Thumbnail
  • შოთა არველაძე, შესაძლოა, ფატიჰ კარაგუმრუკის მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს
  • ქართველი სპეციალისტი ინგლისური ჰალიდან დათხოვნის შემდეგ უმუშევარია

თურქული მედიის ინფორმაციით, შოთა არველაძე ადგილობრივ სუპერლიგაში ბრუნდება და მალე  ფატიჰ კარაგუმრუკს ჩაიბარებს. როგორც Fanatik წერს, მას მერე, რაც თანამდებობიდან ანდრეა პირლო დაითხოვა, ფატიჰის სიაში პირველი სწორედ ქართველი მწვრთნელია:

"შავ-წითლებმა ანდრეა პირლოს წასვლის შემდეგ, მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად ასისტენტი ალპარსლან ერდემი დანიშნეს, თუმცა, ეს დროებითი ამბავია. კლუბს ახალი სეზონისთვის შოთა არველაძის დანიშვნა სურს და როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, მასთან პირველი კონტაქტი საკმაოდ ნაყოფიერი იყო. შოთასთან ოფიციალური მოლაპარაკებები არ დაწყებულა, თუმცა, გარკვეული საფუძველი უკვე ჩაყრილია".

ანდრეა პირლომ სტამბოლური გუნდი გასული წლის ივნისში ჩაიბარა, თუმცა, წარმატებული პერიოდი არ ჰქონია და კატრაგუმრუკი თურქეთის ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე დატოვა, მაშინ, როდესაც კლუბი მე-9 ადგილზე იყო (საბოლოოდ, მე-7 ადგილზე გავიდა). თურქები მის შემცვლელად ფილიპო ინძაგისაც მოიზარებდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, ახლა არველაძეც გადაერთვნენ.

შოთა არველაძე ბოლოს ინგლისურ ჰალ სიტიში მუშაობდა

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ფატიჰ კარაგუმრუკის რიგებში იჯარის წესით (ჰატაისპორიდან გაანათხოვრეს)  საბა ლობჟანიძე თამაშობდა. ქართველმა ნახევარმცველმა პირლოს ხელმძღვანელობით თურქეთის სუპერლიგაში 7 მატჩი ჩაატარა, მათ შორის 5 ძირითად შემადგენლობაში დაიწყო.

50 წლის არველაძე საქართველოს ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია (61 მატჩი, 26 გოლი). მან სამწვრთნელო საქმიანობა ნიდერლანდურ აზ ალკმაარში ლუი ვან გაალის ასისტენტად დაიწყო, რის შემდეგაც თურქულ კლუბებს კაისერისპორს, კასიმპაშასა და ტრაბზონსპორს (2015/16 წლების სეზონში 11 მატჩში უხელმძღვანელა, საიდანაც 4 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 5 დათმო) წვრთნიდა.

შოთამ იმუშავა თელ ავივის მაკაბისა და ტაშკენტის პახთაქორშიც, მისი ბოლო გუნდი კი ინგლისის ჩემპიონშიპის ჰალ სიტი იყო, რომელიც 2022 წლის დასაწყისში ჩაიბარა და იმავე წლის სექტემბერში, არადაკმაყოფილებელი შედეგების გამო დაემშვიდობა.

კომენტარები

ბოლო ამბები