- კარლო ანჩელოტიმ მილანის მფლობელი გააკრიტიკა და პაოლო მალდინი დაიცვა
- იტალიელმა ვინისიუს ჟუნიორის რასისტულ შეურაცხყოფაზე ისაუბრა
- ანჩელოტიმ ფიფას და უეფას მჭიდრო კალენდარიც დაუწუნა
მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი მილანიდან პაოლო მალდინის გათავისუფლებას გამოეხმაურა. ის ლეგენდარულ მცველთან ერთად ჯერ თამაშობდა, მერე კი 7 წლის განმავლობაში მისი მწვრთნელიც იყო. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ანჩელოტიმ "როსონერის" მფლობელები გააკრიტიკა, პაოლო კი დაიცვა.
"მადრიდში ვისწავლე, რომ კლუბის ისტორიას ყოველთვის პატივი უნდა სცე. აქ დი სტეფანო, ჰენტო, ამანსიო და პუშკაში კვლავ განსაკუთრებულ ღირებულებებს წარმოადგენენ. ისტორიის უმაღლეს დონეზე შესანარჩუნებლად საჭიროა, რომ წარსული დაიცვა. ის, რაც მილანში მალდინისთან მიმართებაში მოხდა, აჩვენებს ისტორიული კულტურისა და მილანის ტრადიციის პატივისცემის ნაკლებობას. თუ მართალია, რომ ისტორია იმარჯვებს, ისიც მართალია, რომ ისტორია გასწავლის, როგორ უნდა გაიმარჯვო. საფეხბურთო კლუბები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ბიზნესი სპორტულ სულისკვეთებაზე მაღლა დგას, განწირულნი არიან წარუმატებლობისთვის", - თქვა ანჩელოტიმ.
კარლომ ასევე ისაუბრა გადატვირთულ გრაფიკზე, რის გამოც ფიფა და უეფა გააკრიტიკა: "ჩემმა ფეხბურთელებმა სეზონი 73 მატჩით დაასრულეს ლა ლიგის, თასებისა და მსოფლიოს ჩემპიონატის ჩათვლით. 30 დეკემბრიდან 12 მარტამდე შესვენების გარეშე ვითამაშეთ, გარდა 1 კვირისა, როდესაც მაროკოდან არაბეთში გადავედით. ასე გაგრძელება შეუძლებელია, უეფა ახალ ჩემპიონთა ლიგას იწყებს გუნდების რაოდენობის გაზრდით, ფიფა იწყებს ახალ საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატს უფრო მეტ გუნდთან ერთად, შიდა ლიგები 4-გუნდიან სუპერთასს ქმნიან. გამოდის, რომ მათთვის ფეხბურთელების ჯანმრთელობას მნიშვნელობა აღარ აქვს".
მადრიდის რეალის თავკაცმა ვალენსიაში ვინისიუს ჟუნიორის რასისტულ შეურაცხყოფასა და მომხდარ ინციდენტზეც ისაუბრა: "არ შემიძლია შევეგუო, რომ სტადიონი გახდა ყველაზე მტრული გარემო ყველაფერსა და ყველას შორის. ვერ მივიღებ სიძულვილის ამ კლიმატს კანი ფერის, რელიგიის, ფეხბურთელის ან მწვრთნელის ეროვნების მიმართ. ინგლისში 4 წელი გავატარე და არ მახსენდება პიროვნების შეურაცხყოფა, სტვენა კი, გუნდების შეურაცხყოფაც, მაგრამ არა პირადი თავდასხმა. სიძულვილს უნდა ებრძოლო, მაგრამ ეს ხანგრძლივი პროცესი იქნება".
შეგახსენებთ, რომ მადრიდის რეალმა 2022/23 წლების სეზონში ვერც ესპანეთის ჩემპიონატი და ვერც ჩემპიონთა ლიგა მოიგო, თუმცა, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატისა და სამეფო თასის გამარჯვებული გახდა.
კომენტარები