Thumbnail
  • 📅 10 ივნისი | 🏟 ათა თურქი | ⌚ 23:00 | ⚽ მანჩესტერ სიტი V ინტერი
  • მანჩესტერ სიტი ისტორიაში პირველად ეცდება ამ ტურნირის მოგებას, ინტერი - მეოთხედ
  • ინგლისელები ფავორიტები არიან, მაგრამ ინტერიც კარგ ფორმაშია და სახიფათოა
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის შესახებ უნდა იცოდეთ

2022/23 წლების საკლუბო სეზონის გვირგვინი ჩემპიონთა ლიგის ფინალი იქნება. 10 ივნისს, სტამბოლში, "ათა თურქის" ოლიმპიურ სტადიონზე მანჩესტერ სიტი ინტერის წინააღმდეგ ითამაშებს.

"ათა თურქმა" ჩემპიონთა ლიგის ფინალს ზუსტად 18 წლის წინ უმასპინძლა. მაშინაც ინგლისურ-იტალიური ფინალი იყო, რომელიც ეპიკური გამოვიდა. ლივერპული-მილანის მაშინდელი შეხვედრის შეხსენება, ალბათ, არავის სჭირდება.

ძნელი სათქმელია, რამდენად იქნება ეს ფინალი ისეთივე ეპიკური და დაუვიწყარი, მაგრამ საინტერესო რომ უნდა იყოს, ცხადია. მანჩესტერ სიტი ისტორიაში ჩემპიონთა ლიგის პირველ მოგებას უმიზნებს, ინტერი - მეოთხეს. სეზონის წინ პეპ გვარდიოლას გუნდი ფავორიტთა შორის იყო, გზაც ძალიან დამაჯერებლად და მარტივად გაიარა. თანაც, მხოლოდ პლეი ოფი რომ ავიღოთ, რთული ბარიერები დაძლია იოლად - ლაიპციგის, ბაიერნის და რეალის. ბოლოს ესპანური გრანდი რა დღეშიც ჩააგდო, კარგად მოგეხსენებათ.

გვარდიოლას გუნდი ფინალის წინ აშკარა ფავორიტია

ინტერის შემთხვევაში ყველაფერი საპირისპიროდ იყო. "ნერაძურის" ფინალში ვერავინ ხედავდა, მით უფრო, ჯგუფური ეტაპის წილისყრის შემდეგ, როცა მეტოქეებად ბაიერნი და ბარსელონა ერგო. თუმცა, სიმონე ინძაგის გუნდმა ესპანური გრანდის დაჯაბნა მოახერხა და პლეი ოფში გავიდა, სადაც სხვებზე მეტად გაუმართლა. ყოველ შემთხვევაში, ბევრად ადვილი გზა გაიარა ფინალამდე, ვიდრე მანჩესტერ სიტიმ, რადგან პორტუს, ბენფიკას და მილანს აჯობა. თუმცა, რასაკვირველია, ეს ინტერის მიღწევას არ აკნინებს, რომელიც ბოლო იტალიური კლუბია, რომელსაც ეს ტურნირი აქვს მოგებული - 13 წლის წინ. 2017 წლისა და იუვენტუსის შემდეგ კი ფინალს იტალიური გუნდი დაუბრუნდა.

ორივე გუნდი სეზონის უმთავრეს შეხვედრას პრობლემების გარეშე ხვდება. ინტერს სავარაუდოდ ჰენრიხ მხითარიანი და ხოაკინ კორეა დააკლდებიან, სიტიში კი ყველაფერი წესრიგშია. მანჩესტერ სიტის ტრებლის დიდებული შანსი აქვს, რადგან უკვე მოიგო პრემიერლიგა და ინგლისის თასი, ხოლო ინტერი სერია A-ში მხოლოდ მე-3 ადგილს დასჯერდა, მაგრამ მიმდინარე სეზონში მასაც აქვს მე-3 ტიტულის მოგების შანსი, რადგან ჯერ თებერვალში იტალიის სუპერთასი მოიგო, ორიოდ კვირის წინ კი - იტალიის თასი. მოკლედ, "ნერაძურისაც" შეუძლია ისტორიული სეზონი გამოუვიდეს.

