Thumbnail

ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე, რომელშიც ერთმანეთს მანჩესტერ სიტი და მილანის ინტერი დაუპირისპირდებიან, იტალიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ პრესკონფერენცია გამართა. ინძაგის თქმით, იცის, რომ მეტოქე ფავორიტია, მაგრამ ინტერი გაჩერებას არ აპირებს და ეცდება, რომ გაიმარჯვოს:

"მშვენიერი განცდაა აქ ყოფნა. ვტკბებით იმით, რაც გავაკეთეთ, მაგრამ გაჩერება არ გვინდა. ფინალს საუკეთესოდ ვითამაშებთ. ნორმალურია, რომ მანჩესტერ სიტი ფავორიტია, მსოფლიოს საუკეთესო გუნდია და ეს ბევრჯერ დაამტკიცა, მაგრამ 11 ფეხბურთელი 11-ის წინააღმდეგ ითამაშებს. აქ ყოფნა დავიმსახურეთ. საჭირო იქნება გულით და გონებით თამაში, მაშინაც კი, როცა სირთულეები იქნება".

"ნერაძურის" თავკაცმა ხაზი გაუსვა ერთიანობის მნიშვნელობასაც. ეს მთავარია, რასაც ის მისი გუნდისგან ითხოვს:

"დიდი შესაძლებლობა გვაქვს, რომ ჩვენი კლუბის ისტორია დავწეროთ. ეს ძალიან რთული იქნება, მაგრამ ერთად ვეცდებით. სწორედ სიტყვა "ერთად" არის ის, რამაც აქამდე მოგვიყვანა. ვიცით, რას წარმოადგენს ინტერი ჩვენი ტიფოზებისთვის, რომლებსაც მარტო არასდროს დავუტოვებივართ. მხითარიანი? უკეთაა, მაგრამ 100%-ით მზად არ არის, ამიტომ უნდა გადავწყვიტო, თავიდან ითამაშოს თუ მეორე ტაიმში".

სიმონემ ერლინგ ჰაალანდის შესახებაც ისაუბრა და იტალიური გუნდების წაგებულ ფინალებზეც ევროთასების მიმდინარე სეზონში:

"ვიცით, სიტის და ჰაალანდის ძალა. ის გუნდურად უნდა შევზღუდოთ, როგორც - მთელი სიტი. მეტოქეს მყარი დაცვის ხაზი ჰყავს, რომელმაც ძალიან ცოტა გოლი გაუშვა. პენალტებისთვის მზად ვართ, ამაზე მთელი სეზონია ვვარჯიშობთ და დღესაც ვივარჯიშებთ. რომასა და ფიორენტინას დამარცხების შემდეგ, იტალიური ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი იქნება თუ ჩვენ გავიმარჯვებთ. ძალიან ვწუხვარ მათ გამო, რადგან ფინალში ორივემ შესანიშნავად ითამაშა. ნებისმიერ შემთხვევაში, სამი გუნდით ევროთასების ფინალში გასვლა კარგი ნიშანია".

ჩალჰანოღლუ, ლაუტარო და დარმიანი პრესკონფერენციაზე

პრესკონფერენციაზე ასევე იყვნენ მატეო დარმიანი, ლაუტარო მარტინესი და ჰაკან ჩალჰანოღლუ. იტალიელმა, არგენტინელმა და თურქმა ფეხბურთელებმა ფინალის შემდეგი თქვეს:

ჰაკან ჩალჰანოღლუ: "ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ამ ფინალს ჩემს ქვეყანაში ვითამაშებ. ჩემთვის განსაკუთრებული მატჩია, მინდა ვისიამოვნო ამ მომენტით და ყველაფერი გავიღო. ზეწოლას არ ვგრძნობ, თავდაჯერებული ვარ. სიტიში არის გიუნდოგანი, რომელსაც პატივს ვცემ, მაგრამ ჩემგან განსხვავებით ის გერმანიის ნაკრებში თამაშობს. ვფიქრობ, თურქი ხალხისთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ მე მოვიგო, რადგან თურქეთს წარმოვადგენ".

მატეო დარმიანი: "რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მატჩი იქნება, გარდა იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალია, მანჩესტერ იუნაიტედში ვთამაშობდი და სიტის წინააღმდეგ თამაში დამატებითი მოტივაციაა. ცხადია, ყველაფერს გავაკეთებთ, კლუბისთვის, პერსონალისთვის, ტიფოზებისთვის და ჩვენთვის. გულით და თავგანწირვით ვითამაშებთ, რაც განმსაზღვრელი ფაქტორები იქნება".

ლაუტარო მარტინესი: "მსოფლიოს ჩემპიონობის შემდეგ ეს ფინალი? ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ფინალია, რომელშიც თამაში ფეხბურთელს შეუძლია. ერთადერთი, რაც იცვლება, მაისურია. აქამდე მთელი სეზონის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს წყალობით მოვედით, ბოლო ნაბიჯთან ვართ და ამ მატჩისთვის მზად უნდა ვიყოთ".

შეგახსენებთ, რომ ინტერს ჩემპიონთა თასი/ლიგა 3-ჯერ აქვს მოგებული, მაგრამ მას შემდეგ, რაც ტურნირს ჩემპიონთა ლიგა ეწოდა, ფინალში სულ რაღაც მეორედაა. მანჩესტერ სიტისთვისაც მეორე ფინალია, მაგრამ ინგლისურ გუნდს ეს ტურნირი არასდროს მოუგია.

კომენტარები

ბოლო ამბები