- ჟურნალი SPORT BILD მიუნხენის ბაიერნის გეგმებზე წერს
- ჰიონესი, რუმენიგე და ტუხელი ძირეულ ცვლილებებს აპირებენ
ასეთი ძირეული ცვლილებები მიუნხენის ბაიერნში ძალიან იშვიათია ხოლმე, მაგრამ ხანდახან მაინც ხდება და როგორც ჩანს, ამის დრო სწორედ ახლა მოვიდა.
ისტორიულად ქაოსური სეზონის შემდეგ, მიუნხენის ბაიერნის ახალი-ძველი ბოსები ული ჰიონესი და კარლ-ჰაინც რუმენიგე ზაფხულში ბევრი რამის თავდაყირა დაყენებას და ძირეულ ცვლილებებს გეგმავენ. ადრეც ითქვა და ახლაც გაიმეორეს, რომ რეკორდმაისტერის ახალ მთავარ მწვრთნელ თომას ტუხელს არათუ არ ეხებიან, არამედ მასზე დიდ იმედებს ამყარებენ და ბავარიული გრანდის რეკონსტრუქციაში 49 წლის სპეციალისტს მთავარი როლი ექნება.
ჟურნალი SPORT BILD დღევანდელ ნომერში ტუხელისა და ბაიერნის შეფების უახლოესი გეგმების შესახებ წერს.
7 ფეხბურთელს შეუძლია, წავიდეს
ჰიონესმა და რუმენიგემ ტუხელთან ერთად უკვე შეადგინეს იმ ფეხბურთელების სია, რომლებსაც ბაიერნიდან წასვლა შეუძლიათ. ანუ, არ აგდებენ, მაგრამ არც დააკავებენ და თუ მაინც უფრო მეტი კონკრეტიკაა საჭირო, ურჩევნიათ კიდეც, რომ ეს ფეხბურთელები წავიდნენ: სადიო მანე (31 წლის), სერჟ გნაბრი (27), ლეროი სანე (27), ბუნა სარი (31), მარსელ ზაბიტცერი (29) და ალექსანდერ ნიუბელი (26). აქვე ბენჟამენ პავარის საკითხზეც: 27 წლის ფრანგ მცველს ბაიერნთან ახალი კონტრაქტის გაფორმება არ სურს და თუ რომელიმე კლუბი მის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს გადაიხდის, რეკორდმაისტერი მას ახლავე გაუშვებს.
დისკუსიები ერნანდესზე და გორეტცკაზე
ცოტა უფრო რთული და ჩახლართულია ლუკა ერნანდესის (27) და ლეონ გორეტცკას (28) საკითხი. პარი სენ-ჟერმენი ერნანდესს კარგ 5-წლიან კონტრაქტს სთავაზობს. წესით, ერნანდესი მიუნხენურ გრანდთან კონტრაქტს აგრძელებდა, მაგრამ ახლა მოლაპარაკებების ახალი ფაზა დაინიშნა. რაც შეეხება გორეტცკას: მის შესახებ ბოლო დროს ხშირად იყო დისკუსიები. თუკი ის ტუხელის გეგმებში არ შედის, გერმანიის ნაკრების ნახევარმცველმა გამოსავალი უნდა იპოვოს. დიდი ალბათობით მას სათადარიგოთა სკამზე ჯდომა არ მოუნდება და ასეთ შემთხვევაში, მისი ტრანსფერიც რეალურია.

100-მილიონიანი ტრანსფერი შესაძლებელია
SPORT BILD-თან ინტერვიუში ბაიერნის პრეზიდენტმა ჰერბერტ ჰაინერმა, როგორც იქნა, უპასუხა კითხვას, რომელიც რეკორდმაისტერის ყველა გულშემატკივარს აწუხებდა: მისი თქმით, თუ ბაიერნს რომელიმე ფეხბურთელის გადაბირება ძალიან ენდომება, არც 100 მილიონი ევროს გადახდაა პრობლემა. ბაიერნს პირველ რიგში ახალი მაღალი დონის ცენტრფორვარდი სჭირდება. ჰარი კეინი? ვიკტორ ოსიმენი? რანდალ კოლო მუანი? ასევე იწერება იმაზეც, რომ ტუხელს ძალიან უნდა დეკლან რაისის შეძენა, რომელიც საყრდენი ნახევარმცველია და დაახლოებით 80 მილიონი ღირს. მასთან პირველი მოლაპარაკებები უკვე გაიმართა.
დაბრუნდება ტაპალოვიჩი?
გარდა ამისა, ბაიერნის ბოსები სამწვრთნელო შტაბში მეკარეების ყოფილი მწვრთნელის, ტონი ტაპალოვიჩის დაბრუნებაზეც ფიქრობენ. როგორც გახსოვთ, ეს უკანასკნელი ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა და ყოფილმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა გააგდეს, რითაც ძალიან გააბრაზეს მანუელ ნოიერი.

ეს უკანასკნელი ტაპალოვიჩის უახლოესი მეგობარია. ახლა ბაიერნში აღარც ნაგელსმანი მუშაობს და აღარც სალიჰამიჯიჩი. ნოიერი კი ისევ გუნდშია და არც ტუხელია იმის წინააღმდეგი, რომ ტაპალოვიჩიც დააბრუნონ.
კომენტარები