Thumbnail
  • ლიონელ მესიმ თავისი გადაწყვეტილება დეტალურად განმარტა
  • ლეო ამბობს, რომ მისთვის ფული არ იყო მთავარი, ბარსასთან კი გაურკვეველი სიტუაცია იყო

ესეც ასე: ლიონელ მესი არც ბარსელონაში ბრუნდება და არც საუდის არაბეთში მიდის - 35 წლის არგენტინელი სუპერვარსკვლავი კარიერას MLS-ის კლუბ ინტერ მაიამიში გააგრძელებს, რომლის თანამფლობელი დევიდ ბექჰემია.

“მუნდო დეპორტივოსთვის” მიცემულ ინტერვიუში მესიმ ყველაფერზე დეტალურად ისაუბრა - თუ რატომ არ ბრუნდება ბარსელონაში და რატომ თქვა უარი საუდის არაბეთიდან ზღაპრულ შეთავაზებაზე, კრიშტიანო რონალდოსგან განსხვავებით, რომელიც ალ-ნასრში თამაშობს.

“სიმართლე ის არის, რომ ჩემთვის ფინანსები პრობლემას არ წარმოადგენდა და ფული არც ბარიერი ყოფილა. ბარსასთან კონტრაქტზე არ გვილაპარაკია, კატალონიელებისგან წერილობითი შემოთავაზება არ მიგვიღია და არ ვიყავით დარწმუნებულები, იყო თუ არა ტრანსფერი შესაძლებელი. იყო სურვილი, მაგრამ წინ ვერ მივდიოდით, ფულზე კი არც გვისაუბრია.” - აცხადებს მესი და დასძენს: “ჩემთვის ფული რომ იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი, მაშინ საუდის არაბეთში წავიდოდი. იქ ბევრი ფულის შოვნა შემეძლო. სიმართლე ის არის, რომ ბევრ ფულს არ გავეკიდე და სხვანაირი გადაწყვეტილება მივიღე.”

'ჩემთვის ფული რომ იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი, მაშინ საუდის არაბეთში წავიდოდი'

მესი პარი სენ-ჟერმენიდან მაიამიში უფასოდ გადადის, რადგან პარიზელებთან კონტრაქტი ამოეწურა, თუმცა ბექჰემის კლუბთან ნამდვილად ძალიან სარფიან კონტრაქტს აფორმებს, რომელშიც ისეთი დიდი კონცერნებიც არიან ჩართულები, როგორებიცაა “ადიდასი” და “Apple”. შესაბამისად, მესის ხელფასი MLS-ში მაინც ძალიან მაღალი იქნება.

ლეომ პსჟ-ს შესახებაც ისაუბრა და თანაც, საკმაოდ კრიტიკულად: “პსჟ-ში ორი წელი გავატარე და ამ ორი წლის მანძილზე პირადი თვალსაზრისით იმდენად უკმაყოფილო ვიყავი, რომ სიამოვნებას ვერ ვიღებდი. ამ პერიოდში იყო ერთი დიდი მომენტი, როცა მსოფლიოს ჩემპიონი გავხდი, სხვა მხრივ კი ეს ჩემთვის რთული პერიოდი გამოვიდა, რაც ოჯახურ ცხოვრებაზე ნეგატიურად აისახა. ჩემს შვილებს ბევრ დროს ვერ ვუთმობდი. ბარსელონაში თამაშისას ბავშვები ხშირად გამომიყვანია სკოლიდან, პარიზში კი ამას იშვიათად ვახერხებდი, მათთან ცოტა დროს ვატარებდი.”

'პსჟ-ში იმდენად უკმაყოფილო ვიყავი, რომ სიამოვნებას ვერ ვიღებდი'

მესის მაიამიში სახლი აქვს. ესპანური გაზეთის, Sport-ის ინფორმაციით, ბექჰემის კლუბში მისი ხელფასი წელიწადში 50 მილიონი ევრო იქნება - 4-წლიანი კონტრაქტის სანაცვლოდ ჯამში 200 მილიონს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ ინტერ მაიამიდან ფილ ნევილი გაუშვეს და დროებით მწვრთნელად მესის თანამემამულე, არგენტინელი ხავიერ მორალესი დანიშნეს. ასევე საინტერესოა, რომ მაიამელთა მეკარეების მწვრთნელიც არგენტინელია - სებასტიან სახა. ამასთან, არგენტინის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის, გონსალო იგუაინის ძმა ფედერიკო იგუაინი ინტერ მაიამის სარეზერვო გუნდის მწვრთნელია, მისი ასისტენტი კი ასევე არგენტინელი კრისტიან რაულ ლედესმა გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ იანვარში საუდის არაბეთში კრიშტიანო რონალდო გადავიდა და ალ-ნასრთან ფეხბურთის ისტორიაში სარეკორდო კონტრაქტი გააფორმა. ამ კვირაში საუდის არაბეთის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი ქარიმ ბენზემამაც, რომლის სახითაც საუდელებს ოქროს ბურთის კიდევ ერთი მფლობელი შეუერთდა - ფრანგი ალ-იტიჰადში ითამაშებს. საუდის არაბეთისკენ “გზაში არიან” ნ’გოლო კანტე და სერხიო რამოსიც…

კომენტარები

ბოლო ამბები