ფავორიტი მანჩესტერ სიტია. ეს ბუნებრივია, პეპ გვარდიოლას გუნდი დაფრინავს, განსაკუთრებით სეზონის ფინიშისკენ მოუმატა, სადაც აბსოლუტურად შეუჩერებელი გახდა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ინტერი უშანსოდ უნდა მივიჩნიოთ, პირიქით, თუ ვინმეს ახლანდელი სიტისთვის პრობლემების შექმნა შეუძლია, ერთ-ერთი სწორედ მილანური კლუბია, რომელსაც ძალიან კარგად ეხერხება თავის დაცვა და კონტრშეტევებზე მომაკვდინებლად გადასვლა. რაც მნიშვნელოვანია, ორივე გუნდს ღრმა რესურსი აქვს შემადგენლობაში, რაც შეიძლება გადამწყვეტი ფაქტორიც კი აღმოჩნდეს.

ინტერი ფინალს კარგ ფორმაში ხვდება

სიმონე ინძაგის სამწვრთნელო კარიერაში 8 ფინალიდან 7 მოგებული აქვს, თანაც ზედიზედ! მართალია, ეს ყველა ფინალი იტალიის მასშტაბით იყო, მაგრამ მის შედეგს მაინც არ აკნინებს. თავის მხრივ პეპს ჩემპიონთა ლიგა 12 წელია არ მოუგია, 2 წლის წინ კი ფინალი წააგო ჩელსისთან, სადაც სხვათა შორის, სიტი ფავორიტად მიიჩნეოდა. ზოგადად, ესპანელი სპეციალისტი მატჩისწინა განცხადებებში საკმაოდ თავშეკავებული იყო, არაერთხელ თქვა, რომ იტალიელებს მოსწონთ, როცა ფავორიტად არ მიიჩნევენ, ამიტომ, მისმა გუნდმა კონცენტრაცია არ უნდა მოადუნოს, რაც სიმართლეა - ინტერს ნებისმიერ დროს შეუძლია თავისი ძალის დემონსტრირება, რაც არაერთხელ გაუკეთებია.

ჩემპიონთა თასის შედეგებს თუ არ გავითვალისწინებთ, ინტერი მხოლოდ მეორედაა კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ისევე, როგორც მანჩესტერ სიტი. თუმცა, განსხვავება ისაა, რომ იტალიელებმა ის ფინალი მოიგეს (2010 წელს ბაიერნთან), ხოლო ინგლისელებმა წააგეს (2 წლის წინ ჩელსისთან). აი, ჩემპიონთა თასზე ინტერი გაცილებით წარმატებით თამაშობდა, ვიდრე თანამედროვე ჩემპიონთა ლიგაში.

მოკლედ, ჩემპიონთა ლიგას სულ მალე ახალი ტრიუმფატორი ეყოლება, წინ დიდი თამაშია - დიდი ტაქტიკური დუელი, ორი განსხვავებული საფეხბურთო სკოლის. ვნახოთ, სიტის პირველ თუ ინტერის მეოთხე ჩემპიონობას ვიხილავთ...

საინტერესო ფაქტები

🟠 ეს იქნება პირველი ოფიციალური მატჩი მანჩესტერ სიტისა და ინტერს შორის. ბოლოს, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში კლუბების პირველი ოფიციალური დაპირისპირება შედგა, 2005 წელი იყო. მაშინ მილანი და ლივერპული დაუპირისპირდნენ, ასევე სტამბოლის ათა თურქის ოლიმპიურ სტადიონზე.

🟠 ეს იქნება მე-5 ფინალი ინგლისურ და იტალიურ გუნდებს შორის ჩემპიონთა თასზე/ლიგაზე. წინა ოთხ შემთხვევაში ინგლისის წარმომადგენელი ყოველთვის ლივერპული იყო, რომელმაც 1984 და 2005 წლებში რომა და მილანი დაამარცხა, ხოლო 1985 და 2007 წლებში იუვენტუსისა და მილანის წინააღმდეგ დამარცხდა.

🟠 მანჩესტერ სიტის ისტორიაში მხოლოდ 2 ფინალი აქვს ევროტურნირებზე ნათამაშები: 1970 წელს თასების თასზე პოლონურ გურნიკთან 2:1 მოიგო, ხოლო 2021 წელს ჩემპიონთა ლიგაში ჩელსისთან 0:1 დამარცხდა.

