Thumbnail
  • სანაკრებო მატჩების გამო, კვარაცხელიასთვის სეზონი ჯერ არ დასრულებულა
  • ნაპოლის პრესეზონიც ერთ თვეში იწყება და მას ქართველი ალბათ გამოტოვებს

ხვიჩა კვარაცხელიასთვის საკლუბო სეზონი დასრულდა, მაგრამ ახლა სანაკრებო ფეხბურთში მოუწევს გადანაცვლება.

ნაპოლის ქართველი ვარსკვლავი საქართველოს ნაკრებს დღეს შეუერთდა და ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება, რომელიც ვილი სანიოლის გუნდს სტუმრად კვიპროსისა (17 ივნისი) და შოტლანდიის ნაკრებებთან (20 ივნისი) ელოდება.

თუმცა, ხვიჩას სეზონი ამით სავარაუდოდ არ დასრულდება. ეროვნული ნაკრების შემდეგ ის 21-წლამდელთა ნაკრებს უნდა შეუერთდეს, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ყოველ შემთხვევაში, ახალგაზრდულ ნაკრებს ხვიჩა რომ დაემატოს, ამის შანსი ძალიან დიდია. რამაზ სვანაძის გუნდი ჯგუფში პორტუგალიას, ბელგიასა და ნიდერლანდებს შეხვდება. U21 ევრო 8 ივლისს დასრულდება, ამგვარად, არსებობს შანსი, რომ კვარაცხელიამ სეზონი კიდევ ერთი თვის განმავლობაში ვერ დაასრულოს.

კვარა სანაკრებო მატჩებს იტალიის ჩემპიონის რანგში ჩაატარებს

Corriere del Mezzogiorno წერს, რომ მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში, ქართველს ნაპოლის პრესეზონის პირველი ნაწილი გაუცდება. იტალიის ჩემპიონი ივლისის შუა პერიოდში შეიკრიბება, მაგრამ კვარა სავარაუდოდ იმ დროს დამსახურებულ შვებულებაში იქნება, რადგან სხვებთან შედარებით ბევრად გვიან დაასრულებს სეზონს სანაკრებო მატჩების გამო. შესაბამისად, იტალიაში ვარაუდობენ, რომ კვარა პრესეზონზე მზადებას მხოლოდ მეორე ნაწილიდან დაიწყებს, ივლისის ბოლოს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ნაპოლის მაისურით 2022/23 წლების სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 43 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა და 14 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო 5-ჯერ პენალტი მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები