Thumbnail

შეთანხმება მიღწეულია - ლაშა დვალი ხელფასის დაკლებას დათანხმდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • საქართველოს ნაკრების 28 წლის მცველი კარიერას ისევ კვიპროსში გააგრძელებს
  • ლაშა დვალი ნიქოზიის აპოელ-ს კონტრაქტის გახანაგრძლივებაზე შეუთანხმდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი ლაშა დვალი მომავალ სეზონსაც ნიქოზიის აპოელ-ში ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაციას კვიპროსული მედია ავრცელებს, რომლის ცნობით, 28 წლის ქართველი ფეხბურთელი კლუბს თანამშრომლობის გაგრძელებაზე უკვე შეუთანხმდა. 

"საქართველოს ნაკრების მცველის საკითხი გადაჭრილია. ჩვენი ინფორმაციით, აპოელ-ის ხელმძღვანელობასთან შეთანხმება მიღწეულია და ის მომავალ სეზონშიც გუნდის შემადგენლობაში იქნება. უფრო კონკრეტულად კი, ლაშა დვალი დათანხმდა იმ ფინანსურ წინადადებას, რომელიც პირველი კონტრაქტით გათვალისწინებულ თანხაზე ნაკლებს ითვალისწინებს. ამ ფაქტმა დააკმაყოფილა კლუბი, რომელიც დვალის დარჩენით დაინტერესებული იყო", - წერს balla.com.cy.

შეგახსენებთ, რომ ლაშა დვალი კვიპროსში გასულ ზაფხულს, უნგრული ფერენცვაროშის დატოვების შემდეგ გადაბარგდა და აპოელ-თან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა. ლაშამ ნიქოზიელთა ღირსება კვიპროსის ჩემპიონატის 25 შეხვედრაში დაიცვა და 4 გოლი გაიტანა. 

ლაშა დვალი და მისი თანაკლუბელი გიორგი ქვილითაია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში არიან გამოძახებულნი, რომელიც ივნისში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ გასვლით მატჩს ჩაატარებს - 17 ივნისს კვიპროსში, 20-ში - შოტლანდიაში. 

კომენტარები

ბოლო ამბები