🟠 ინტერი ევროტურნირებზე თავის მე-11 ფინალს ითამაშებს. იტალიურ გუნდებს შორის მხოლოდ იუვენტუსს (16) და მილანს (14) აქვთ მეტჯერ ევროთასის ფინალში ნათამაშები. "ნერაძურის" ბოლო ევროპული ფინალი 2019/20 წლების სეზონში ევროპალიგაზე იყო, სადაც სევილიასთან 2:3 დამარცხდა. კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგაში კი მე-2 ფინალი იქნება, მას შემდეგ, რაც 2010 წელს ბაიერნს 2:0 აჯობა.

🟠 მანჩესტერ სიტი შეიძლება გახდეს მე-4 ინგლისური გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგას მოიგებს (ამ კონკრეტულ სტატისტიკაში არ შედის ჩემპიონთა თასი), მანჩესტერის (1999, 2008), ლივერპულის (2005, 2019) და ჩელსის (2012, 2021) შემდეგ. ეს იქნება რეკორდი, რადგან ერთი ქვეყნიდან 4 გუნდს ჩემპიონთა ლიგა მოგებული არ აქვს. ასევე 3 გამარჯვებული ჰყავს იტალიას - მილანი (1994, 2003, 2007), იუვენტუსი (1996) და ინტერი (2010).

🟠 ინტერი მე-4 გუნდია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა სეზონის პირველი თამაშის წაგების შემდეგ. ეს მანამდე გააკეთეს მილანმა (1994/95), ბაიერნმა (1998/99) და ტოტენჰემმა (2018/19). წინა სამ შემთხვევაში სამივე გუნდმა ფინალი წააგო. ჩემპიონთა თასზე კი ორი გუნდი, რომელმაც სეზონის პირველი მატჩის წაგების მიუხედავად ტურნირი მოიგო, რეალი (1965/66) და მილანია (1968/69).

🟠 სიმონე ინძაგი მე-6 იტალიელი მწვრთნელია, რომელმაც გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა (ანჩელოტის, კაპელოს, ლიპის, დი მატეოს და ალეგრის შემდეგ). ეს თანარეკორდია გერმანიასთან ერთად (ასევე 6 ფინალისტი მწვრთნელი). სტატისტიკაში ამ შემთხვევაშიც არ შედის ჩემპიონთა თასის შედეგები.

სტამბოლი ფინალისთვის მზადაა

🟠 "ათა თურქი" მე-8 სტადიონია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალს მინიმუმ მეორედ უმასპინძლებს. 2005 წელს, ლივერპულისა და მილანის მატჩი 3:3 დასრულდა, პენალტების სერიაში კი ინგლისელებმა მოიგეს. ერთადერთი სხვა შემთხვევა, როდესაც სტამბოლმა ევროთასის ფინალს უმასპინძლა, არის 2009 წელი, როცა უეფას თასის გადამწყვეტ შეხვედრაში შახტარმა ვერდერი 2:1 დაამარცხა. ოღონდ ის მატჩი "შუქრუ სარაჩოღლუზე" (ფენერბაჰჩეს სტადიონი) გაიმართა.

🟠 ეს პეპ გვარდიოლას მე-4 ფინალია ჩემპიონთა ლიგაზე (2 ბარსელონაში 2009 და 2011 წლებში, ორიც სიტიში (2021 და 2023 წლებში). მხოლოდ ანჩელოტის აქვს მონაწილეობა 5 ფინალში მიღებული მწვრთნელებს შორის. პეპს შეუძლია ეს თასი მესამედ მოიგოს და ზინედინ ზიდანს გაუთანაბრდეს. ასევე აქვს შანსი გახდეს მე-5 მწვრთნელი კარლო ანჩელოტის, ჟოზე მოურინიოს, იუპ ჰაინკესისა და ოტმარ ჰიტცფელდის შემდეგ, რომელიც ჩემპიონთა ლიგას ორ სხვადასხვა გუნდთან ერთად მოიგებს.

🟠 ინტერმა მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის 12 მატჩიდან რვაში კარი მშრალად შეინახა, ხოლო პლეი ოფში 6-დან 5 შემთხვევაში. რეკორდი ეკუთვნის არსენალს, რომელმაც 2005/06 წლების სეზონში 6-ჯერ არ გაუშვა პლეი ოფში გოლი.

🟠 მანჩესტერ სიტი საშუალოდ ყველაზე ხშირად ახერხებს ბურთის მოპოვებას საკუთარი კარიდან ყველაზე დიდი დისტანციის დაშორებიდან (47.2 მეტი), რაც საუკეთესო შედეგია ამ სეზონში, ინტერი კი ბურთს საკუთარი კარიდან საშუალოდ მხოლოდ 38.4 მეტრის დაშორებით იბრუნებს.

🟠 ჯეკ გრილიშმა ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში 35 საგოლე მომენტი შექმნა, რაც ინგლისელი ფეხბურთელებისთვის რეკორდია, მას მერე, რაც ამ სტატისტიკას ითვლიან (2003/04 წლების სეზონიდან). უკანასკნელი მოთამაშე, ვისაც სეზონში უკეთესი შედეგი ჰქონდა, დუშან ტადიჩია (37), 2018/19 წლების სეზონში.

🟠 ერლინგ ჰაალანდს მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაში 12 გოლი აქვს გატანილი და რუუდ ვან ნისტელროის რეკორდი (2002/03) გაიმეორა, როგორც ინგლისური გუნდის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ერთ სეზონში. ერლინგმა ჩემპიონთა ლიგის ბოლო 2 მატჩში გოლი ვერ გაიტანა და ამ ტურნირზე 3-მატჩიანი უგოლო სერია არასდროს ჰქონია. ბოლო ნორვეგიელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა, ოლე გუნარ სულშერია (1999 წელს).

🟠 მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში მხოლოდ 144 წუთი ითამაშა და ძირითად შემადგენლობაშიც არცერთხელ ყოფილა, რომელუ ლუკაკუ არის ინტერის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ყველა ეტაპზე (ჯგუფი, მერვედფინალი, მეოთხედფინალი, ნახევარფინალი) გოლი გაიტანა ან საგოლე პასი გააკეთა. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც აქამდე ჩემპიონთა ლიგის ფინალში ძირითადში იყო, ისე, რომ მანამდე იმ სეზონში სასტარტოში არ ეთამაშა ამ ტურნირიზე, რაიან ბერტრანდია (2012 წელს ჩელსიში).

🟠 როდრი არის ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი პასი გააკეთა პრესინგის ქვეშ (681). გარდა ამისა, იმ ფეხბურთელებს შორის, რომლებმაც მსგავს სიტუაციაში 300-ზე მეტი პასი გააკეთეს, მხოლოდ მარკო ვერატის აქვს ზუსტი პასების უფრო მაღალი პროცენტული მაჩვენებელი (91.7%), ხოლო როდრის - 91.3%.

🟠 ალესანდრო ბასტონი არისნ მცველი, რომელმაც ყველაზე მეტი პასი გააკეთა ისეთი, რითაც მეტოქის ხაზები ნახევარდაცვასა და დაცვას შორის გაარღვია (100). ამ თვალსაზრისით ის მხოლოდ მანუელ აკანჯის (135) და რუბენ დიაშს (127) ჩამორჩება. საინტერესოა, რომ ორივე მანჩესტერ სიტიში თამაშობს.

🟠 არგენტინის ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიონობის შემდეგ ლაუტარო მარტინესი (ინტერი) ან ხულენ ალვარესი (მანჩესტერ სიტი) შეიძლება გახდეს მე-10 ფეხბურთელი, რომელიც მოიგებს ჩემპიონთა თასს/ლიგას და მსოფლიოს ჩემპიონატს ერთ სეზონში. 21-ე საუკუნეში ეს მხოლოდ რობერტო კარლოსმა (2002, რეალი და ბრაზილიის ნაკრები) და რაფაელ ვარანმა (2018, რეალი და საფრანგეთის ნაკრები) მოახერხეს.

🟠 ინტერის ბოლო 5 მატჩში 3-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა, ასევე 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

🟠 მანჩესტერ სიტის ბოლო 5 მატჩში 3-ჯერ 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა, ასევე 3-ჯერ ორივე გუნდმა ვერ გაიტანა.

სავარაუდო შემადგენლობები

მანჩესტერ სიტი (3-4-2-1): ედერსონი - უოკერი, დიაში, აკე - ბერნარდო სილვა, სტოუნსი, როდრი, გრილიში - დე ბრუინი, გიუნდოგანი - ჰაალანდი.

ინტერი (3-5-2): ონანა - დარმიანი, აჩერბი, ბასტონი - დუმფრისი, ბარელა, ჩალჰანოღლუ, ბროზოვიჩი, დიმარკო - ლაუტარო, ჯეკო.
ტრავმა: მხითარიანი, კორეა.

კომენტარები

ბოლო ამბები