- ნაკრებში თამაშზე უარი ამჯერად 31 წლის ქორი ჰილმა განაცხადა
- უორენ გეტლანდი მას მსოფლიო თასზე სათამაშოდ ამზადებდა
უელსური რაგბში პრობლემებს დასასრული არ უჩანს. უორენ გეტლანდის გუნდს, რომელიც 2023 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე იქნება, უკანასკნელ პერიოდში უკვე მე-5 მორაგბე გამოაკლდა, არადა, ტურნირის სტარტამდე სამ თვეზე ნაკლები რჩება.
ბოლო მორაგბე, რომელიც ეროვნული გუნდის მიღმა აღმოჩნდა, 31 წლის მეორეხაზელი ქორი ჰილია (32 მატჩი და 4 ლელო ნაკრებში). კარდიფისა და დრაგონსის ყოფილი მორაგბე ბოლოს იაპონურ იოკოჰამაში თამაშობდა, ნაკრებში კი ორწლიანი პაუზის შემდეგ სწორედ გეტლანდმა დააბრუნა და მის მსოფლიო თასზე წაყვანას გეგმავდა, თუმცა, ეს აღარ მოხდება.
საქმე ის გახლავთ, რომ ჰილი კარიერის გაგრძელებას კვლავაც უელსს მიღმა აპირებს და ურჩევნია, სექტემბერ-ოქტომბერი გუნდში მზადებას დაუთმოს. ამდენად, საგანგებო განცხადება გაავრცელა:
"ძალიან ვწუხვარ, რომ ნაკრების დატოვება მიწევს, თუმცა, ახალი შესაძლებლობა გაჩნდა და მინდა, ის ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის გამოვიყენო. ბიჭებს მოახლოებულ მსოფლიო თასზე წარმატებას ვუსურვებ, მომავალში კი, იქნებ, ეროვნულ გუნდში ისევ ვითამაშო".

ამგვარად, გეტლანდის მიერ მსოფლიო თასისთვის გამოძაძახებული 54 მორაგბიდან 49 დარჩა. შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად საერთაშორისო კარიერის დასრულების შესახებ განცხადებები 33 წლის ჯასტინ ტიპურიკმა და 37 წლის ალუნ ვინ ჯონსმა გაავრცელეს, მალევე კი მათ რიგებს კიდევ ერთი ვარსკვლავი, 34 წლის რის ვები შეუერთდა. ამას გარდა, 25 წლის ბურჯ რის ქარიზე უარი თავად სამწვრთნელო შტაბმა თქვა.
უელსის ნაკრები მალე დაიწყებს მსოფლიო თასისთვის გენერალურ შეკრებას, მოსამზადებელ ციკლში კი სამ ტესტ-მატჩს ჩაატარებს: ორს ინგლისთან (5 და 12 აგვისტოს) და ერთსაც - მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან (19 აგვისტოს).
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მსოფლიო თასი საფრანგეთში 8 სექტემბრიდან 28 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდება. ბორჯღალოსნები C ჯგუფში მოხვდნენ, სადაც მეტოქეებად ავსტრალია, უელსი, ფიჯი და პორტუგალია ეყოლებათ. კონკრეტულად უელსელებთან დაპირისპირება 7 ოქტომბერს ნანტში შედგება. ჯგუფის 2 საუკეთესო ნაკრები მეოთხედფინალში თამაშის უფლებას მოიპოვებს.
კომენტარები