Thumbnail
  • 21 წლის ფეხბურთელმა ესპანურ გამოცემასთან სხვადასხვა თემაზე ისაუბრა
  • ლადო ჩიხრაძეს იმედი აქვს, რომ U21-ის საბოლოო განაცხადში მოხვდება

წყალტუბოს სამგურალის ახალგაზრდა ფეხბურთელი, ლადო ჩიხრაძე რამაზ სვანაძემ საქართველოს 21-წლამდე ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში დაასახელა. 21 წლის მოთამაშეს შესანიშნავი სეზონი აქვს, მას მიმდინარე სეზონში 15 შეხვედრაში 7 გოლი აქვს გატანილი, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ჯამში 313 წუთი აქვს ნათამაშები.

ჩიხრაძემ ესპანურ გამოცემა Diario AS-თან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც თავის ესპანურ კარიერაზე, კვარაცხელიაზე, მამარდაშვილსა და 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე საუბრობს. 

ლადო ჩიხრაძე, აკადემიიდან კვარასთან თამაშის ოცნებამდე

ჩიხრაძე ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს 21-წლამდე შემადგენლობაში გამოიძახეს. ის ატლეტიკო მადრიდის ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა და სიმეონესთან ვარჯიშობდა. რეკრეატივოსა და ესტრემადურას შემდეგ, ის წყალტუბოს სამგურალის წევრია.

საქართველო 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატისთვის მაქსიმუმის გაკეთებას აპირებს. ტურნირმა, რომელიც ამ ქვეყანასა და რუმინეთში გაიმართება, აიძულა რამაზ სვანაძე ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მამარდაშვილი გამოეძახა, ისინი იმ გენერაციის წინამძღოლებად ითვლებიან, რომელიც უფრო და უფრო ძლიერდება. ორივე მათგანი ვარსკვლავია, მაგრამ ასაკის გამო შეუძლიათ ამ ტურნირზე მონაწილეობის მიღება, ტურნირზე, რომელზეც შესაძლოა, ოლიმპიადაზე მონაწილეობის მიღების უფლება მოიპოვონ. განაცხადში რამდენიმე მნიშვნელოვან ფეხბურთელთან ერთად, მაგალითად საფრანგეთის ლიგიდან ან რეალ უნიონიდან გიორგი გაგუას სახით, არის ასევე ატლეტიკოს ძველი ფეხბურთელი. ლადო ჩიხრაძე, რომელიც სამგურალში თამაშობს, 2018/19 წლეების სეზონში მადრიდული კლუბის აკადემიის წევრი იყო. 

21 წლის ფორვარდმა გაფართოებულ შემადგენლობაში ადგილი შეტევაში წარმატებით თამაშის გამო დაიმსახურა, მან 15 თამაშში 7 გოლი გაიტანა, მაგრამ ჯამში 313 წუთი ითამაშა (44 წუთში 1 გოლი გაჰქონდა). ლადომ AS-თან ესპანეთში გატარებულ წლებზე ისაუბრა, სადაც ის ასევე რეკრეატივოსა და ესტრემადურაში თამაშობდა.

მიმდინარე სეზონში 15 მატჩში 7 გოლი გაიტანა

"2017 წლის ნოემბერში იტალიურ სპალში და ატლეტიკოში შემოწმება გავიარე. ტესტირება 1 კვირა მიმდინარეობდა და საბოლოო ჯამში, ორივე გუნდმა დამირეკა. ატლეტიკოს არჩევა რთული გადაწყვეტილება არ იყო. იქ 2018 წლის აგვისტოში ჩავედი და 1 სეზონი გავატარე, რაც ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება იყო. შესაძლებლობა მქონდა პირველ გუნდთან ერთადაც მევარჯიშა, მოედანზე გრიზმანთან, კოკესთან, საულთან, ლემართან, დიეგო კოშტასთან, გოდინთან, ხიმენესთან ერთად ვიყავი, რაც 17 წლის ბიჭისთვის სიგიჟე იყო. ეს საუკეთესო გამოცდილებაა, რაც ფეხბურთში მქონია.

პირველ გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო. მათ პირველ გუნდთან სავარჯიშოდ რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოიძახეს და როცა მოედანზე გავედი, შოკირებული ვიყავი. ემოციების შეკავება ვერ შევძელი, სიმეონე მხარზე შემეხო და კანკალი დავიწყე, რაღაც მითხრა, მაგრამ კარგად ვერ გავიგე, დღესაც ვერ ვსაუბრობ ესპანურად. ასეთი დონის ფეხბურთელებთან და მწვრთნელთან ვარჯიში სასიამოვნო იყო. ეს იყო გამოცდილება, რომელიც არასდროს დამავიწყდება და იმედი მაქვს, განმეორდება. გრიზმანი ძალიან მაღალი დონის მოთამაშეა. ვარჯიშზე მას გაოცებული ვუყურებდი, ის ბურთით საოცრებებს აკეთებდა. შემდეგ კი, ამ ყველაფრის გამეორება ვცადე."

'ვარჯიშზე გრიზმანს გაოცებული ვუყურებდი, ის ბურთით საოცრებებს აკეთებდა'

"როხიბლანკოში" გატარებული 1 წლის შემდეგ, ქართველმა ატლეტიკო დატოვა და კონტრაქტი რეკრეატივოსთან გააფორმა: "ახალგაზრდულ გუნდში დებიუტი დიდი ხანი არ მქონდა. შემდეგ პანდემია დამემთხვა და ყველაფერი გართულდა. რეკრეატივოში 1 წელი გავჩერდი, პირველ გუნდთან ერთად ვვარჯიშობდი და მეორე გუნდში ვთამაშობდი, შემდეგ კლუბი მესამე დივიზიონში დაქვეითდა და ესტრემადურაში ჩემი გადასვლის დროც დადგა. იქ კარგი წინასასეზონო ეტაპი მქონდა და თამაშიც დავიწყე, წუთების ზრდასთან ერთად კარგი სტატისტიკაც მქონდა და პირველი გუნდის ყურადღებაც მივიქციე. საბოლოო ჯამში, ირუნასთან ისტორიულ მატჩში მივიღე მონაწილეობა, მაგრამ ესტრემადურამ 2022 წლის მარტში ფინანსური მიზეზების გამო არსებობა შეწყვიტა.

ჩიხრაძემ ატლეტიკოს შემდეგ რეკრეატივოში და ესტრემადურაში თამაშობდა

დიდი ხნის განმავლობაში რთულ სიტუაციაში ვიყავი. ესტრემადურას შემდეგ ვფიქრობდი, რომ დრო იყო სახლში წავსულიყავი და ყველაფერი თავიდან დამეწყო. ახლა კი ყველაფერი კარგად მიდის, შევძელი, რომ ესპანეთის და სხვა ქვეყნის გუნდები დამეინტერესებინა. იმედი მაქვს, ასე გავაგრძელებ და 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საბოლოო განაცხადშიც მოვხვდები. საქართველოში დავბრუნდი, რადგან ეს შესაძლებლობა ჰორიზონტზე მოჩანდა. კვარაცხელია, მამარდაშვილი, მიქაუტაძე... უბრალოდ ამ გუნდში მოხვედრა და მაღალ დონეზე დაბრუნება მსურდა. კონკურენცია ძალიან დიდია. ამ ფეხბურთელებს დიდი ხანია ვიცნობ, ასაკობრივ ნაკრებებში ერთად ვთამაშობდით. საბოლოო განაცხადში მოხვედრა ძალიან მსურს, ვარჯიშებზე ვამტკიცებ, რომ ამას ვიმსახურებ და იმედია, ასეც მოხდება.

საქართველო ფეხბურთის ქვეყანაა, ჩვენ გვიყვარს სპორტის ეს სახეობა, კვარას დონე კი, ძალიან მაღალია. ასეთ დონეზე მისი თამაში არ გამკვირვებია. წლების განმავლობაში ერთად ვთამაშობდით, ის თავმდაბალია, რომელიც ბევრს შრომობს და ძალიან დიდ დროს ფეხბურთის თამაშში ატარებს, შესაბამისად, ეტყობოდა, რომ მაღალ დონეს მიაღწევდა. ის თავისი გუნდისთვის, ნაკრებისა და მოთამაშეებისათვის ძალიან ბევრ კარგ რამეს აკეთებს.

'თუ ამ ქვეყანას უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევენ, ბევრ მარგალიტს აღმოაჩენენ'

აქ ძალიან ბევრი ტალატნია, პატარა ქვეყანაა, მაგრამ ფეხბურთი სიგიჟემდე უყვართ. ბევრი პატარაობიდანვე იწყებს თამაშს და მათთვის ქალაქებიდან წასვლა რთულია, მაღალ დონეზე თამაშის ცოტა არჩევანია, შესაბამისად, ბევრი ბრილიანტი იკარგება. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ თუ ამ ქვეყანას უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევენ, ბევრ მარგალიტს აღმოაჩენენ. კვარა აქ კერპია, ჩვენ უკვე გვყავდა კალაძე, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ასევე გვყავდა კობიაშვილი და ბევრი სხვა ფეხბურთელი, რომლებიც ლეგენდები არიან, მაგრამ ბავშვებისთვის კვარა სხვა საფეხურზეა. მას ნაპოლიში უბრალოდ შანსი სჭირდებოდა და ყველაფერს მშვენივრად აკეთებს. თავის მომავალზე გადაწყვეტილება თვითონ უნდა მიიღოს, ჩვენ კი მისთვის საუკეთესო გვსურს."

ლადო ჩიხრაძე ასევე გიორგი მამარდაშვილსაც იცნობს, რომელიც ლა ლიგის ერთ-ერთი მთავარი სენსაციაა და მომავალში ყურადღება უნდა მივაქციოთ: "ის კვარას შემდეგ გავიცანი, მაგრამ 2018 წლის შემდეგ ვმეგობრობთ. ერთმანეთს მადრიდში წასვლამდე შევხდით, მაგრამ დიდი დრო ერთად 2019 წლის ზაფხულში გავატარეთ, რადგან სეზონის დაწყებამდე მის გუნდთან ერთად ვვარჯიშობდი, რომ კარგ ფორმაში ვყოფილიყავი. ცხოვრებამ მას შესაძლებლობა მისცა, რომ ევროპული ტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპზე კარგი გუნდების წინააღმდეგ ეთამაშა, დინამო მოსკოვისა და გრანადას წინააღმდეგ კარგად ითამაშა და დაანახა მსოფლიოს, რომ ის ამ შესაძლებლობას იმსახურებდა. ვალენსიაში ჩასვლის შემდეგ მხოლოდ ვითარდება და საუკეთესოს ვუსურვებ.

რამაზ სვანაძემ გაფართოებულ შემადგენლობაში გამოიძახა

დიდი შესაძლებლობა გვაქვს, რომ ტურნირზე კარგ შედეგს მივაღწიოთ და ჩვენ ამას ვეცდებით. საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი გვყავს. ფიზიკული სიძლიერე იმას არ ნიშნავს, რომ კლასიკური 9 ნომრის პოზიციაზე თამაში მომწონს. მირჩევნია, უფრო მეტი ვიმოძრაო, ბურთი ფეხში მივიღო, სივრცეები მოვნახო და ვცდილობ მრავალფეროვანი ვიყო. 

ესპანეთში დაბრუნება მსურს, რომელთანაც ცხოვრებისა და ფეხბურთის თამაშის შესანიშნავი მოგონებები მაკავშირებს, ეს ქვეყანა მიყვარს, იქ მეგობრები მყავს და ვფიქრობ, შესაძლებლობა არ მომეცა, რომ ჩემი დონე მეჩვენებინა. ესპანეთში დასაბრუნებლად ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი შესაძლებლობები წარმოვაჩინო. ესპანურ და ინგლისურ ლიგებს ყოველთვის ვადევნებ თვალს. ამ ორ ლიგას ბავშვობიდან ვუყურებ და ორივე სტილის ფეხბურთი მიყვარს, შესაბამისად, ჩემი ოცნებაა რომელიმე ქვეყნის პირველ დივიზიონში თამაში."

კომენტარები

ბოლო ამბები