Thumbnail
  • კვიპროსის ნაკრებმა საქართველოსთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
  • თემურ ქეცბაიას პირველი კომენტარები საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირებაზე

კვიპროსის ნაკრებმა ევრო 2024-ის შესარჩევი მატჩებისთვის მზადება დაიწყო - თემურ ქეცბაიას გუნდს 17 ივნისს ლარნაკაში საქართველოს ეროვნულ გუნდთან დაპირისპირება ელის, ხოლო 20-ში ქეცბაიას გუნდი ოსლოს ესტუმრება ნორვეგიის ნაკრებთან სათამაშოდ. შეკრების წინ ჟურნალისტებს თემურ ქეცბაიამ მიმართა:

თემურ ქეცბაია ყურადღების ცენტრში

საქართველოსთან მატჩი განსაკუთრებულია: "არ არის სასიამოვნო საფეხბურთო სეზონის ბოლოს თამაში, მაგრამ ამას ჩვენ არ ვწყვეტთ, თანაც, ყველა ქვეყანა ერთნაირ სიტუაციაშია. რთული თამაშები გველის და შემადგენლობაშიც დანაკლისი გვაქვს. წინ 10 დღეა და იმედი მაქვს, რომ ამ დროს სწორად მომზადებისთვის გამოვიყენებთ. 
საქართველოსთან მატჩზე ბევრი გვილაპარაკია, ეს მატჩი ჩემთვის განსაკუთრებულია. ბევრჯერ მითქვამს, რომ საქართველო ჩემი სამშობლოა, ქვეყანა, სადაც დავიბადე და გავიზარდე. მაგრამ არც კვიპროსია ჩემთვის უცხო ქვეყანა. 30 წელიწადია, რაც აქ ვცხოვრობ, მეუღლე კვიპროსელი მყავს, ხოლო ქალიშვილი ნახევრად კვიპროსელია. საქართველოსთან მატჩი იოლი ვერ იქნება. მით უმეტეს, ახლა, როცა ნაკრებს ბევრი ახალგაზრდა ჰყავს კარგ საფეხბურთო ჩემპიონატებში. მეტოქეს ჰყავს ფეხბურთელები, რომელთაც თავიანთი საფეხბურთო კარიერა ბრწყინვალედ განავითარეს".

კვარაცხელიასა და ჰაალანდის გაჩერების გეგმებზე: "ორივე გუნდს საოცარი შემტევები ჰყავს - ერთი იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელია, მეორე კიდევ - ინგლისის. რა თქმა უნდა, რამე უნდა მოვიფიქროთ მათ წინააღმდეგ, რომ პრობლემები ვერ შეგვიქმნან". 

ახალ სახეებზე კვიპროსის ნაკრებში: "ეროვნული გუნდი მუმდივად იცვლება, ვითარდება. მე ვაძლევ შანსს ყველას, ვინც ამას იმსახურებს". 

შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ის A საკვალიფიკაციო ჯგუფში კვიპროსს ჯერ მხოლოდ ერთი მატჩი აქვს გამართული (მარცხი შოტლანდიაში - 0:3). 5-გუნდიანი ჯგუფიდან ორი საუკეთესო ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს. ზემოთჩამოთვლილ ნაკრებებთან ერთად, ჯგუფში ესპანეთის ეროვნული გუნდი თამაშობს. 

კომენტარები

ბოლო ამბები