Thumbnail

ლუკა ლოჩოშვილის განვლილი სეზონი კრემონეზესა და სერია A-ში Cuore Grigiorosso-ს რედაქციამაც შეაფასა. 25 წლის ქართველი მცველი კრემონას გუნდს სეზონის წინ, ავსტრიული ვოლფსბერგერიდან შეუერთდა და მისი მაისურით 25 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა. კრემოენზემ უძლიერესთა შორის ადგილი ვერ შეინარჩუნა და სერია B-ში დაქვეითდა, ლუკა კი ამჟამად საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრებაზეა გამოძახებული.

საიტმა ლუკას სეზონი 6.5 ბალით შეუფასა, რაც მეორე მაჩვენებელია მცველებს შორის. აღსანიშნავია, რომ ლოჩოშვილზე მაღალი შეფასება მხოლოდ ერთმა მოთამაშემ დაიმსახურა - ლეონარდო სერნიკოლამ (7).

"ქართველი გიგანტი უხმაუროდ ჩამოდის კრემონაში, მაგრამ მალევე იპყრობს მწვრთნელისა და გულშემატკივრების გულებს. ძლიერი აღნაგობისა და შეუპოვრობის გამო, მას გამოარჩევენ თავდამსხმელებთან ორთაბრძოლებში, ასევე ერთ-ერთზე დაპირისპირებაში. ჰქონდა შეცდომები (ლეჩესა და სალერნიტანასთან), მაგრამ კრემონეზეს ცენტრალურ მცველებს შორის ის საუკეთესოა სტაბილურობით, შედეგიანობითა და ეფექტურობით. ეჭვგარეშეა, რომ ის ერთ-ერთია, რომელზეც ღირს ყურადღების გამახვილება სერია B-ს ჩემპიონობისთვის ბრძოლაში", - წერს საიტი. 

კრემონეზემ სერია A-ში გამოსვლა ბოლოსწინა, მე-19 ადგილზე დაასრულა და მომავალ სეზონს სერია B-ში გაატარებს. ლუკა ლოჩოშვილი, რომელსაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 5 მატჩი აქვს ჩატარებული, ვილი სანიოლმა ივნისის შეხვედრებისთვის გამოიძახა. საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე 17 ივნისს კვიპროსს ესტუმრება, 20-ში კი გლაზგოში შოტლანდიას ეთამაშება.

კომენტარები

ბოლო ამბები