Thumbnail
  • ნაპოლისა და იტალიის ნაკრების ექს-თავკაცი სპალეტის სავარაუდო შემცვლელებზე
  • ჯანპიერო ვენტურას აზრით, ნაპოლი კონტესა და გასპერინის არ უნდა ჩააბარონ  

ლუჩანო სპალეტი, რომელმაც ნაპოლის 33-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტო მოაგებინა, კარიერაში პაუზის აღებას და დასვენებას აპირებს, შესაბამისად, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს მომავალ სეზონში ახალი მწვრთნელი ეყოლება. 

ნაპოლის მთავარი მწვრთნელობის კანდიდატად არაერთი სპეციალისტი უკვე დასახელდა, მათ შორის, ანტონიო კონტე, ჯანპიერო გასპერინი, ვინჩენცო იტალიანო და სხვები.   

ვენტურა იტალიის ნაკრებს 2016-17 წლებში წვრთნიდა

ნაპოლისა და იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჯანპიერო ვენტურამ ყურადღება რამდენიმე კანდიდატურაზე გაამახვილა: 

"კონტე და გასპერინი ნაპოლიში? ნამდვილად ვფიქრობ, რომ არ ივარგებს. ეს აშკარაა ტექნიკური თვალსაზრისითაც. თუკი კონტე მოვა და გუნდს მისთვის ჩვეულ 3-5-2 სისტემაზე გადააწყობს, კვარაცხელიას არავითარი როლი აღარ ექნება. გასპერინის შემთხვევაში, ვთქვათ, ლობოტკას შესაძლებლობების სრულად გამოყენება ვეღარ მოხდება. უდავოა, რომ ნაპოლი ტექნიკური ფასეულობებისგან არ უნდა დაიცალოს.

იტალიანო და მანჩინი? ტაქტიკური თვალსაზრისით, მათ მოწვევას აზრი ექნებოდა, რადგან ისინი 4-3-3 სისტემით თამაშობდნენ და ამას ახლაც აკეთებენ. მაგრამ მთავარი პრობლემა 4-3-3-ში კი არა, იმ ინტერპრეტაციაშია, რომელიც გუნდს სპალეტიმ მისცა - თამაშის ტემპის კონტოლი და წნეხის შექმნა, რომელიც მეტოქეებს რთულ მდგომაროებაში აგდებდა", - აქვეყნებს 75 წლის ვენტურას სიტყვებს იტალიური მედია.

ხვიჩა სერია A-ს 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

ნაპოლის პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის თქმით, სპალეტის შემცვლელად 40-მდე კანდიდატი განიხილება, არჩევანი კი ახლო მომავალში ისეთ სპეციალისტზე გაკეთდება, რომელიც ნაპოლის სათამაშო სქემას და ფილოსოფიას არ შეცვლის.

კომენტარები

ბოლო ამბები