Thumbnail
  • ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში 3 ქართველ ლეგიონერს თამაში გარანტირებული აქვს
  • კიდევ, სულ მცირე, 5 ქართველ ლეგიონერს თამაშის შანსი აქვს

10 ივნისს სტამბოლში ჩემპიონთა ლიგის ფინალია - მანჩესტერ სიტი მილანის ინტერის წინააღმდეგ. მართალია, ტურნირის 68-ე გათამაშება ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ მომდევნოს დიდი ინტერესით ელიან გულშემატკივრები, მათ შორის, საქართველოს ჩემპიონ დინამო თბილისის ფანებიც. ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბს ლიგაზე გასვლის მორიგი მცდელობა ექნება.

დინამო თბილისი პირველი საკვალიფიკაციო წრიდან ერთვება

ახალი სეზონი, რომელიც ოფიციალურად 27 ივნისს იწყება ისტორიაში 32-ეა, რაც ტურნირს ჩემპიონთა ლიგა ეწოდა. მასში მონაწილეობას უეფას 55 წევრი ქვეყნიდან 53 იღებს (რუსეთის და ლიხტენშტაინის გარდა). საქართველოს ჩემპიონი დინამო თბილისი, რომელიც ამჟამად ეროვნულ ლიგაში მხოლოდ მე-4 პოზიციაზეა, ასპარეზობაში I საკვალიფიკაციო წრიდან ერთვება, რომლის წილისყრაც 20 ივნისს გაიმართება, თუმცა მანამდე არის წინასაკვალიფიკაციო წრეც. იქ უეფას საკლუბო რეიტინგით, 4 ყველაზე უარესი ქვეყნის ჩემპიონი თამაშობს. 

ამ ეტაპისთვის ასეა: სამ ქართველ ფეხბურთელს - ხვიჩა კვარაცხელიას, გიორგი გოჩოლეიშვილს და ირაკლი აზაროვს - ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში გარანტირებული აქვს. კიდევ სულ მცირე, 5-ს ამის შანსი აქვს: დავით ხოჭოლავას, ოთარ კიტეიშვილს, ლუკა გუგეშაშვილს, გურამ კაშიას და ჯაბა კანკავას. 

ლიგა ოთხთა ფინალით იწყება

წინასაკვალიფიკაციო წრე 27 და 30 ივნისს გაიმართება (წილისყრა 13 იცნისს). ამ სუსტი ოთხეულიდან პირველ საკვალიფიკაციო წრეში მხოლოდ ფინალში გამარჯვებული ითამაშებს

წინასაკვალიფიკაციო წრე

27 & 30 ივნისი

განთესილები
ბუდუჩნოსტი (მონტენეგრო)
ბრეიდაბლიკი (ისლანდია)

განუთესავები
ტრე პენე (სან მარინო)
ატლეტიკ დ'ესკალდესი (ანდორა)

დინამო თბილისის სავარაუდო მეტოქეები

I საკვალიფიკაციო წრე 11/12 ივლისსა და 18/19 ივლისს გაიმართება. მასში 30 კლუბი (15 წყვილად) ითამაშებს. ცნობილი არ არის მხოლოდ ვინ გავა წინასაკვალიფიკაციო წრიდან. წილისყრა, როგორც ვთქვით, 20 ივნისს გაიმართება. სამწუხაროდ, დინამო თბილისი განუთესავია და მისი პირველი მეტოქე განთესილი კლუბების სიიდან იქნება. ამ წრის გადალახვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს გარანტირებულად ნიშნავს კონფერენსლიგის საკვალიფიკაციო პლეი ოფში თამაშს, იქიდან კი ჯგუფურ ეტაპამდე ერთი ნაბიჯია. 

ლუკა გუგეშაშვილი მარსელის წინააღმდეგ 

I საკვალიფიკაციო წრე 

11/12 & 18/19 ივლისი

განთესილები
ფერენცვაროში (უნგრეთი)
ყარაბაღი (აზერბაიჯანი)
სლოვანი (სლოვაკეთი)

ლუდოგორეცი (ბულგარეთი)
შერიფი (მოლდოვა)
ბატე (ბელარუსი)
ასტანა (ყაზახეთი)
მაკაბი ჰაიფა (ისრაელი)
ჟალგირისი (ლიეტუვა)
ჰიკ (ფინეთი)
ფლორა (ესტონეთი)
შემროკ როვერსი (ირლანდია)
ნიუ სეინტსი (უელსი)
ოლიმპია (სლოვენია)
ზრინსკი (ბოსნია)

