Thumbnail
  • კოტე ტუღუშმა ახალგაზრდული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
  • ჯგუფში საქართველოს მეტოქეები კოსოვო, შვედეთი, უკრაინა და აზერბაიჯანი იქნებიან

საქართველოს 20-წლამდელთა საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მატჩებისთვის მზადება დაიწყო. შეგახსენებთ, რომ კოტე ტუღუშის გუნდი ევროპირველობის B დივიზიონში ითამაშებს, რომელსაც 7-16 ივლისს ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქი სკოპიე უმასპინძლებს.

ქართველი კალათბურთელები მომავალი ტურნირისთვის 1 მაისიდან ემზადებიან. სამწვრთნელო შტაბმა 50-მდე კანდიდატი გამოსცადა და გენერალური შეკრებისთვის, რომელიც 10 ივნისს დაიწყება, 16 მოთამაშე შეარჩია.

10 ივნისს საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ლატვიაში გაემგზავრება, სადაც 10-დღიან შეკრებას გაივლის და 3 ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს – ლატვიასთან და ორჯერ უკრაინასთან. 20 ივნისს გუნდი ბულგარეთში გადავა, სადაც საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ბულგარეთთან და საქართველოსთან ერთად შეჯიბრში შვეიცარია ითამაშებს თუ შვედეთი, ეს მოგვიანებით გადაწყდება. 

24 ივნისს საქართველოს ნაკრები უნგრეთში გაემგზავრება, სადაც ამ ქვეყნის ნაკრებთან  2 სპარინგ-მატჩს გამართავს. უნგრეთიდან კოტე ტუღუშის ნაკრები თბილისში დაბრუნდება და ერთკვირიანი ვარჯიშების შემდეგ, 5 ივლისს, მწვრთნელების მიერ შერჩეული 12 კალათბურთელი ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში 20 ქვეყნის ნაკრებია თავმოყრილი, რომლებიც 4 ჯგუფში არიან განაწილებულნი. თითოეული გუნდის მიზანი საპრიზო ადგილების დაკავებაა, რადგან ელიტარული, A დივიზიონის საგზურს 3 საუკეთესო ნაკრები მოიპოვებს. საქართველოს ნაკრები C ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები კოსოვო, შვედეთი, უკრაინა და აზერბაიჯანი იქნებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები