Thumbnail
  • მარკო ტარდელიმ ნაპოლის სეზონი შეაფასა და ფეხბურთელებზე ილაპარაკა
  • ლეგენდარული იტალიელი ხვიჩა კვარაცხელიათი განსაკუთრებით აღტაცებულია

იუვენტუსისა და იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა მარკო ტარდელიმ ტელეკომპანია RAI-სთან ინტერვიუში ნაპოლის სეზონი შეაფასა. მან ფეხბურთელები შეაქო და გასაკვირი არ არის, რომ ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია.

1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონის აზრით, ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მასზე სწორედ კვარაცხელიამ მოახდინა, რომელსაც ნაპოლიმდე არ იცნობდა.

"ოსიმენის გარდა, რომელსაც უკვე ვიცნობდით, ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ჩემზე კვარაცხელიამ მოახდინა. კიმი გიგანტი იყო, თუმცა, არავის უთამაშია ცუდად, ყველა დადებით შეფასებას იმსახურებს. სპალეტიმ დიდი სამუშაო შეასრულა, ფეხბურთელები მისი წყალობით მზად იყვნენ. ანგისამაც შესანიშნავად ითამაშა ლობოტკას გვერდით, ელმასი კი საქმეებს ყოველთვის სწორად აკეთებს. ჯოვანი სიმეონეც გუნდს ძალიან კარგად შეერწყა, ლოსანოსგან კი რა თქმა უნდა, ცოტა მეტს ველოდი", - თქვა ტარდელიმ, რომელმაც შემდეგ ვიქტორ ოსიმენზე უფრო ვრცლად ისაუბრა და მის პროგრესში ხვიჩას წვლილი დაინახა:

"ოსიმენიც კვარაცხელიას წყალობით გაიზარდა. ქართველი ჯორჯ ბესტს შევადარე და მართალიც ვიყავი. ოსიმენმა ყველაფერი გააკეთა, რისი გაკეთებაც შეეძლო, გუნდური თამაშის თვალსაზრისითაც, რასაც წარსულში ვერ ახერხებდა".

შეგახსენებთ, რომ ნაპოლიმ იტალიის ჩემპიონატი 33-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო. ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, მან სეზონი ყველა ტურნირზე ჩატარებულ 43 მატჩში 14 გოლით და 14 საგოლე პასით დაასრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები