Thumbnail
  • 'ჯერ უცნობია, ვინ დაგვემატება ეროვნული ნაკრებიდან ახალგაზრდულში'
  • 'უნდა ვიმუშაოთ და მაყურებლის წნეხი ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ'
  • რამაზ სვანაძეს მოახლოებული ევროპის ჩემპიონატის შესახებ ვესაუბრეთ

საქართველოს U21 ნაკრები ისტორიაში პირველად ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენი ქვეყანაც, ისტორიაში პირველად უმასპინძლებს ფეხბურთში ასეთი მნიშვნელობის ტურნირს. საქართველოში, ევროპის წამყვანი საფეხბურთო ქვეყნების გუნდებთან ერთად, სხვადასხვა ახალგაზრდა ვარსკვლავი ჩამოვა, თუმცა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, თუ როგორ ითამაშებს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, რომელსაც ჯგუფში პორტუგალია, ბელგია და ნიდერლანდები ჰყავს.

საქართველოს ძირითად ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელებიდან 7-ს 21-წლამდე გუნდში თამაში შეუძლია. თუმცა, ჯერ ცნობილი არაა, თუ ვინ დაეხმარება ახალგაზრდულ გუნდს ეროვნული ნაკრებიდან. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ევროპოპი საქართველოს U21 ნაკრების მთავარ მწვრთნელ რამაზ სვანაძეს ესაუბრა.

Europop: პირველ რიგში გკითხავთ, როგორია გაფართოებულ სიაში მყოფი ფეხბურთელების ჯანმრთელობა? ვინმე ხომ არ გამოაკლდა ჩამონათვალს?

რამაზ სვანაძე: ამ ეტაპზე, ყველა ჯანმრთელადაა. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანი სიაა, როგორც ჩვენთვის, ისე თითოეული ფეხბურთელისთვის, რომელიც აქ მოხვდა. თუ ისე მოხდა, რომ სატურნირო შემადგენლობიდან ვინმე გამოგვაკლდა, მის შემცვლელს ამ გაფართოებული სიიდან ავარჩევთ.

Europop: როგორ შეთანხმდით ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბთან, თუ რომელი ფეხბურთელი ითამაშებდა U21 და ვინ ეროვნულ გუნდში?

სვანაძე: ვილი სანიოლმაც გააჟღერა პრესკონფერენციაზე და მეც გავიმეორებ, როგორც სხვა გუნდების შემთხვევაში მოხდა, ჩვენც დავსხედით, ვიმსჯელეთ და საბოლოოდ მივიღეთ ის ვარიანტი, რომ ეროვნული გუნდის 4 მოთამაშე - წიტაიშვილი, საზონოვი, მექვაბიშვილი და სიგუა ევროპის ჩემპიონატისთვის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად მოემზადებიან, ხოლო დანარჩენები შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ დაგვემატებიან, თუმცა, ზუსტად ვინ იქნება, ეს მოგვიანებით დაკონკრეტდება. ამ ეტაპზე მეტი გარკვეული არაფერია.


Europop: ალბათ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თავდასხმის ხაზში შევსებაა, რადგან თუ ნაკრები წინა შეხვედრებში 2, 3 და 4 გოლს იტანდა, ბოლო 5 მატჩში 1 ბურთზე მეტი ვერ გავიტანეთ…

სვანაძე: ჩვენი მოსამზადებელი პროცესი ორ ნაწილად შეიძლება დავყოთ. როცა ჩემპიონატისთვის მზადება დავიწყეთ, პირველი წელიწადნახევარი ძალიან კარგი იყო, როგორც შედეგები, ისე თამაშის ხარისხი. ბოლო შეკრებების დროს კი უკვე დიდი როტაციის პირობებში თამაში გვიწევდა, რადგან ჩვენგან ეროვნულ ნაკრებში წასული ფეხბურთელების რიცხვი, სულ მცირე, გაორმაგდა. ეს ფაქტი გვახარებს, რადგან ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი ფუნქცია ის არის, რომ ჩვენი სწორი მუშაობის შედეგად მოთამაშეები ეროვნულ გუნდში დაწინაურდნენ.

