- ნიქოზიის აპოელ-ი მომდევნო სეზონში რიკარდო სა პინტოს ჩააბარეს
- კვიპროსულ გუნდში ამჟამად 3 ქართველი ფეხბურთელია
ნიქოზიის აპოელ-ის მთავარ მწვრთნელად ახლო წარსულში ცნობილი პორტუგალიელი ფეხბურთელი, რიკარდო სა პინტო დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
პორტუგალიელმა სპეციალისტმა, რომელიც ბოლოს ირანული ესტეღლალის თავკაცი იყო, აპოელ-თან კონტრაქტი 2023/24 წლების სეზონის ბოლომდე გააფორმა. მან ვლადან მილოიევიჩი შეცვალა, რომელიც ცოტა ხნის გაათავისუფლეს.
აპოელ-ი ჩემპიონ არისს 3 ქულით ჩამორჩა და მე-2 ადგილი დაიკავა, რაც კონფერენსლიგის საგზურის მომტანი აღმოჩნდა. დაკარგული ჩემპიონობა კი სერბ მწვრთნელს გათავისუფლების ფასად დაუჯდა.
რიკარდო სა პინტო ლისაბონის სპორტინგში, რეალ სოსიედადსა და ლიეჟის სტანდარდში თამაშობდა, 1994-2001 წლებში კი პორტუგალიის ნაკრებში 45 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა. სამწვრთნელო კარიერაში არაერთგან იმუშავა, მათ შორის, სპორტინგში, ოფი-ში, ბელენენსეში, სტანდარდში, ლეგიაში, ბრაგაში, ვასკო და გამაში, გაზიანტეპში, მორეირენსესა და ესტეღლალში.
შეგახსენებთ, რომ აპოელ-ის რიგებში ამ დროისთვის 3 ქართველი ფეხბურთელი ირიცხება - გიორგი ქვილითაია, ლაშა დვალი და ბუბა დაუშვილი.
კომენტარები