- ევროპოპის YouTube არხზე თამაშის თეორიის მეორე ეპიზოდი გამოქვეყნდა
- ამჯერად ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო გამარჯვებულებზე ვიმსჯელეთ
- ტატო ბაციკაძის და გიორგი კაკაბაძის ხუთეულები მკვეთრად განსხვავებულია
- პირველი ეპიზოდი ნახეთ აქ: საქართველოს ყველა დროის ნაკრები გუნდები შევადგინეთ
“ევროპოპის” YouTube არხზე ახალი გადაცემის, "თამაშის თეორიის" მეორე ეპიზოდი გამოქვეყნდა.
ეს არის ანალიტიკურ-შემეცნებითი ხასიათის ინტერაქციული გადაცემა, რომლის წამყვანები სპორტული ჟურნალისტი და კომენტატორი ტატო ბაციკაძე და პუბლიცისტი და ბლოგერი რეზი ხუნწელია არიან. “თამაშის თეორია” ძირითადად ფეხბურთს ეძღვნება და წამყვანები მოწვეულ სტუმრებთან ერთად სხვადასხვა კონტექსტში აფასებენ სპორტულ მოვლენებს.
პირველ გადაცემაში გიორგი ჯანელიძესთან ერთად საქართველოს ყველა დროის სიმბოლური ნაკრები გუნდები შევადგინეთ, ახლა კი, ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ გადავწყვიტეთ, ევროპის ელიტარული საკლუბო ტურნირის საუკეთესო გამარჯვებულებზე გვესაუბრა.
გადაცემის სტუმარი ამჯერად სპორტული ჟურნალისტი და კომენტატორი გიორგი კაკაბაძე გახლდათ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის TOP 5 გამარჯვებულების საკუთარი ვერსია შემოგვთავაზა, ხოლო ტატო ბაციკაძემ კი - თავისი ვერსია წარმოადგინა. მათ ხუთეულებში მხოლოდ ერთი დამთხვევა მოხდა: 1998/99 წლების მანჩესტერ იუნაიტედი. სხვამხრივ, გიორგისაც ჰყავს ხუთეულში რეალი და ტატოსაც, მაგრამ პირველს 1999/2000 წლების რეალი, ხოლო მეორეს კი - 2016/2017 წლების რეალი. ტატომ ხუთეულში ბარსელონა ორჯერ შეიყვანა, გიორგიმ კი - არცერთხელ. სამაგიეროდ, კაკაბაძის ხუთეულში ორ იტალიურ გუნდს ნახავთ, ბაციკაძის ხუთეულში - ვერცერთს.
თუმცა ყველაზე საინტერესო მათი მსჯელობა და დისკუსიაა - განმარტავენ, რატომ შეარჩიეს ასეთი ხუთეულები. ჩვენთვის კი ყველაზე საინტერესო თქვენი კომენტარები იქნება.
ახლა კი ნახეთ გადაცემა და ველოდებით კომენტარებს - გაგვიზიარეთ თქვენი აზრები შედგენილ ხუთეულებთან დაკავშირებით და სიამოვნებით გავეცნობით თქვენს ვერსიებსაც.
კომენტარები