ძირითადი ნაკრების ბოლო შეკრებაზე გამოძახებული ფეხბურთელებიდან 11 იყო ისეთი, ვისაც U21 გუნდში თამაშის უფლება აქვს. ამას ტრავმები და როტაცია დაემატა, მაგრამ გოლების სიმცირის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა. ბოლო პერიოდში ვეთამაშეთ ევროპის ჩემპიონატის მონაწილე სამ ნაკრებს (პორტუგალია, უკრაინა, ისრაელი), ასევე თურქეთის ძლიერ გუნდს, ცუდად არ გამოვიყურებოდით, მაგრამ მცირე ჩავარდნები გვქონდა. მოსალოდნელი იყო ეს ჩავარდნა და შეტევაში პრობლემები უფრო გუნდური ხარვეზები იყო, ვიდრე მხოლოდ თავდასხმის ხაზის. რაც იყო, ამას ვერ შევცვლით, მთავარია ახლა ევროპის ჩემპიონატზე კარგად ვითამაშოთ, რაც გასაკეთებელია, გავაკეთოთ და თავი კარგად წარმოვაჩინოთ.

Europop: მცირე დროში, ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშის შანსი ძალიან ბევრ ფეხბურთელს მიეცით. ახლაც, გაფართოებულ სიაში ვხედავთ ისეთ სახელებს, რომლებსაც აქამდე არცერთ ასაკობრივ ნაკრებში უთამაშიათ. თქვენთვის, მწვრთნელისთვის, რამდენად რთულია ასეთ გამოწვევასთან გამკლავება და ამავე დროს, რამდენად სასიამოვნოა, გქონდეთ გარკვეული არჩევანის გაკეთების საშუალება და მიიწვიოთ ახალი ფეხბურთელები გუნდში?

სვანაძე: საიდუმლო არ არის, რომ ნაკრებში მუშაობის სპეციფიკა კლუბში მუშაობისაგან სრულად განსხვავდება და გაცილებით რთულია. განსაკუთრებით, შემჭიდროებულ დროში ეფექტიანად შრომაა ძალიან ძნელი. მაგრამ, წინ ძალიან დიდი საფეხბურთო ზეიმი გველოდება და გვინდა, რომ მაქსიმალურად ბევრმა ფეხბურთელმა, რომელმაც თავის გამოჩენა შეძლო, იგრძნოს, რომ ამ ზეიმის ნაწილია. გასაგებია, რომ ამ 35 მოთამაშიდან, საბოლოოდ, ევროპის ჩემპიონატის სიაში 23 დარჩება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ 35-ვე ფეხბურთელმა საკუთარი სახელი და გვარი წაიკითხოს იქ, მოტივაცია მიეცეს, იგრძნოს, რომ მისი შრომა ფასდება. ამ სიაში ის მოთამაშეები მოხვდნენ, რომლებიც ბოლო თვენახევრის მანძილზე კარგ ფეხბურთს აჩვენებდნენ და მათი დამსახურებაა, რომ ევროპის ჩემპიონატზე თამაშის კანდიდატები არიან. იყო სხვა ვარიანტებიც, თუმცა მოთამაშეთა ნაწილი ტრავმის, ხოლო ნაწილი სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ მოხვდა ამ სიაში. თუმცა, ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს მხოლოდ ასაკობრივი ნაკრებია, მათი კარიერა ახლა იწყება და აქ ვერ მოხვედრით არაფერი სრულდება, ყველაფერი წინ აქვთ.

Europop: ახალგაზრდულ ნაკრებს ჰყავს ბირთვი, რომელმაც მოსამზადებელი ეტაპი გაიარა. ეროვნული ნაკრებიდან შევსება უხერხულობას ხომ არ შექმნის - ხომ არ ჩაითვლება, რომ ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატზე თამაში დაიმსახურეს, დაიჩაგრებიან?

სვანაძე: ძირითადი ბირთვი ნაკრებში წლებია გვყავს და თუ ვინმეს ტრავმა არ ექნება, ამ ბირთვის დაშლას არ ვაპირებთ. მიუხედავად იმისა, რომ მატჩებში ძალიან ბევრი ფეხბურთელი გამოვცადეთ, ძირითადი ბირთვი მაინც გამოკვეთილი იყო და მათი ძალიან დიდი იმედი გვაქვს. ერთად დიდი გზა გამოვიარეთ და შეთამაშების ხარისხიც მაღალ დონეზე აქვთ. ამის პარალელურად, განსხვავებული მოცემულობა გვაქვს: ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე ვთამაშობთ. ამ შეჯიბრების მონაწილე ნაკრების განაცხადებს თუ გადაავლებთ თვალს, ყველგან მსგავსი სიტუაციაა: ეროვნული გუნდის ფეხბურთელებით ყველა გაძლიერდა. აქ სულ სხვა დატვირთვის თამაშები გვაქვს, სულ სხვა ზეწოლაა ფეხბურთელებზე, სტადიონებზეც განსხვავებული ატმოსფერო იქნება. ამიტომ, ძალიან დაგვჭირდებიან ის გამოცდილი მოთამაშეები, რომლებიც ამჟამად ეროვნულ ნაკრებში არიან. ვფიქრობ, რომ მათი U21 გუნდში თამაშით, ძირითადი ბირთვის წევრები არათუ დაიჩაგრებიან, პირიქით, უფრო მეტად გამოჩნდებიან.

ეროვნული ნაკრების ამჟამინდელ სიაში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომლებსაც ჩვენთან ერთად უფრო მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული და შეთამაშებისა და სისტემაში ჩაჯდომის პრობლემა არ ექნებათ. დანარჩენი ფეხბურთელების სათამაშო დონეზე საუბარიც ზედმეტია. ისინი ჩვენი ვარსკვლავები და იმედი არიან, მათი ჩართულობა ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

აუცილებელია, რომ იდეალური შერწყმა მოხდეს, ვგულისხმობ, ბირთვსა და იმ მოთამაშეებს, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე დასახმარებლად დაგვემატებიან. ცხადია, ვერაფერს გამოვრიცხავთ, მაგრამ ვეცდებით, რომ გულისწყვეტა ნაკლები იყოს, რადგან ეს ნაკრებია და როცა საქმე ქვეყანას ეხება, საუკეთესოებმა უნდა ითამაშონ. ჩემს განკარგულებაში მყოფი მოთამაშეებიდან, ვინც საუკეთესო ფორმაში იქნება, სწორედ ის გავა მოედანზე. ყველაფერს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ემატება: ჩვენ ყოველ მესამე დღეს ვთამაშობთ და შემადგენლობის სიღრმე აუცილებლად დაგვჭირდება. ფსიქოლოგიური და ფიზიკური დატვირთვების ხარისხიდან გამომდინარე, ორი ძლიერი შემადგენლობის ყოლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა მიზნის მიღწევა ერთიანი ძალებით ვცადოთ.

Europop: ფეხბურთელთა უთამაშებლობის პრობლემა რამდენად სერიოზულად დგას ევროპის ჩემპიონატის წინ?

სვანაძე: სიაში მყოფი 35 ფეხბურთელიდან სათამაშო პრაქტიკა აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს. არიან ფეხბურთელები, რომლებიც კლუბებში ბევრს ვერ თამაშობენ, მაგრამ წინასწარ არაფერი გვაქვს გადაწყვეტილი. ისინი შეკრებაზე ჩამოვლენ და საბოლოო გადაწყვეტილებას მათი სათამაშო ფორმით მივიღებთ.

Europop: ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების სამმა მეტოქემ შემადგენლობები დაასახელა. რა შთაბეჭდილება დაგრჩათ მათი განაცხადების ნახვის შემდეგ?

სვანაძე: სამივე ძალიან ძლიერი გუნდია, ცხადია, ახალს არაფერს ვამბობ. ჰყავთ წამყვანი საფეხბურთო ჩემპიონატებსა და ტოპკლუბებში მოთამაშე ფეხბურთელები. ველოდით, რომ ძლიერი გუნდები ეყოლებოდათ, ვიცოდით, რომ მოთამაშეებს ეროვნული ნაკრებებიდანაც დაიმატებდნენ. შესაძლოა, კონკრეტულ სახელებს არ ველოდით, მაგრამ სიძლიერის მხრივ, ასეთი მეტოქეები რომ გვეყოლება, არ გაგვკვირვებია. მოწინააღმდეგეებს ისეთი ფეხბურთელებიც ჰყავთ, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატზე იყვნენ. მაგრამ ეს ჩვენს მთავარ ამოცანას არ ცვლის: საქართველოს ნაკრებმა საკუთარი ფეხბურთი უნდა ითამაშოს. ასეთ ძლიერ მოწინააღმდეგეებთან რაღაცების დაგეგმვა რთულია, მაგრამ ყველა მატჩზე ჩვენი ფეხბურთის სათამაშოდ გავალთ. შედეგებს ყველა ერთად ვნახავთ.

Europop: ტურნირის გახსნით მატჩში ვხვდებით პორტუგალიის გუნდს, რომელთანაც საქართველოს U21 ნაკრებმა ამხანაგური შეხვედრა გასულ წელს ჩაატარა. ბიჭებმა მეტოქის სათამაშო დონე, არათუ იციან, იგრძნეს კიდეც. გამოცდილების, საშინაო კედლების გათვალისწინებით, რამდენად შესაძლებელია, რომ ტურნირის უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში ისეთი შედეგი მივიღოთ, რითაც თქვენც და გულშემატკივრებიც კმაყოფილები იქნებით?

სვანაძე: პორტუგალიასთან გამართული შეხვედრა ჩვენთვის ძალიან ბევრის მთქმელი და გაკვეთილი იყო. ამ მატჩის დაგეგმვისას იმაზე ვფიქრობდით, თუ როგორ ვითამაშებდით პორტუგალიის ფონზე. ეს ნაკრები ნებისმიერ ასაკობრივ ტურნირზე ერთ-ერთი ფავორიტია ხოლმე, ამიტომ გვაინტერესებდა, როგორ იმოქმედებდნენ ჩვენი ფეხბურთელები მათ წინააღმდეგ. ისიც გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ნაკრების იმ შემადგენლობიდან, ვინც პორტუგალიაში ითამაშა, მხოლოდ 3 ლეგიონერი იყო, დანარჩენი ყველა ეროვნულ ჩემპიონატში გამოდიოდა. იმ მატჩიდან ბევრი რამ გამოჩნდა, ბევრი რამ ვისწავლეთ და გვინდა, მომავალი დაპირისპირებისთვის იქ მიღებული გამოცდილებით მოვემზადოთ. ნებისმიერ შემთხვევაში რთული თამაში იქნება, მაგრამ დიდი სცენა და შანსი გვაქვს, რომ გავიდეთ, ვითამაშოთ, საკუთარი თავი და ქვეყანა კარგად წარმოვაჩინოთ. ყველაფერი ამ დადებითი განწყობისკენ არის მიმართული. ასეთ შეხვედრებს უმცირესი დეტალები იგებს და იდეალური მატჩის ჩატარება მოგვიწევს. მაქსიმალურად უნდა გამორიცხოთ ინდივიდუალური შეცდომები.


Europop: როცა საქართველოში U19 ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა, რამდენიმე ფეხბურთელმა თქვა, რომ სავსე ტრიბუნების წინაშე თამაშს მიჩვეულები არ იყვნენ და ძალიან გაუჭირდათ. რამდენად არიან მზად თქვენი მოთამაშეები, რომ სტადიონზე მისული ფანები ენერგიის დამატებით წყაროდ მიიღონ და არა ზეწოლად?

სვანაძე: იმით უნდა დავიწყოთ, რომ ჩვენს სიაში მყოფი ფეხბურთელებიდან, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატში გამოდიან, გარკვეული ნაწილი მართლაც არ არის მიჩვეული ამხელა პასუხისმგებლობების პირობებში თამაშს. ეს ფაქტია, ვერ გავექცევით და მოთამაშეებისგან მეც მსმენია ასეთი ფრაზები. თუმცა, ის არის გასაანალიზებელი, რომ დიდი პასუხისმგებლობისა და წნეხის გარეშე თამაშით ფეხბურთელი ვერ განვითარდება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ზეწოლა და პასუხისმგებლობა ჩვენს კოზირად ვაქციოთ. ეს შიდა სამუშაო თემაა, მოთამაშეებმაც საკუთარ თავთან ბევრი უნდა იმუშაონ, რადგან ჩვენ გულშემატკივრის დახმარება აუცილებლად დაგვჭირდება. თუ ტრიბუნიდან წამოსულ მუხტს საჩვენოდ გამოვიყენებთ, წარმატების მიღწევის შანსი გაცილებით დიდი გვექნება.

Europop: როცა საქმე ნაკრებს ეხება, კონკრეტულ ფეხბურთელზე აქცენტის გაკეთება, ხშირად არასწორია. მაგრამ ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბარს ვერ გავექცევით, რადგან ის ძალიან მნიშვნელოვან ფიგურად იქცა, როგორც საქართველოს ნაკრებისთვის, ისე მთლიანად ქვეყნისთვის. რამდენად მნიშვნელოვანი იქნება თქვენთვის, მწვრთნელისთვის და მოთამაშეებისთვისაც, რომ ხვიჩამ ჯგუფური ეტაპის ბოლო 2 ტურის შეხვედრებში მონაწილეობა მიიღოს?

სვანაძე: პირველ რიგში, ხვიჩას მსოფლიოს ერთ-ერთ ტოპჩემპიონატში წარმოუდგენელი სტარტი მინდა მივულოცო. მისით მთელი ქვეყანა ვამაყობთ და რაც მთავარია, ის ამ ყველაფერს იმსახურებს - დარწმუნებული ვარ, ეს მხოლოდ დასაწყისია და წინ ძალიან დიდი გამარჯვებები ელოდება. აქვე, ახალგაზრდული ნაკრების გაფართოებულ სიაში მყოფ სხვა მოთამაშეებსაც მინდა მივულოცო წარმატებები: ირაკლი აზაროვმა სერბეთში ჩემპიონატი და თასი მოიგო, გიორგი გოჩოლეიშვილმა სეზონი ტიტულით დაასრულა, გიორგი მიქაუტაძეს ფანტასტიკური სეზონი ჰქონდა, ზურიკო დავითაშვილს კარგი წელი გამოუვიდა.

რაც შეეხება უშუალოდ ხვიჩას, ზედმეტიცაა იმაზე საუბარი, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ის, არამხოლოდ ჩვენი ნაკრებებისთვის, არამედ თავისი კლუბისთვისაც. ამაზე შორს ახლა არ მინდა წავიდე და მოვლენებს წინ გავუსწრო. რა და როგორ იქნება, ამას ყველა ძალიან მალე შევიტყობთ.

Europop: სპეციალურად არ გკითხავთ, თუ რა მიზნები ექნება თქვენ გუნდს ევროპის ჩემპიონატზე, მხოლოდ ის გვითხარით, რას უნდა ელოდეს გულშემატკივარი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისგან?

სვანაძე: მაყურებელი ჩვენგან მაქსიმალურ თავდადებას უნდა ელოდეს. ეს გუნდი ბოლომდე დაიხარჯება, საკუთარ ფიზიკურ ძალებსაც გადააბიჯებს, რათა მივიღოთ ის, რისთვისაც ამდენი ხანი თავდაუზოგავად ვემზადებოდით. რაც გაგვაჩნია, ყველაფერს გავიღებთ, რათა საკუთარი თავი და ქვეყანა ღირსეულად წარმოვაჩინოთ.

საქართველოს U21 ნაკრები ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩს თბილისში, ეროვნულ სტადიონზე გამართავს. 21 ივნისს ქართველი ფეხბურთელები პორტუგალიას შეხვდებიან, 24 ივნისს - ბელგიას, ხოლო ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს ნიდერლანდების წინააღმდეგ 27 ივნისს ჩაატარებენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები