Thumbnail

‘ბოლო თვეებში მესის ბევრჯერ ველაპარაკე’ - ჩავი ლეოს გადაწყვეტილებაზე

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ჩავიმ განმარტა, რატომ არ დაბრუნდა მესი ბარსელონაში
  • ბარსას მწვრთნელი ამბობს, რომ არგენტინელის ესმის

ლიონელ მესის გადაწყვეტილებას, კარიერა MLS-ის კლუბ ინტერ მაიამიში გააგრძელოს, ბარსელონას მთავარი მწვრთნელი ჩავი ერნანდესიც გამოეხმაურა.

“ეს ლეოს გადაწყვეტილებაა, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ. ბოლო ორ წელიწადში მას იოლი პერიოდი არ ჰქონია და ახლა ეს დიდი წნეხი აღარ უნდოდა,” - განაცხადა კატალონიური გრანდის 43 წლის დამრიგებელმა.

მესის ბარსაში დაბრუნებაზე დიდი ხნის განმავლობაში ვრცელდებოდა ცნობები, განსაკუთრებით ინტენსიურად კი მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ ლეო პარი სენ-ჟერმენთან ახალ კონტრაქტს არ აფორმებდა. ოთხშაბათს არგენტინელმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ კარიერის გაგრძელება ინტერ მაიამიში გადაწყვიტა. ჩავი ადასტურებს, რომ ბოლო თვეებში მესის არაერთხელ ესაუბრა, რათა კატალონიაში დაბრუნებაზე დაეყოლიებინა.

'ბარსელონაში ის კვლავ უმძიმესი წნეხის ქვეშ იქნებოდა'

“შესაძლოა, მან ვერ დაინახა ყველაფერი ცხადად და ამასაც პატივი უნდა ვცეთ,” - აღნიშნავს ბარსელონას მწვრთნელი და დასძენს: “იყო ლეო მესი, ეს ადვილი არ არის მთელი იმ ყურადღებისა და ზეწოლის გათვალისწინებით, რაც მას აქვს. ფაქტობრივად, არასდროს აქვს სიმშვიდე. ბარსელონაში ის კვლავ უმძიმესი წნეხის ქვეშ იქნებოდა.”

შეგახსენებთ, რომ მესიმ ბარსელონა 2021 წელს დატოვა - მას შემდეგ, რაც ფინანსურად ურთულეს მდგომარეობაში მყოფ კატალონიურ გრანდს ახალ კონტრაქტზე ვეღარ შეუთანხმდა. ლეო უფასოდ გადავიდა პარი სენ-ჟერმენში და ახლა ფრანგულ გრანდს 2-წლიანი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, ასევე უფასოდ ტოვებს.

კომენტარები

ბოლო ამბები