადაპტაცია არ გასჭირვებია, გასულ სეზონში კრემენოზეს დაცვის ხაზის ნამდვილ ბურჯადად მოგვევლინა. 

ჩვენი სიტყვების დასტურია Calcio Cremonese-ს შეფასება, რომელმაც კრემონეზეს სეზონი შეაჯამა. გამოცემამ კრემონას გუნდის დაცვის ხაზის მოთამაშეებში ყველაზე მაღალი შეფასება სწორედ ქართველს დაუწერა (ლეონარდო სერნიკოლასთან ერთად) - 7.  

"გუნდის მცველებს შორის ქართველი საუკეთესოა. ხანდახან ცდება, მაგრამ ყოველთვის ყურადღებიანია, არასდროს ნებდება და არაფერზე იხევს უკან. ამიტომაც, მას ხშირად ნახავთ თავშეხვეულს, რაც ნამდვილი მებრძოლის ნიშანია", - წერს საიტი. 

კრემონეზემ სერია A-ში გამოსვლა ბოლოსწინა, მე-19 ადგილზე დაასრულა და მომავალ სეზონს სერია B-ში გაატარებს. ლუკა ლოჩოშვილი, რომელსაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 5 მატჩი აქვს ჩატარებული, ვილი სანიოლმა ივნისის შეხვედრებისთვის გამოიძახა. საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე 17 ივნისს კვიპროსს ესტუმრება, 20-ში კი გლაზგოში შოტლანდიას ეთამაშება.

კომენტარები

ბოლო ამბები