Thumbnail
  • გორან დრაგიჩმა დაადასტურა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშს არ აპირებს
  • გასულ ევრობასკეტზე მას საშუალოდ 27.9 წუთში 14.9 ქულა, 3.6 მოხსნა და 3.7 პასი ჰქონდა

სლოვენიის საკალათბურთო ნაკრები, რომელიც 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს მეტოქეთა შორისაა, მომავალ ტურნირზე ერთ-ერთი უმთავრესი ვარსკვლავის გარეშე წარსდგება.

37 წლის გორან დრაგიჩმა, რომელიც ამჟამად მილუოკი ბაქსის ღირსებას იცავს, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ არ აპირებს მსოფლიოს პირველობაზე თამაშს და შესაბამისად, ვერც ქართველ კალათბურთელებს დაუპირისპირდება.

"ვფიქრობ, მაგ დროს სახლში ვიქნები. მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლას არ ვგეგმავ. ეროვნულ ნაკრებში 16 წელი გავატარე, ამას დამატებული NBA და სხვა კლუბები. შესაძლოა, იაპონიაში იმისთვის ჩავიდე, რომ ბიჭებს მხარი დავუჭირო, მაგრამ თამაშს არ ვაპირებ", - აღნიშნა გორანმა.

გორან დრაგიჩი ქართველების გარემოცვაში ევრობასკეტი 2013-ზე

შეგახსენებთ, რომ დრაგიჩი ნაკრებიდან წასვლას ჯერ კიდევ გასულ წელს აპირებდა, თუმცა, გადაწყვეტილება შეცვალა და ევრობასკეტი 2022-ზე წავიდა, სადაც სლოვენია მეოთხედფინალში სენსაციურად პოლონეთთან დამარცხდა.

თავად დრაგიჩს, რომელიც 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია და ექვს ევრობასკეტსა და სამ მსოფლიო თასზე უთამაშია, საკმაოდ წარმატებული ტურნირი ჰქონდა, რადგანაც საშუალოდ 27.9 წუთში 14.9 ქულას, 3.6 მოხსნასა და 3.7 პასს აგროვებდა.

შეგახსენებთ, რომ რომ მსოფლიოს 2023 წლის ჩეპიონატი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება, მასპინძლები კი ფილიპინები, იაპონია და ინდონეზია იქნებიან. ტურნირში მონაწილეობას 32 ნაკრები მიიღებს, რომლებიც 8 ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდნენ.

F ჯგუფში ქართველი კალათბურთელების მეტოქეები სლოვენია, ვენესუელა და კაბო-ვერდე იქნებიან (სლოვენიასთან თამაში 28 აგვისტოსაა). მატჩები იაპონიის ქალაქ ოკინავაში Okinawa Arena-ზე (ტევადობა 10 ათასი) ჩატარდება და ქართველი კალათბურთელები მე-2 ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელად ორ საუკეთესო ნაკრებს შორის უნდა მოხვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, თამაშს მეჩვიდმეტე-ოცდამეთორეტე ადგილებისთვის გააგრძელებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები