Thumbnail

'მუსლიმური ქვეყანაა და აქ თამაში მინდოდა' - ბენზემა საუდის არაბეთში გადასვლაზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ალ-იტიჰადში ქარიმ ბენზემას პრეზენტაცია გაიმართა
  • ფრანგმა ვარსკვლავმა საუდის არაბეთში გადასვლაზე ღიად პირველად ისაუბრა

ქარიმ ბენზემა ალ-იტიჰადში წარადგინეს, სადაც მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა. ფრანგ ვარსკვლავს რასაკვირველია მოუწია იმაზე საუბარი, რის გამოც რეალიდან საუდის არაბეთში გადასვლა გადაწყვიტა.

"საუდის არაბეთი იმიტომ ავირჩიე, რომ მუსლიმი ვარ და მუსლიმური ქვეყანაა, აქ ცხოვრება ყოველთვის მინდოდა. გადავწყვიტე ალ-იტიჰადში მეთამაშა, რადგან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული არაბული კლუბი ბევრი გულშემატკივრით, რომელმაც თავის ისტორიაში უამრავი ტიტული მოიგო. ჩემი ოჯახი ძალიან ბედნიერი იყო, როცა ვუთხარი, რომ აქ ვიცხოვრებდით. საუდის არაბეთი ჩვენთვის საუკეთესო ადგილია. მინდა, თავისუფლად ვილაპარაკო არაბულ ენაზე, აქ მექა ძალიან ახლოსაა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემნაირი დაკავებული ადამიანისთვის".

ქარიმს ალ-იტიჰადში სათამაშოდ მოტივაცია და ამბიცია არ აკლია: "ეს ახალი თავია ჩემს კარიერაში და იმედი მაქვს, რომ ჩემს ახალ კლუბს დავეხმარები კიდე უფრო უკეთესი გახდეს, მიუხედავად იმისა, რომ ისედაც საუკეთესოებშია. გულშემატკივარსა და კლუბს შორის იმდენად დიდი ვნებაა, რომ ისინი ყოველთვის გვეხმარებიან და მოედანზე მაქსიმუმს გავიღებთ. ტიტულების მოგების ძალიან მნიშვნელოვანია, რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. კლუბისა და ფანებისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ. ჩემი ამბიცია ძალიან მაღალია და მინდა აქ დიდ წარმატებას მივაღწიო, რადგან ეს მნიშვნელოვანია ჩემთვის, საუდის არაბეთისა და კლუბისთვის".

ბენზემას ხელფასი სეზონში 200 მილიონი იქნება

ბენზემამ ასევე ისაუბრა მადრიდის რეალზე და კრიშტიანო რონალდოზე, რომლის თანაგუნდელი 9 წელი იყო, ახლა კი მის წინააღმდეგ საუდის არაბეთში ითამაშებს, რადგან კრიშტიანო ალ-ნასრის წევრია: "ვამაყობ მადრიდის რეალთან ერთად მოპოვებული ტიტულებით და ძალიან ბედნიერი ვარ იმით, თუ როგორ დასრულდა ჩემი თავგადასავალი. ახლა მინდა, რომ ფეხბურთში დაგროვილი გამოცდილება ჩემს ახალ გუნდს მოვახმარო. რონალდო ჩემი მეგობარია და მიხარია, მისი აქ, საუდის არაბეთში ნახვა. ეს ასახავს ფეხბურთის ახალ ერას ამ ქვეყანაში და პროგრესს, რომელსაც მიაღწია, თუნდაც საერთაშორისო დონეზე".

ქარიმ ბენზემამ კარიერა ლიონში დაიწყო და სახელიც ამ კლუბში გაითქვა, ხოლო 2009 წელს მადრიდის რეალს შეუერთდა, სადაც 14 სეზონის განმავლობაში ითამაშა. მან ალ-იტიჰადთან კონტრაქტი 2026-წლამდე გააფორმა, სეზონში კი მისი ანაზღაურება 200 მილიონი ევროა!

კომენტარები

ბოლო ამბები