Thumbnail

ნეიმარი და ბარსელონა - ჩავიმ ტრანსფერის შესაძლებლობაზე ისაუბრა

  • პარი სენ-ჟერმენი 31 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელის გაყიდვას აპირებს
  • კატალონიურ კლუბში ამ ზაფხულს არც მესი დაბრუნდება და არც ნეიმარი

პარი სენ-ჟერმენმა თავის დროზე ბარსელონადან სარეკორდო 222 მილიონ ევროდ ნაყიდი ნეიმარი ტრანსფერზე დააყენა, თუმცა ამ დრომდე უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას 31 წლის ბრაზილიელი. 

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ამ ზაფხულს ბარსელონაში ლიონელ მესის დაბრუნება არ შედგება, კატალონიურ კლუბს ნეიმარის სახელიც დაუკავშირეს. მაგრამ როგორც ირკვევა, ყოფილი კლუბის ფორმას ვერც ბრაზილიელი თავდამსხმელი მოირგებს. 

"გაკვირვებული ვარ ამ ინფორმაციით… ის ჩვენს გეგმებში არ შედის. მას ძალიან ვაფასებ, მაგრამ ჩვენ განსხვავებული პრიორიტეტები გვაქვს. სპორტული განყოფილება უკვე ჩამოყალიბებლია ამ ზაფხულს განსახორციელებელ ყველა ტრანსფერთან დაკავშირებით", - უთხრა ჟურნალისტებს ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ.

ერთ დროს ჩავი და ნეიმარი ბარსელონაში ერთად თამაშობდნენ 

ნეიმარი ბარსელონაში 2013-2017 წლებში გამოდიოდა და მასთან ერთად 2-ჯერ ლა ლიგის, 3-ჯერ ესპანეთის თასისა და ერთხელ ესპანეთის სუპერთასის გამარჯვებული გახდა. ბრაზილიელმა კატალონიურ გუნდთან ერთად თითოჯერ ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპოიონატიც მოიგო.  

ნეიმარი პარი სენ-ჟერმენის ღირსებას 2017 წლიდან იცავს და კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. გასულ სეზონში ბრაზილიელმა ყველა საკლუბო ტურნირის 29 შეხვედრაში ითამაშა, გაიტანა 18 გოლი და მიითვალა 17 საგოლე პასი. 

კომენტარები

ბოლო ამბები