განუთესავები
ლინკოლნი (გიბრალტარი)
კლაკსვიკარი (ფარერები)
დინამო თბილისი (საქართველო)
რაკუვი (პოლონეთი)
პარტიზანი (ალბანეთი)
ჰეკენი (შვედეთი)
ფარული (რუმინეთი)
ვალმეირა (ლატვია)
ბალკანი (კოსოვო)
ლარნი (ჩრდ. ირლანდია)
ურარტუ (სომხეთი)
ჰამრუნ სპარტანსი (მალტა)
ესპერანჟი (ლუქსემბურგი)
სტრუგა (ჩრდ. მაკედონია)
წინასაკვალიფიკაციო წრის გამარჯვებული

კაშია და კანკავა შესაძლოა, კვლავ ქართულ კლუბს გადაეყარონ

როგორც ხედავთ, არის შანსი, რომ დინამო თბილისი პირველივე წრეში ქართული ტრიოს სლოვანს (თუმცა დარჩება თუ არა იქ გიორგი ჩაკვეტაძე ჯერ უცნობია) დაუპირისპირდეს, რომელსაც ვლადიმირ ვაისი წვრთნის და რომელსაც საკმაოდ წარმატებული სეზონი ჰქონდა კონფერენსლიგაზე. შესაძლოა, დინამო ლუკა გუგეშაშვილის ყარაბაღს დაუპირისპირდეს. ბუნებრივია, ორივე ეს მეტოქე არასასურველია.

ხოჭოლავას კოპენჰაგენი ერთვება

II საკვალიფიკაციო წრისთვის წილისყრა 21 ივნისს გაიმართება. ამ წრეში მონაწილეობას მიიღებს 15 გამარჯვებული წყვილი. პირველ წრეში წაგებული 15 წყვილიდან 13 კონფერენსლიგის მე-2 საკვალიფიკაციო წრეში გადაინაცვლებს, ორი კი - მესამე წრეში. 

დავით ხოჭოლავა გასულ სეზონში ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშობდა

ამ ეტაპზე ლიგას ემატება 5 ჩემპიონი, რომელთაგანაც ოთხი განთესილი იქნება. მათ შორისაა დავით ხოჭოლავას კოპენჰაგენი. როგორ იქნებიან პირველ წრეში განთესილები? გააჩნია, ვინ იქნება მეტოქე პირველ წრეში. ცხრილში ჩამოწერილია ის კლუბები, რომელთა წყვილის გამარჯვებულები განთესილები იქნებიან, შესაბამისად დანარჩენები - განუთესავები.

მაგალითისთვის, თუ დინამო თბილისი შეხვდება ყარაბაღს და დაამარცხებს მას, საქართველოს ჩემპიონი მე-2 საკვალიფიკაციო წრეში განთესილი იქნება, მაგრამ თუ შეხვდება მაგალითად, ასტანას და მოუგებს მას, დინამო განუთესავი იქნება. 

მოგეხსენებათ, ამ ეტაპიდან არის უკვე ორი გზა - ჩემპიონთა გზა და ლიგის გზა, ისინი არ იკვეთებიან. მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე ოთხი კლუბი სწორედ ლიგის გზით ითამაშებს. აქ ბევრი ვარიანტი არ არის, მაგალითად ბელგიური გენკი ან სერვეტს შეხვდება ან პანათინაიკოსს. 

II საკვალიფიკაციო წრე

25/26 ივლისი & 1/2 აგვისტო

განთესილები 
დინამო ზაგრები (ხორვატია)
კოპენჰაგენი (დანია)
გალათასარაი (თურქეთი)
მიოლდე (ნორვეგია)
*ფერენცვაროში
* ყარაბაღი
* სლოვანი
* ლუდოგორეცი
* შერიფი
* ბატე

განუთესავი
არისი (კვიპროსი)

ლიგის გზა

განთესილები
გენკი (ბელგია)
დნიპრო (უკრაინა)

განუთესავები 
სერვეტი (შვეიცარია)
პანათინაიკოსი (საბერძნეთი)

კიტეიშვილის შტურმიც იწყებს

II საკვალიფიკაციო წრის ჯამში 12 გამარჯვებული მე-3-ში გადადის. 12 წაგებული კი - ევროპალიგის მე-3 საკვალიფიკაციო წრეში. მე-3 საკვალიფიკაციო წრის წილისყრა 24 ივლისს გაიმართება. 

სულ 10 წყვილი შედგება - 6 ჩემპიონთა გზიდან, 4 ლიგის გზიდან (შეგახსენებთ, რომ ეს გზები არ იკვეთებიან). ამ ეტაპიდან გათამაშებაში ერთვება კიდევ 8 ახალი კლუბი - 2 ჩემპიონთა გზიდან (სპარტა, აეკ) და 6 ლიგის გზიდან (რეინჯერსი, ბრაგა, პსვ ეინდჰოვენი, მარსელი, შტურმი, ტსც). 

ოთარ კიტეიშვილი ზალცბურგის წინააღმდეგ. ზალცბურგი უკვე ლიგაზეა, შტურმს შანსი აქვს

ცნობილია, რომ ჩემპიონთა გზიდან აუცილებლად განთესილები იქნებიან დინამო ზაგრების, კოპენჰაგენისა და გალათარაის წყვილების გამარჯვებულები. ლიგის გზაზე განთესილები იქნებიან რეინჯერსი, ბრაგა, ეინდჰოვენი და მარსელი - დანარჩენები - განუთესელები. მაგალითად, ოთარ კიტეიშვილის შტურმი მე-3 საკვალიფიკაციო წრეში განუთესავი იქნება და აუცილებლად, ზემოთ ჩამოთვლილი კვარტეტიდან ერთ-ერთს დაუპირისპირდება. მე-3 საკვალიფიკაციო წრე 8/9 და 15 აგვისტოს გაიმართება. 

ამ წრეში ჩემპიონთა გზიდან წაგებულები ევროპალიგის პლეი ოფში გადადიან, ხოლო ლიგის გზიდან წაგებულები - ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე. მაგალითად, კიტეიშვილის შტურმს ევროპალიგის ჯგუფური ეტაპი გარანტირებული აქვს. 

ბოლო ბარიერი

მე-3 საკვალიფიკაციო წრის 10 გამარჯვებული გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გადის, სადაც მას კიდევ ორი კლუბი (განთესილი იანგ ბოისი და განუთესავი ანტვერპენი) ემატება და შედგება 6 წყვილი - 4 ჩემპიონთა გზიდან, 2 კი - ლიგის გზიდან. 6 გამარჯვებული კი სასურველ პრიზს - ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურს მიიღებს. უკვე დავასახელეთ ერთი განთესილი - შვეიცარიული იანგ ბოისი. ასევე განთესვა გარანტირებული აქვს რეინჯერსისა და ბრაგას წყვილების გამარჯვებულებს. მატჩები 22/23 და 29/30 აგვისტოს გაიმართება. ასე რომ, აგვისტოს ბოლოს ლიგის ჯგუფური ეტაპი სრულად დაკომპლექტება. ყველა დამარცხებული კლუბი ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. 

ირაკლი აზაროვის ცრვენა ზვეზდა უკვე ჯგუფურ ეტაპზეა

ხვიჩას ნაპოლი პირველ კალათში

ჯგუფური ეტაპიდან იწყება "ნამდვილი ლიგა", მასში 32 კლუბი მონაწილეობს, რომელთაგანაც 26 უკვე ცნობილია, 6 პლეი ოფიდან დაემატაება და 31 აგვისტოს ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართება. 

ჩემპიონთა ლიგაზე თამაში გარანტირებული აქვთ: ხვიჩა კვარაცხელიას (ნაპოლი), გიორგი გოჩოლეიშვილს (შახტარი) და ირაკლი აზაროვს (ცრვენა ზვეზდა). 

ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი პირველ კალათშია განთესილი

I კალათი

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული
სევილია (ესპანეთი)
მანჩესტერ სიტი (ინგლისი)
ბარსელონა (ესპანეთი)
ნაპოლი (იტალია)
ბაიერნი (გერმანია)
პსჟ (საფრანგეთი)
ბენფიკა (პორტუგალია)

I ან II კალათი

ინტერი (იტალია)

I ან III კალათი

ფეიენოორდი (ნიდერლანდები)

II კალათი

რეალი (ესპანეთი)
მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი)
დორტმუნდი (გერმანია)
ატლეტიკო (ესპანეთი)
ლაიპციგი (გერმანია)
პორტუ (პორტუგალია)
არსენალი (ინგლისი)

II ან III კალათი

შახტარი (უკრაინა)

III კალათი

ზალცბურგი (ავსტრია)
მილანი (იტალია)
ლაციო (იტალია)
ცრვენა ზვეზდა (სერბეთი)

III ან IV კალათი

რეალ სოსიედადი (ესპანეთი)
სელტიკი (შოტლანდია)
ნიუკასლი (ინგლისი)
პლეი ოფში გამარჯვებული კლუბები

IV კალათი

უნიონი (გერმანია)
ლანსი (საფრანგეთი)

კომენტარები

ბოლო ამბები